დღეიდან ტაქსების რეგისტრაცია იწყება.ტაქსით მომსახურების ნებართვის მიღება შეუძლია ფიზიკურ პირს, რომელსაც აქვს მართვის მოწმობა და სურს ანაზღაურების სანაცვლოდ მგზავრთა გადაყვანა, ავტოსატრანსპორტო საშუალებით, რომელსაც მძღოლის სავარძლის გარდა, არაუმეტეს 8 დასაჯდომი ადგილი აქვს. ნებართვის მისაღებად აუცილებელია ელექტრონული განცხადების შევსება ვებგვერდზე www.taxi.tbilisi.gov.ge ტაქსით მომსახურების ერთწლიანი ნებართვის მისაღებად, მძღოლი იხდის 100 ლარს, ჰიბრიდული ავტომობილის შემთხვევაში 50 ლარს, ხოლო ელექტროძრავიანი ავტომობილის ყოლის შემთხვევაში ნებართვა უფასოა.
როგორც ტაქსის ნებართვის გაცემის წესშია აღნიშნული, ნებართვის მფლობელი ვალდებულია: უზრუნველყოს სატრანსპორტო საშუალებაში სანიტარიულ-ჰიგიენური მდგომარეობის დაცვა; არ დაუშვას ავტოსატრანსპორტო საშუალების დამამზადებლის მიერ დადგენილ მგზავრთტევადობაზე მეტი მგზავრების გადაყვანა; არ მოახდინოს საქართველოს კანონმდებლობით აკრძალული საგნების გადაზიდვა; არ დაუშვას მგზავრების ჩასხდომა-გადმოსხმა ტაქსის მარცხენა მხარეს განლაგებული კარებიდან; არ მოახდინოს მგზავრთან შეთანხმების გარეშე სხვა მგზავრის გადაყვანა; ტაქსის სალონში ან/და საბარგულში დარჩენილი ნივთები ჩააბაროს დაკარგული ნივთების ბიუროში ან შესაბამისი რაიონის პოლიციაში; ხელი შეუწყოს კონტროლის განმახორციელებელ უფლებამოსილ პირს მუშაობაში და ნებართვის გამცემს ყველა საჭირო ინფორმაცია წარუდგინოს ნებართვის გამოყენების შესახებ ნებართვის გამცემის მიერ დაწესებული მოთხოვნების შესაბამისად.