როგორ მოხდება ტაქსის ნებართვის აღება - პროცესი ხვალიდან იწყება

ტაქსის მძღოლები ნებართვების მიღებას 1 აგვისტოდან შეძლებენ. აღნიშნული ნებართვის აღების ფასი ჩვეულებრივი მსუბუქ ავტომობილებზე 100 ლარი; ჰიბრიდულებზე - 50 ლარი; ხოლო ელექტროავტომობილებზე უფასოა.ის ტაქსის მძღოლები კი, რომლებსაც აღნიშნული ნებართვა არ ექნებათ და ისე განახორციელებენ მგზავრთა გადაყვანას, 2018 წლის პირველი ოქტომბრიდან 200 ლარით დაჯარიმდებიან.

დედაქალაქის საკრებულომ ტაქსით (M1 კატეგორია) გადაყვანის სანებართვო პირობების, ნებართვის გაცემის წესის, ნებართვის მოქმედების ვადის, ნებართვის გაცემის ფასისა და მისი გადახდის წესის, სანებართვო მოწმობის ფორმის, ნებართვის მქონე პირების შესახებ ერთიანი საინფორმაციო ბაზის შექმნის, განახლებისა და დამუშავების წესი უკვე განსაზღვრა.

წესის თანახმად, დაინტერესებულმა პირმა ნებართვის მისაღებად ელექტრონული განცხადება ელექტრონულ მისამართზე: www.taxi.tbilisi.gov.ge უნდა შეავსოს. აღნიშნული ვებგვერდის გამართულ ფუნქციონირებას კი „მუნიციპალური სერვისების განვითარების სააგენტო“ უზრუნველყოფს.

სააგენტო შექმნის ასევე გაცემული ნებართვების ერთიან საინფორმაციო ბაზას, სადაც იქნება ინფორმაცია: ნებართვის მფლობელის შესახებ (სახელი, გვარი, პირადი ნომერი, საცხოვრებელი და სამუშაო ადგილების თაობაზე (ასეთის არსებობის შემთხვევაში); იმ სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის ნომერი, რომელზეც გაცემულია ნებართვა; სანებართვო მოწმობის ნომერი, გაცემის თარიღი, მოქმედების ვადა და სტატუსი; ნებართვის სახე და ტაქსის ნებართვის მფლობელის მიმართ შედგენილ საჯარიმო ქვითარში არსებული ინფორმაცია, მათ შორის, დარღვევის არსის მითითებით. აღსანიშნავია, რომ საჯარიმო ქვითრის შესახებ ინფორმაციები ბაზაში დაუყონებლივ უნდა აისახოს.

ამასთან, მძღოლი ვალდებულია ტაქსის აღმნიშვნელი ყვითელი მანათობელი ნიშანი განათავსოს სატრანსპორტო საშუალების ძარის ზედა ნაწილის (სახურავის) შუა ადგილზე; ასევე ნებართვა სატრანსპორტო საშუალებაში თვალსაჩინო ადგილას ისე განათავსოს, რომ შესაძლებელი იყოს მისი მგზავრის მიერ წაკითხვა.

ცნობისთვის, ტაქსის ნებართვა ერთჯერადად ერთი წლის ვადით გაიცემა.