6 თვეში საქართველოს მოქალაქეებმა საბანკო ბარათებით უცხოეთში 791,4 მლნ ლარი დახარჯეს

2018 წლის იანვარ-ივნისში საქართველოს მოქალაქეებმა უცხოეთში საბანკო ბარათებით 791 498 000 ლარი დახარჯეს, რაც 32,3%-ით მეტის წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.

საქართველოს ეროვნული ბანკის სტატისტიკით, 2017 წლის იანვარ-ივნისში ამ დანახარჯმა 598 191 000 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება 2018 წლის ივნისს, გასულ თვეს ქართული საბანკო ბარათებით უცხოეთში 140 863 000 ლარი გაიხარჯა, რაც წინა წლის ანალოგიურ თვესთან შედარებით 28 193 000 ლარით, ანუ 25%-ით მეტია. 2017 წლის ივნისში რეზიდენტების მიერ საზღვარგარეთ დახარჯული თანხის მოცულობამ 112 670 000 ლარი შეადგინა.

ამასთან, საქართველოს ეროვნული ბანკის სტატისტიკით, ივნისში რეზიდენტი ბანკების ბარათებით, ბანკომატით 30 698 000 ლარის ექვივალენტია განაღდებული, პოსტ ტერმინალებით იმპრინტერით და ინტერნეტით 110 164 000 ლარის ოპერაციაა შესრულებული.