9 ადამიანს ქონება იძულების წესით ჩამოერთმევა

„სახელმწიფო ელექტროსისტემას“ ცაგერისა და ქედის მუნიციპალიტეტებში მდებარე უძრავი ქონების ექსპროპრიაციის უფლება მიენიჭა.საუბარია, ქვესადგურ „ლაჯანური 500“-სა და „ახალციხე - ბათუმის” ორჯაჭვა ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობის პროექტებზე.

კერძოდ, ,,ლაჯანური 500“-ის მშენებლობის გამო, ექსპროპრიაციას დაექვემდებარება - ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ალპანაში, მარიამ, მერაბ და ნაზიკო ფრუიძეებისა და ქეთინო ბურჯალიანის კუთვნილი 614 კვადრატული მეტრი ფართობის მიწის ნაკვეთი და მასზე არსებული ნარგავები.

„ახალციხე-ბათუმის” ორჯაჭვა ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობის პროექტის ფარგლებში კი ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ არსენაულში - მედეა ბერიძის, სელიმ, სოსლან, სულიკო და სულხან სურმანიძეების საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთი ექცევა. მიწის მთლიანი ფართი 7 330 კვ. მეტრი, საექსპროპრიაციო ფართი კი 58 კვადრატულია.

აღსანიშნავია, რომ მესაკუთრეებს "საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემამ“ წერილობით აცნობა განსახორციელებელი პროექტის მნიშვნელობის თაობაზე, თუმცა მათ საკომპენსაციო თანხის სანაცვლოდ საკუთრების ნებაყოფლობით გასხვისებაზე უარი განაცხადეს.

ცნობისთვის, "ახალციხე - ბათუმის" ორჯაჭვა ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობა რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკის (IBRD) დაფინანსებით ხორციელდება, რათა მოხდეს სამხრეთ -დასავლეთ საქართველოში ახალი ჰესების (,,შუახევის” და ,,კორომხეთის" ჰესები) მშენებლობის შედეგად გამომუშავებული ელექტროენერგიის გადაცემა, განაწილება ან/და ექსპორტი. ქვესადგურის „ლაჯანური 500“-ის მშენებლობა კი ეკონომიკის სამინისტროს მხარდაჭერითა და გერმანიის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკ - KFW-ის დაფინანსებით ხორციელდება. პროექტი ხელს შეუწყობს რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში დაგეგმილი ჰიდროელექტროსადგურის მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის გამოტანას და შესაბამისად ელექტრონულ ქსელში მის ინტეგრაციას.