ქალაქის ტერიტორიაზე უცხოურმა საკონსულტაციო კომპანიამ შეარჩია 4 ადგილი, სადაც იგეგმება მრავალდონიანი მიწისქვეშა ავტოსადგომის აშენება.ეს ადგილებია: გეგეშიძის ბაღის მიმდებარედ - 175-ადგილიანი, ვარკეთილის მეტროს მიმდებარედ - 70-ადგილიანი, რკინიგზის სადგურის მიმდებარედ - 470-ადგილიანი და ფილარმონიის მიმდებარედ 183-ადგილიანი მიწისქვეშა მრავალდონიანი ავტოსადგომები. მაგრამ პარკირების არსებულ სისტემაში ამ ღონისძიებას ეფექტი არ ექნება. სატრანსპორტო ინჟინერიის სპეციალისტების გაანგარიშებით, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ქალაქებში მოძრავი ავტომობილების 30% ეძებს პარკირების ადგილს. ანალოგიური გაანგარიშება თბილისისთვის არ გვაქვს, თუმცა ეს ციფრი აღნიშნულ მაჩვენებელზე ნაკლები არ იქნება
"სითი პარკის" ბაზრიდან ჩაჩოჩებას მძღოლების ნაწილი სიხარულით შეხვდა, მეორე ნაწილმა კი, საქმე ისე მიდის, "სითი პარკი" სანატრელი გაგვიხდაო.
ამ ორიდან რომელი აღმოჩნდება მართალი, მომავალში გამოჩნდება. ყველა გაფაციცებული ელის, რა ცვლილებები შევა დედაქალაქის ახალ მიწათსარგებლობის გენგეგმაში. სანამ თბილისის გენგეგმა დღის სინათლეს იხილავს, მანამდე, გენგეგმის სწორედ ამ ნაწილის ავტორს, ურბანული ტრანსპორტის ექსპერტ გიორგი ესაკიას ვესაუბრეთ:
- პარკირება საჯარო სერვისია და არ შეიძლება საჯარო სივრცეებით სარგებლობის წესების დარღვევაზე ჯარიმები კერძო კომპანიამ ამოიღოს. მას შემდეგ, რაც დედაქალაქის ადმინისტრაციამ "სითი პარკთან" ხელშეკრულება გაწყვიტა, პარკირების ოპერირებას თბილისის სატრანსპორტო კომპანია, მერიას დაქვემდებარებული შპს ახდენს. დროებით თუ მუდმივად, ამაზე არაფერია ნათქვამი.
- ჯერჯერობით მხოლოდ ჯარიმების ამომღები კომპანიის სახელია შეცვლილი, თორემ სხვა ცვლილებას ვერ ვხედავთ.
- მთავარი მიდგომის ცვლილებაა. გენგეგმაში პარკირების ჩემი კონცეფცია შევიდა. მის დამტკიცებას უნდა მოჰყვეს სატრანსპორტო მასტერპლანის შექმნა - როგორ უნდა იყოს ორგანიზებული ქალაქში ტრანსპორტის მოძრაობა. მეორე პრობლემა მიკროავტობუსებისა და ტაქსების უსისტემო მუშაობაა (ოფიციალური ინფორმაციით, ტაქსები ახლო მომავალში რეგულირებას დაექვემდებარება). არასწორად დაგეგმილი მიკროავტობუსების მარშრუტები, მგზავრთა მომსახურების დაბალი ხარისხი და მოძრაობის წესების დარღვევაა საცობების შექმნის მიზეზი.- როდესაც ქალაქში ყვითელი სამარშრუტო ტაქსები შემოვიდა, მაშინ მძღოლებმა დადეს კონტრაქტი, რომ შეეძლოთ ისინი გამოესყიდათ. ბევრი ასეც მოიქცა. ახლა ლაპარაკია, რომ სამარშრუტო ტაქსები შესაცვლელია თანამედროვე ავტობუსებით...
