ელექტროავტობუსების მწარმოებელი ქარხანა სავარაუდოდ, თბილისში აშენდება - რა ტერიტორიები განიხილება პროექტისთვის?

„ელექტროავტობუსების ტესტირების პროცესმა წარმატებით ჩაიარა,“-აღნიშნა კომპანია „ფრეგობასის“ დირექტორმა მურმან პატარაიამ.მისივე თქმით, ახლა ჯერი იმაზეა, რომ სახელმწიფოსთან გაფორმდეს მემორანდუმი, რის შემდეგაც ქარხნის მშენებლობის დაწყებას შეძლებენ. 

„მერიასთან კონსულტაციები მიმდინარეობს და ასე ვთქვათ, მოლოდინის რეჟიმში ვართ. მემორანდუმის გაფორმების შემთხვევაში, ეს ქარხანა სავარაუდოდ, დედაქალაქში აშენდება. 2-3 ლოკაციაზეა საუბარი, მათ შორის, დიღმისა და აეროპორტის მიმართულებით. ვადებს რაც შეეხება, ქარხნის მშენებლობა რამდენიმე თვე დასჭირდება. შეიძლება ითქვას, რომ თუ პროექტი ახლა დავიწყეთ, 2019 წელს უკვე გვექნება საქართველოში წარმოებული ელექტროავტობუსები,“-აღნიშნა პატარაიამ.

აღსანიშნავია, რომ საქართველოში წარმოებული ელექტროავტობუსები ექსპორტზე ევროპაშიც გავა. როგორც პატარაიამ აღნიშნა, ხელშეკრულებები ჯერ არ გაფორმებულა, თუმცა რამდენიმე ქვეყანასთან მიდის მოლაპარაკებები.

„ფაქტობრივად, ქარხნის მშენებელობის დაწყებას ელოდებიან. ამ ეტაპზე მოლაპარაკებები გვაქვს დანიასთან, შვედეთთან და ნორვეგიასთან. გარდა ამისა, თითქმის გადაწყვეტილია საქართველოში წარმოებული ელექტროავტობუსების მიწოდება გერმანიის, შვეიცარიის, ჩეხეთისა და ავსტრიისთვის,“-აცხადებს პატარაია.

საქართველოში ელექტროავტობუსების წარმოებისთვის, დაახლოებით 30-40 მილიონი ლარის ოდენობის ინვესტიციის განხორციელება იგეგმება. ამასთან, არსებული ინფორმაციით, საქართველოში ელექტროავტობუსების მწარმოებელ ქარხანაში, სადაც 200-მდე ადამიანი დასაქმდება, თვეში 200-300 ავტობუსის წარმოება იქნება შესაძლებელი.

ცნობისთვის, ელექტროავტობუსების წარმოებისთვის „ფრეგობასმა“ ჩინურ კორპორაცია ZTE Corporation-სთან და გერმანულ EURABUS-თან ერთად კონსორციუმი შექმნა და მემორანდუმსაც მოაწერა ხელი. საქართველოში წარმოებული ელექტროავტობუსების ევროკავშირში ექსპორტს გერმანული კომპანია EURABUS-ი უზრუნველყოფს. მანამდე კი, კომპანია „ფრეგობასმა“ ზუსტად ისეთი ელექტროავტობუსი ჩამოიყვანა თბილისში, რომელთა წარმოებაც ამ ქარხანაში მოხდება. აღნიშნული ელექტროავტობუსი ტესტირების ფარგლებში, დაახლოებით, ერთი თვის განმავლობაში თბილისში სხვადასხვა ხაზზე მოძრაობდა და მოსახლეობას ემსახურებოდა.