3 600 ადამიანს თვეში 16 ათასზე მეტი ხელფასი აქვს - როგორ ნაწილდება შემოსავლები საქართველოში

საქართველოში დაახლოებით, 3600 ადამიანს თვეში 16 ათას ლარზე მეტი შემოსავალი აქვს.ამის შესახებ, „ქართული ოცნება - სოციალ-დემოკრატების“ თავმჯდომარემ გია ჟორჟოლიანმა განაცხადა.

მისივე თქმით, 2 500 ლარამდე შემოსავალი საქართველოში დაქირავებით დასაქმებულთა (ვინც ხელფასს იღებს) 91%-ს აქვს, 5%-ს - 4-5 ათას ლარამდე, ამაზე მაღალი შემოსავალი კი ასევე 5%-ს აქვს. ამასთან, 1.3%-ს 8 ათას ლარზე მეტი; 0.4%-ს ანუ დაახლოებით, 3 600 ადამიანს კი თვეში 16 ათას ლარზე მეტი შემოსავალი აქვს.

ჟორჟოლიანმა 2500 ლარს ზემოთ შემოსავლის 30%-ით დაბეგვრაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამით, ბიუჯეტში დაახლოებით 500 მლნ ლარის მობილიზება მოხდება.

„ჩვენი ინიციატივა გულისხმობს, რომ 2 500 ლარამდე საგადასახადო განაკვეთი რჩება იგივე, ანუ 20%. ამის შემდეგი შემოსავალი კი, შესაძლოა, 30 %-ით დაიბეგროს. მაგალითად, თუ თქვენ გაქვთ 3 000 ლარი, მისი 30%, ანუ 900 ლარი კი არ უნდა გადაიხადოთ, არამედ 2 500 ლარიდან 20%-ის ანუ 500 ლარის; დარჩენილი 500 ლარიდან კი 30%-ის ანუ 150 ლარის გადახდა მოგიწევთ ნაცვლად 100 ლარისა. შესაბამისად, გამოდის რომ თუ 3000 ლარიანი შემოსავლის მქონე პირები დღეს 20%-იანი დაბეგვრის რეჟიმში 600 ლარს იხდიან; აღნიშნული სქემის თანახმად, მხოლოდ 50 ლარით მეტის გადახდა მოუწევთ,“-განმარტა გია ჟორჟოლიანმა „კვირას“ პრესკლუბში.