თბილისის მერიის ვებგვერდზე ქალაქის განვითარების შესახებ მოქალაქეთა იდეების მიღება მიმდინარეობს.ამ ეტაპზე ვებგვერდზე 168 მიმდინარე, 175 დაბლოკილი, 466 არშემდგარი იდეა ფიქსირდება. 9 იდეა განხილვის პროცესშია, ორი კი უკვე შეთანხმებულია.
„ბიზნესპრესნიუსი“ მიმდინარე განცხადებებიდან რამდენიმე იდეას გთავაზობთ. კერძოდ, ერთ-ერთი მოქალაქე საბურთალოზე, ე.წ. ქავთარაძის ბაზრის გადატანას ითხოვს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ტერიტორიაზე „საშინელი ანტისანიტარიაა მიმდებარე კორპუსებში ცხოვრება შეუძლებელი ხდება“.
დედაქალაქის მერს სთავაზობენ ასევე კანდელაკის ქუჩაზე "ავტობუსის ხაზი" (bus lane) გამოყოფას, რომელზეც მუნიციპალური ტრანსპორტი გაგარინის მოედნის მიმართულებით იმოძრავებს.
ერთ-ერთი იდეის თანახმად, კი ვარაზისხევის ქუჩაზე ქვაფენილი ასფალტის საფარით უნდა შეიცვალოს, რადგან მოქალაქის შეფასებით, გარდა იმისა, რომ თბილისის მაცხოვრებლებს დისკომფორტი ექმნებათ, ზიანდება ავტომობილების სავალი ნაწილები.