რა ქონებას ფლობს და რა ანზღაურებას იღებდა ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე თანაინვესტირების ფონდში

ირაკლი ქარსელაძე რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილის თანამდებობას მიმდინარე წლის აპრილიდან იკავებს.ამასთან, ქარსელაძე საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის პოსტსაც შეითავსებს.

მიმდინარე წლის 30 მაისს შევსებული ქონებრივი დეკლარაციის თანახმად, ქარსელაძე ფლობს 311,69 კვადრატული მეტრი ფართობის საცხოვრებელ სახლს თბილისში, რომელიც 100 000 დოლარად 2017 წელს 549 კვ. მეტრის მიწის ნაკვეთთან ერთად აქვს შეძენილი. მასვე ეკუთვნის მსუბუქი ავტომობილი Mercedes-Benz GL, რომელიც 2016 წელს 9 500 დოლარად შეიძინა.

რაც შეეხება მის ფინანსურ მდგომარეობას, დეკლარაციის შევსების მომენტში სხვადასხვა საბანკო ანგარიშზე ქარსელაძეს - 867,83 დოლარი; 49,09 ლარი; 82000 დოლარი; 64951,6 ლარი; 0,27 დოლარი; 0,36 ევრო; 2602,24 დოლარი; 1400 დოლარი და 10,8 ლარი ჰქონდა.

აღსანიშნავია, რომ ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილეობამდე ირაკლი ქარსელაძე თანაინვესტირების ფონდის მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარე იყო, სადაც 2017 წლის განმავლობაში მისმა ანაზღაურებამ 94 956,12 ლარი შეადგინა.

თანაინვესტირების ფონდის პარალელურად ქარსელაძე იკავებდა საქართველოს ტურიზმის განვითარების ფონდისა და შვილობილი კომპანიების აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობასაც. ფონდის აღმასრულებელი დირექტორის პოზიციაზე მუშაობისას მისი შემოსავალი 79 017 ლარი იყო.

რაც შეეხება შვილობილ კომპანიებს, შპს „თბილისი სითის“ დირექტორობისას საწარმოს საქმიანობით მიღებულმა შემოსავალმა - 48 785 ლარი; „ბლექ სი რიზორთსში“ - 81 727 ლარი; შპს „სოლოლაკი ჰილზის“ შემთხვევაში - 7 500 ლარი; „სოლოლაკი რაიზის“ დირექტორობისას - 15 956 ლარი; შპს „ოლდ სითის“ დირექტორობისას კი საწარმოს საქმიანობით მიღებულმა შემოსავალმა - 22 500 ლარი შეადგინა.

როგორც, ინფრასტრუქტურის სამინისტროს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ირაკლი ქარსელაძეს გააჩნია, როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორში, მენეჯერულ პოზიციებზე მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება. საჯარო სამსახურში გადასვლამდე, სხვადასხვა დროს, კერძო სექტორში მუშაობდა: „დიპლომატ ჯორჯია“-ში ლოჯისტიკის დეპარტამენტის დირექტორის, სს „საქართველოს ლატარიის კომპანია“-ში შესყიდვების, ლოჯისტიკისა და ადმინისტრაციის დირექტორის, სს „ლომისი“- ლუდსახარშ ნატახტრში ლოჯისტიკისა და შესყიდვების დირექტორის და სს „ქართუ ჯგუფი“ -ში საერთაშორისო შესყიდვების დეპარტამენტის დირექტორის თანამდებობებზე.