"2 500 ლარის ზემოთ შემოსავალი 30%-ით უნდა დაიბეგროს" - აღნიშნული ინიციატივა სოციალ-დემოკრატებს ეკუთვნის.
„განაკვეთები, რომლებზეც ვსაუბრობთ, არის პირობითი და აქ მთავარია ე.წ. პროგრესული დაბეგვრის პრინციპი, რომელიც ყველა განვითარებულ ქვეყანაშია დამკვიდრებული. ჩვენ 2 500 ლარი პირობითად ავიღეთ, თუმცა, რადგან ეს ციფრი დასახელდა მასზე ვისაუბროთ. ჩვენი ინიციატივა გულისხმობს, რომ 2 500 ლარამდე საგადასახადო განაკვეთი რჩება იგივე, ანუ 20 %. ამის შემდეგი შემოსავალი კი შესაძლოა, 30 %-ით დაიბეგროს.
მაგალითად, თუ თქვენ გაქვთ 3 000 ლარი, მისი 30%, ანუ 900 ლარი კი არ უნდა გადაიხადოთ, არამედ 2 500 ლარიდან - 20%-ის ანუ 500 ლარის, დარჩენილი 500 ლარიდან კი 30%-ის, ანუ 150 ლარის გადახდა მოგიწევთ, ნაცვლად 100 ლარისა. შესაბამისად, გამოდის, რომ თუ 3000-ლარიანი შემოსავლის მქონე პირები დღეს 20%-იანი დაბეგვრის რეჟიმში 600 ლარს იხდიან, აღნიშნული სქემის თანახმად, მხოლოდ 50 ლარით მეტის გადახდა მოუწევთ,“-განმარტა „ქართული ოცნება - სოციალ-დემოკრატების“ თავმჯდომარე გია ჟორჟოლიანმა „კვირას“ პრესკლუბში.
მისივე თქმით, ამ სისტემის დანერგვის შედეგად ცვლილებას ძირითადად მსხვილი კომპანიების, მათ შორის, ბანკების და ა.შ. ხელმძღვანელები იგრძნობენ.
ამასთან, როგორც ჟორჟოლიანმა აღნიშნა, 2 500 ლარამდე შემოსავალი საქართველოში დაქირავებით დასაქმებულთა (ვინც ხელფასს იღებს) 91%-ს აქვს, 5%-ს - 4-5 ათას ლარამდე, ხოლო ამაზე მაღალი შემოსავალი ასევე 5%-ს აქვს. ამასთან, 1.3%-ს 8 ათას ლარზე მეტი; 0.4%-ს ანუ დაახლოებით, 3 600 ადამიანს კი თვეში 16 ათას ლარზე მეტი შემოსავალი აქვს.
„ეს სისტემა ყველა განვითარებულ ევროპულ ქვეყანაშია დამკვიდრებული. მდიდრები ისედაც უფრო მაღალ გადასახადს იხდიან საქართველოში, მაგრამ ეს სისტემა, რომელსაც ვთავაზობთ უმჯობესია, რადგან უზრუნველყოფს გათანაბრებას და იძლევა შესაძლებლობას მეტი თანხები იქნას ბიუჯეტში მობილიზებული.
იმ სქემით, რომელზეც ვსაუბრობთ, ბიუჯეტში დაახლოებით, 500 მლნ ლარის მობილიზება მოხდება, რომელიც ჩვენი აზრით ორად უნდა გაიყოს და 400 მილიონი რეგიონებში წარმოების განვითარებას; დარჩენილი 100 მილიონი კი სკოლამდელი დაწესებულებების; სკოლის პედაგოგებისა და პროფესიული სასწავლებლების პედაგოგების ხელფასების მომატებას უნდა მოხმარდეს. ამ ადამიანებს ხელფასი დაახლოებით, საშუალოდ 100 ლარით შეიძლება მოემატოთ,“-აღნიშნა ჟორჟოლიანმა.