„სამეფო ბაღი“, ფანჩატურები და გადმოსახედები ბოტანიკურ ბაღში - იდეა მერს

თბილისის მერიის ვებგვერდზე ქალაქის განვითარების შესახებ მოქალაქეთა იდეების მიღება მიმდინარეობს.ამ ეტაპზე ვებგვერდზე 174 მიმდინარე, 180 დაბლოკილი, 466 არშემდგარი იდეა ფიქსირდება. 9 იდეა განხილვის პროცესშია, ორი - შეთანხმებულია, 1 კი - უარყოფილია.

„ბიზნესპრესნიუსი“ მიმდინარე განცხადებებიდან ერთ-ერთ იდეას გთავაზობთ, რომელიც ბოტანიკური ბაღის განვითარებას გულისხმობს. კერძოდ, იდეის ავტორის აზრით, ბაღის განვითარება ნარიყალის ციხესთან ერთად კომპლექსურად უნდა მოხდეს.

„გამომდინარე იქედან, რომ ბოტანიკური ბაღის ანუ წავკისის წყლის ხეობა ისტორიულად ქალაქის ერთ-ერთ შემოსასვლელს წარმოადგენდა. აღნიშნულ ტერიტორიაზე, არსებობს სხვადასხვა ისტორიული ნაგებობების კვალი, რომელთა წარმოჩენა ბაღს უფრო მეტად საინტერესო იერს შესძენს.

დღესაც, ბოტანიკური ბაღი გარკვეულ სეგმენტებად არის დაყოფილი, კარგი იქნება თუ ეს სეგმენტაცია უფრო კონკრეტული სახით მოხდება, მაგალითად, ნარიყალის ციხის მიმდებარე ტერიტორია ჩანჩქერამდე და მის ზემოთ თაღოვან ხიდამდე, შესაძლებელია ჩამოყალიბდეს, როგორც ისტორიული ე.წ. "სამეფო ბაღი". საზოგადოდ აპრობირებული ტურისტული ხრიკია, როდესაც გარკვეული მითების, ლეგენდების გამოგონება ხდება და აღნიშნული ტერიტორია, ნარიყალის კომპლექსთან ერთად იძლევა საშუალებას, რომ ეს ტერიტორია წარმოვაჩინოთ, ძველი ქალაქის, მეფეების ან დიდებულების მოსასვენებელ ადგილად.

შეიქმნას შესაბამისი ინფრასტრუქტურა, მცირე აგურის ნაგებობები, ფანჩატურები, გადმოსახედები. ნარიყალიდან გაკეთდეს ჩამოსასვლელი, მარშუტში ჩაერთოს ფერდობზე არსებული კოშკები. თუნდაც მარტივად არის შესაძლებელი, შესასვლელშივე არსებული აუზების ვიზუალის შეცვლით, წარმოაჩინო როგორც ტურისტული სიძველე. გარკვეულ ადგილებს ან გადმოსახედებს დაერქვას "ტურისტული სახელები". აუცილებელია, რომ დამონტაჟდეს შესაბამისი განათება, რაც ტურისტს ღამის (მხოლოდ გარკვეულ დროის მონაკვეთში) პერიოდშიც გადაადგილების საშუალებასაც მისცემს,“-აღნიშნულია განცხადებაში.

აღნიშნულ იდეაზე ხმის მიცემის ვადა 26 აგვისტომდეა შესაძლებელი.