- გარკვეულწილად, წამგებიან მდგომარეობაში არიან ყვითელი მიკროავტობუსების მძღოლები, თუმცა სხვა გამოსავალი არ არის. მგზავრთა მომსახურება კრიტიკას ვერ უძლებს, ამასთან, მგზავრთტევადობითაც მნიშვნელოვნად ჩამორჩება ავტობუსს.- ყოველდღიურად რამდენი ავტომანქანა დადის დედაქალაქში და რამდენი ადგილია პარკირებისთვის გამოყოფილი?
- დღეში საშუალოდ 400-500 ათასი მანქანა მოძრაობს თბილისში, პარკირებისთვის კი 35 ათასი ადგილია გამოყოფილი (საჯარო სივრცეს ვგულისხმობ).- გამოდის, 1 ადგილზე 11-14 ავტომანქანა მოდის...
- არც ერთ განვითარებულ ქვეყანაში არ არის გამოყოფილი პარკირებისთვის იმდენივე ადგილი, რამდენი ავტომობილიც დადის ქალაქში. მნიშვნელოვანია პარკირების სატარიფო პოლიტიკის შემუშავება. დაუშვებელია პარკირების საფასური ერთნაირი იყოს ქალაქის მთელ ტერიტორიაზე, ვთქვათ, ლილოშიც და ვაკეშიც. აუცილებელია დიფერენციაცია. დედაქალაქის ცენტრში დღის განმავლობაში პარკირებისთვის მძღოლი მიზერულ თანხას იხდის. დღეს არსებული პარკირების წლიური საფასური, 50 ლარი რომ გავყოთ 365 დღეზე, დაახლოებით 13 თეთრს მივიღებთ. სხვა ქვეყნებში შერეული სატარიფო სისტემაა, რომელიც მოიცავს ცენტრალურ და შუალედურ ზონებში, უბნებში სოლიდურ ფიქსირებულ გადასახადს, ან დიფერენცირებას დროის მიხედვით.გადასახადი პარკირებისთვის... (სად რამდენს იხდიან პარკინგში)
- პირველი ფასიანი ავტოსადგომი 1934 წელს აშშ-ში, კალიფორნიის შტატში, ქალაქ სან-ფრანცისკოში გაჩნდა. დღეს ამ ქალაქის ნაკლებად დატვირთულ ქუჩებზე 1-საათიანი პარკირებისთვის 25 ცენტს იხდიან, ხოლო გადატვირთულ ქუჩებზე - 7 დოლარს.
- ავტომფლობელთათვის ყველაზე ძვირი ევროპული ქალაქი ლონდონია. ქალაქში ერთსაათიანი პარკინგი 1,7 გირვანქა სტერლინგი ღირს. არის ქუჩები, სადაც პარკირებისთვის საათში 4,9 გირვანქა სტერლინგია დაწესებული, ამასთან, განსაზღვრულია დროც - მანქანის გაჩერება მხოლოდ 2 საათით არის შესაძლებელი. კერძო მიწისქვეშა ავტოფარეხებში პარკირება 1 საათით 10-17 გირვანქა ღირს.
- ძნელი და ძვირია მანქანის გაჩერება რომშიც - 1 საათი - 7 ევრო ღირს.
- ავსტრიის დედაქალაქში 1-საათიანი პარკინგის ფასი 1-დან 17 ევრომდე მერყეობს. ფასი იმაზეა დამოკიდებული, თუ რომელ უბანში აჩერებთ მანქანას.
- ბერლინში პარკირების გადასახადი 2 ევროა, თუმცა მკაცრად არის განსაზღვრული პარკირების ხანგრძლივობა - 2 საათზე დიდხანს პარკირებისთვის 10-დან 30 ევრომდე ჯარიმაა დაწესებული.
- იაპონიაში ძვირია პარკირების გადასახადი - ერთი საათით გაჩერება 1,8-დან 9,5 დოლარამდე ღირს. ყველა რაიონს პარკირების სხვადასხვა საფასური აქვს.
იხილეთ სრულად გაზეთ "კვირის პალიტრის" 25 ივნისის ნომერში