რა ქონებას ფლობს პრეზიდენტობის ერთ-ერთი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი

პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა სალომე ზურაბიშვილმა გუშინ, პრეზიდენტის პოსტზე საკუთარი კანდიდატურა ოფიციალურად დაასახელა.ამასთან, პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ უკვე დაადასტურა, რომ "ქართული ოცნება" საპრეზიდენტო არჩევნებზე საკუთარი კანდიდატის წარდგენას არ აპირებს. მისივე თქმით, პარტიამ შესაძლოა, ღიად დაუჭიროს მხარი რომელიმე დამოუკიდებელ კანდიდატს, ან საერთოდ უარი თქვას მხარდაჭერაზეც.

გავრცელებული ინფორმაციით კი, პარტია "ქართული ოცნება" საპრეზიდენტო არჩევნებში სწორედ სალომე ზურაბიშვილის მხარდაჭერას გეგმავს.

„ბიზნესპრესნიუსი“ გთავაზობთ, საპრეზიდენტო არჩევნების დამოუკიდებელი კანდიდატის სალომე ზურაბიშვილის ქონებას.

მიმდინარე წლის 17 იანვარს შევსებული ქონებრივი დეკლარაციის თანახმად, ზურაბიშვილი ფლობს თბილისში, 126,33 კვადრატული მეტრი ფართობის საცხოვრებელ სახლს; 235 კვ. მეტრის მიწის ნაკვეთს და პარიზში მდებარე 60 კვ.მეტრის ბინას.

მასვე ეკუთვნის მსუბუქი ავტომობილი Hyundai, რომელიც 2016 წელს 17 000 ამერიკულ დოლარად შეიძინა.

ზურაბიშვილის საკუთრებაშია ასევე „საქართველოს ბანკის“ 35 და „თელიანის“ 1 212 აქცია, რომელიც 2013 წელს მემკვიდრეობით აქვს მიღებული.

რაც შეეხება დეპუტატის ფინანსურ მდგომარეობას, დეკლარაციის შევსების მომენტში სალომე ზურაბიშვილს სხვადასხვა საბანკო ანგარიშზე - 50 000 დოლარი; 3 000 ლარი და 7 400 ევრო ჰქონდა. ამასთან, როგორც ქონებრივ დეკლარაციაშია აღნიშნული, ზურაბიშვილის შემოსავალმა გასულ წელს პარლამენტის წევრობისას 57 645 ლარი შეადგინა.