ამერიკული სანქციები, ერდოღანის ეკონომიკური პოლიტიკა თუ სავაჭრო დისბალანსი - რატომ უფასურდება თურქული ლირა?

ლირა გაუფასურებას განაგრძობს. Bloomberg-ის სავაჭრო პლატფორმაზე ერთი დოლარი 6,85 ლირად ივაჭრება. ეს კი 10 აგვისტოს თურქეთის ცენტრალური ბანკის მიერ დადგენილ ოფიციალურ კურსთან შედარებით 92 პუნქტით ნაკლებია.

თურქეთის ეროვნულმა ვალუტის გაუფასურებამ კი მთელი მსოფლიოს ყურადღება მიიპყრო, რაც ნამდვილად არ არის გასაკვირი. თურქეთი დღეს არის ქვეყანა, რომელიც ერთი მხრივ ნატო-ს წევრია და რეგიონში ამერიკის ერთ-ერთ დასაყრდენს წარმოადგენს, მეორე მხრივ ეს არის ქვეყანა, რომელიც უკვე აშკარად ეწინააღმდეგება დასავლურ, მათ შორის ნატო-ს სტანდარტებს და საკმაოდ დამოუკიდებელ პოლიტიკას ატარებს. ამას აქვს თავისი უკუშედეგებიც, რაც პირველ რიგში ამერიკასთან ურთიერთობაზე აისახება.

შეერთებულ შტატებთან ურთიერთობა ახალ მინიმუმამდე დავარდა მას შემდეგ, რაც თურქეთში ამერიკელ პასტორს ენდიუ ბრანსონს განაჩენი გამოუტანეს და შინა პატიმრობაში გადაიყვანეს. ამერიკული მხარე საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში ავრცელებდა მინიშნებებს, რომ პასტორის საქმე უნდა შეწყვეტილიყო, ვინაიდან ის სრულიად უდანაშაულოა. არ არის გასაკვირი, რომ თურქეთი მას იყენებს და სურს ბრანსონი ფეთჰულა გიულენში გაცვალოს. ამას ამერიკა არ აკეთებს. 1-ელ აგვისტოს ამერიკამ სანქციები დაუწესა თურქეთის შინაგან და იუსტიციის მინისტრებს. ამან ლირაზე უარყოფითად იმოქმედა და გაუფასურების პირველი ტალღა მივიღეთ.

ამერიკის მეორე ნაბიჯი სრულიად მოულოდნელი იყო. ეს ინფორმაცია კი დონალდ ტრამპმა 10 აგვისტოს „ტვიტერში“ გაავრცელა. მან თურქეთს ალუმინსა და ფოლადზე გაორმაგებული გადასახადები დაუწესა - ალუმინზე 20%, ხოლო ფოლადზე 50 % ოდენობით. ამან პარასკევს ლირას ძლიერი ვარდნა გამოიწვია.

თუმცა არ დაგვავიწყდეს, რომ ლირას გაუფასურება მხოლოდ ამერიკის პრეზიდენტის სანქციების გამო არ დაწყებულა. ლირას გაუფასურება ბევრად ადრე დაიწყო, 2018 წლის იანვრის შემედეგ კი თითქმის 45%-ით გაუფასურდა. ლირა ივნისის შემდეგაც საგრძნობლად გაუფასურდა ერდოღანის პრეზიდენტად ხელმეორედ არჩევის შემდეგაც.

ვნახოთ რას წერს ამერიკული ჟურნალი „ფორბსი“ ამ საკითხთან მიმართებით.

„რეალურ პრობლემას თურქეთის პრეზიდენტის თაიფ ერდოღანის არანორმალური ეკონომიკური პოლიტიკა წარმოადგენს, რომელიც მისი მმართველობის პერიოდში დაინერგა“ - აღნიშნულია სტატიაში და დამატებულია, რომ გასული წლის აგვისტოსთან შედარებით ლირას ღირერებულება დოლართან მიმართებით განახევრებულია.

სტატიის ავტორი, საიმონ კონსტაბლი აღნიშნავს, რომ „იოლი ფულის“ პოლიტიკამ და მთავრობის დიდმა ხარჯებმა ეკონომიკის გადახურება გამოიწვია. მთავრობა ცდილობდა ეკონომიკისთვის ბიძგის მიცემას დაბალი საპროცენტო განაკვეთის ფონზე, მაშინ როცა ინფლაცია წინა წლის სექტემბერთან შედარებით 15%-ს შეადგენს.

მეორე პრობლემას თურქეთის სავაჭრო ბალანსი წარმოადგენს - არსებობს დიდი განსხვავება ექსპორტსა და იმპორტს შორის - 2018 წლის პირველი ექვსი თვის განმავლობაში თურქეთის ექსპორტი გაიზარდა 6.3%-ით, მაშინ როცა იმპორტი 13.5%-ით არის გაზრდილი. სტატიის ავტორი იმასაც აღნშნავს, რომ სავაჭრო ბალანსში სხვაობა კიდევ უნდა გაიზარდოს, ვინაიდან თურქეთი იმავე რაოდენობის ენერგო პროდუქტის იმპორტს ახორციელებს, მაგრამ უკვე გაუფასურებული ლირას ხარჯზე.

თურქეთისთვის ვითარებას ართულებს ისიც, რომ 62 მილიარდი დოლარის მოცულობის ვალი აქვს გადასახდელი არა ლირათი, არამედ სხვა ვალუტით. ეს კი გაუფასურებული ვალუტის ფონზე საკმაოდ გართულდება.

გარდა ამისა, პრეზიდენტი ერდოღანი ეწინააღმდეგება თურქეთში საპროცენტო განაკვეთის ზრდას, რასაც ექსპერტები უარყოფითად აფასებენ გაზრდილი ინფლაციის ფონზე. მეტიც, ერდოღანი საკუთარ თავს „საპროცენტო განაკვეთის მტერს“ უწოდებს. მისი თქმით, ეს ექსპლუატაციის იარაღია და თურქეთი ამ მახეში არ გაებმება.

ამ ყველაფერს ემატება სხვადასხვა შიდა პოლიტიკური პრობლემები თურქეთში, რაც ქვეყნის ეკონომიკურ კრიზისს კიდევ უფრო გაართულებს, გამოსავლის პოვნა კი არანაკლებ დიდი სირთულე იქნება ერდოღანისთვის, რომელიც დღეს უკვე ცალსახად შეიძლება ითქვას, რომ ერთპიროვნულად მართავს ქვეყანას.

იოანე შაიშმელაშვილი