რამდენს ხარჯავენ ქართველები საქართველოში დასვენებაზე

გამოკითხულთა ყველაზე მეტი 43% წელიწადში ერთხელ ახერხებს დასვენებას.საკმაოდ დიდი რაოდენობა 20% კი - დასვენებას საერთოდ ვერ ახერხებს, აქედან ყველაზე მეტი - 46% 65 წელს ზევით რესპოდენტები არიან. ამის შესახებ „ეისითის“ მიერ ჩატარებულ კვლევაშია აღნიშნული.

როგორც კვლევაშია აღნიშნული, საქართველოს ფარგლებში დასასვენებლად ვერ წასვლის მიზეზებს შორის ყველაზე აქტუალური ფულის უქონლობა აღმოჩნდა. კერძოდ, ამ მიზეზს გამოკითხულთა 63% ასახელებს, მას მოსდევს დროის უქონლობა 37%-ით.

„დროის უქონლობის გამო დასვენებას ყველაზე მეტად 35-44 წლის გამოკითხული პირები; ფულის უქონლობის გამო კი, 65 წელს ზევით რესპოდენტები ვერ ახერხებენ.

აქვე აღსანიშნავია, რომ დროის უქონლობის გამო, უფრო მეტად კაცები ვერ ახერხებენ დასვენებლად წასვლას, ვიდრე ქალები, ხოლო ფულის უქონლობა ქალებს მეტად აბრკოლებს, ვიდრე კაცებს.

იმ რესპოდენტთა უმეტესობა - 55%, ვინც დასვენებას ახერხებს, უპირატესობას საზღვაო კურორტებს ანიჭებს, თითქმის ამდენადვე პოპულარულია სამთო კურორტები, რომლებსაც გამოკითხულთა 44% სტუმრობს. საკუთარ, ან მეგობარის/ახლობლის სოფელს სტუმრობს გამოკითხულთა 36%, მათ შორის ყველაზე ხშირად 65 წელს ზევით რესპოდენტები (60%).

როგორც აღმოჩნდა, უმეტესობისთვის 94%-სთვის დასვენებისთვის ყველაზე ოპტიმალური დრო ზაფხულია. ამ მხრივ გენდერული და ასაკობრივი სხვაობები არ გამოვლენილა,“-აღნიშნულია კვლევაში.

ამასთან, კვლევის თანახმად, გამოკითხულთა ყველაზე მეტი 41% წლის განმავლობაში საშუალოდ 500-დან 1 000 ლარამდე ხარჯავენ დასვენებისთვის. 500 ლარამდე ბიუჯეტს იმყოფინებს გამოკითხულთა 28%.

„დასვენებისთვის საჭირო ბიუჯეტს საქართველოს ფარგლებში დამსვენებელთა 55% მთელი წლის განმავლობაში აგროვებს. 25%-ს საერთოდ არ სჭირდება ფულის დაზოგვა დასვენებისთვის და მათ შორის უფრო მეტად კაცებს, ვიდრე ქალებს. დამსვენებელთა 8%-ს კი საბანკო სესხის, ან განვადების გაკეთება უწევს დასასვენებლად საჭირო თანხის შესაგროვებლად,“-ნათქვამია კვლევაში.