ეკონომიკის სამინისტროს ცნობით, მარჯვენასაჭიანი ავტომობილები პერიოდულ ტექნიკურ ინსპექტირებას ისევე გაივლიან, როგორც სხვა ტიპის ავტოსატრანსპორტო საშუალებები.თუმცა, აღსანიშნავია, რომ არის დეტალები რისი მოწესრიგებაც მარჯვენასაჭიან ავტომობილის მძღოლებს ტექნიკური ინსპექტირების ცენტრში მისვლამდე მოეთხოვებათ. მათ შორის, აუცილებელია მაშუქები, ანუ ფარები მოიყვანონ წესრიგში, რათა შემხვედრ ავტომობილს ხელი არ შეუშალონ.
კერძოდ, როგორც ცნობილია მარჯვენასაჭიანი ავტომობილების ფარების დახრა მარცხნივ არის მიმართული. შესაბამისად, მოძრაობის დროს საფრთხეს უქმნის შემხვედრ ავტომობილს. შესაბამისად, მარჯვენასაჭიანი ტიპის სატრანსპორტო საშუალებების მქონე მძღოლებს მოუწევთ ფარების გამოცვლა ან სპეციალური სტიკერების გამოყენებით, ფარების განათების კუთხის შეცვლა.
„ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა თუ როგორი სტიკერები გამოიყენება ამ მიზნით და რა ფასად არის მათი შეძენა შესაძლებელი. "ამაზონზე" აღნიშნული სტიკერების ფასი, დაახლოებით 9 გირვანქა სტერლინგია, რაც დაახლოებით 11-12 დოლარამდეა.
გარდა ამისა, მარჯვენასაჭიანი ავტომობილების ტექნიკურ ინსპექტირებასთან დაკავშირებით მნიშვნელოვანია, რომ ამ კატეგორიის ავტომობილები, რომელთა პირველადი რეგისტრაციაც 2018 წლის 1-ლი იანვრიდან მოხდა საქართველოში, საჭის გადატანის შემთხვევაში ინსპექტირებას ვერ გაივლიან. ამასთან, 2018 წლის პირველი იანვრიდან პირველად ტექნიკურ ინსპექტირებაგავლილი ავტოსატრანსპორტო საშუალებები, საჭის გადატანის შემთხვევაში შემდგომ პერიოდულ ტექნიკურ ინსპექტირებას ვეღარ გაივლიან.