თბილისის მერია დიღმის ტყე-პარკის ტერიტორიების მესაკუთრეებთან მოლაპარაკებებს მართავს

კერძო საკუთრებაში არსებული დიღმის ტყე-პარკის ტერიტორიების გამოსყიდვის მიზნით, თბილისის მერია მესაკუთრეებთან მოლაპარაკებებს მართავს.

როგორც “ინტერპრესნიუსს“ თბილისის მერის მოადგილემ მაია ბითაძემ განუცხადა, იმის გათვალისწინებით, რომ აღნიშნულ ტერიტორიას ლანდშაფტურ-სარეკრეაციო ტერიტორიის ზონის სტატუსი ადევს, მოსახლეობამ იცის, რომ აღნიშნულ ტერიტორიაზე მათ მშენებლობების დაწყება არ შეუძლიათ. ბითაძის ინფორმაციით, მესაკუთრეთა ნაწილი თანახმაა ტერიტორიის მონაცვლეობაზე ან კომპენსაციის მიღებაზე.

“დიღმის ტყე-პარკის მესაკუთრეებთან ჩვენ ძალიან აქტიურად ვმუშაობთ. სამწუხაროდ, სახელმწიფომ თავის დროზე ეს ტერიტორია გაასხვისა და დღეს ჩვენ ხარკის გადახდა გვიწევს, რათა ამ ტერიტორიებს საჯარო ფუნქცია დავუბრუნოთ. ჩვენი უპირველესი გეგმაა, რომ ეს ტერიტორიები გამოვისყიდოთ. ამასთან დაკავშირებით საკმაოდ სერიოზული გეგმები გვაქვს. სხვა შემთხვევაში ჩვენ იქ ვერც სარწყავი სისტემის მოწყობას და ვერც აღნიშნული ტერიტორიის განათებას ვერ ვახერხებთ. სამწუხაროდ, სახელმწიფოს ამ ხარკის გადახდა რამდენიმე მილიონი დაუჯდება - საუბარია 10-მილიონ ლარზე მეტ თანხაზე“, - განუცხადა “ინტერპრესნიუსს“ მაია ბითაძემ.