მზიურის პარკის რეაბილიტაციაზე გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებული უკვე გამოვლენილია. მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ გამოცხადებულ ტენდერში ამხანაგობამ "მზიური" გაიმარჯვა.
კომპანიის მიერ შეთავაზებული თანხა 7 799 505 ლარია, მაშინ როცა სატენდერო პირობებით შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 9 მლნ ლარი იყო.
ცნობისთვის, სატენდერო კომისიამ „მზიურის“ გარდა კიდევ 5 ადგილობრივი და უცხოური კომპანიის შეთავაზებული წინადადებები განიხილა. ეს კომპანიებია - სს „კობრა ინსტალასიონეს ი სერვისიოს საქართველოს ფილიალი“, „კომფორტმშენ XXI“, AG-Complex Sp. z o. o და კომპანიები "ჯავა" და "მწვანე სახლი". აქედან, ყველაზე დაბალი ფასი სწორედ ამხანაგობას „მზიური“ ჰქონდა შეთავაზებული.
მზიურის პარკის რეაბილიტაციის მიზნით გასულ წლის დეკემბერში გამოცხადებულ ტენდერში წინადადებების მიღება მიმდინარე წლის 8 თებერვალს დაიწყო და 12 თებერვალს დასრულდა.
ტენდერის მიხედვით, საქართველომ ევროპის საინვესტიციო ბანკისგან მიიღო დაფინანსება, რომლის ნაწილის მზიურის პარკის რეაბილიტაციას მომხმარდება. სატენდერო პირობების თანახმად, პარკში ლანდშაფტური არქიტექტურისა და გამწვანების სამუშაოები ჩატარდება.
რაც შეეხება ამხანაგობა „მზიურს“აღნიშნული დასახელების პირის შესახებ ინფორმაცია რეესტრში არ იძებნება. თუმცა, ამხანაგობის თავმჯდომარე არის ლაშა ფურცხვანიძე, რომლის სახელზეც რეესტრში 5 კომპანია იძებნება. ამ კომპანიებიდან 4-ში მისი მეწილე არის - კობა ხარშილაძე, ამ 4-დან 1-1-ში კი ხარშილაძესთან ერთად კომპანიის მეწილეები არიან - პანტელეიმონი იოსავა და ტარიელ კიკნაძე. 1 კომპანია კი მხოლოდ ლაშა ფურცხვანიძის საკუთრებაშია.