„ლარი კომერციული ბანკების მოჭარბებულ სავალუტო აქტივობების შედეგად უფასურდება“ - რა ელის ეროვნულ ვალუტას

„წესით, ლარს არაფერი არ უნდა მოსვლოდა, რომ არა კომერციული ბანკების მოჭარბებული სავალუტო აქტივობები“, - ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსს“ ფინანსისტმა ლია ელიავამ განუცხადა.

მისი თქმით, საქართველოს კომერციული ბანკების სპეკულაციები, მეზობელ ქვეყანაში ლირას გაუფასურებითაა გამოწვეული. როგორც ლია ელიავა აღნიშნავს, ქართული კომერციული ბანკები ამით სარგებლობენ, უცხოური ვალუტა ქვეყნის გარეთ სხვადასხვა ბირჟებზე გააქვთ, შედეგად, დოლარზე მოთხოვნა იზრდება, ლარი კი უფასურდება.

ცნობისთვის, ბოლო 10 დღეში ლარმა დოლარის მიმართ ღირებულების 7.6% დაკარგა. 5 აგვისტოს 1 აშშ დოლარი 2.4484 ლარი ღირდა, 15 აგვისტოს ოფიციალური გაცვლითი კურსი კი, 2.6343 ლარია, რაც 18.59 თეთრიან ვარდნას აჩვენებს. ლარის კურსი წლის მინიმუმზეა.

ლია ელიავას შეფასებით, ლარს არაფერი „სჭირს“ და საქმე მხოლოდ კომერციული ბანკების „სპეკულირებსა და ეროვნული ბანკის უმოქმედობაშია“.

„წესით, ლარს არაფერი უნდა მოსვლოდა, რომ არა კომერციული ბანკების მოჭარბებული სავალუტო აქტივობები. საქართველოს კომერციული ბანკების სპეკულაციები, ჩვენს მეზობელ ქვეყანაში ლირას გაუფასურებით არის გამოწვეული. ჩვენმა კომერციულმა ბანკებმა დრო იხელთეს და უცხოური ვალუტა ქვეყნის გარეთ სხვადასხვა ბირჟებზე გააქვთ, სავალუტო სპეკულაციებისთვის, შედეგად იზრდება მოთხოვნა დოლარზე. შესაბამისად, დოლარი მყარდება, ლარი უფასურდება. ასე რომ, ლარი კომერციული ბანკების მოჭარბებულ სავალუტო აქტივობების შედეგად უფასურდება.

თუმცა, ესეც არ არის მთავარი, პრობლემა ისაა, რომ ლარი არის უპატრონოდ. როდესაც ლირამ დაიწყო მკვეთრი ვარდნა, თურქეთის ცენტრალურმა ბანკმა მიიღო გადამჭრლი ზომები იმისთვის, რომ გაუფასურება შეჩერებინა. კერძოდ, მან თურქეთის კომერციულ ბანკებს შეუზღუდა სავალუტო ოპერაციების მოცულობა, მათი კაპიტალის 50%-ის ოდენობით, გაუხსნა სავალდებულო სავალუტო რეზერვები და დაიწყო სესხის გაცემა უცხურ ვალუტაში, 1-თვიანი პერიოდით. მართლაც, ამან გარვეული შედეგი გამოიღო და ლირა შედარებით დასტაბილუურდა, 7-დან ჩამოვიდა 6,6-ის ნიშნულამდე. გარდა ამისა, მათმა ცენტრალურმა ბანკმა სხვა სახის ღონისძიებებიც მიიღო. საქართველოს ეროვნული ბანკი კი, არანაირ ზომებს არ მიმართავს, კომერციული ბანკების სპეკულაციებისა და ლარის ვარდნის შეაჩერებლად. რატომ არ აკეთებს არაფერს, ბანკების ეშინია თუ საკუთარი თავის იმედი არ აქვს, ამას ვერ გეტყვით. კომენტარსაც კი არ აკეთებს და შორიდან უყურებს, რა მოსდის ლარს, საქართველოს ეკონომიკას და მოსახლეობას. ფაქტი ერთია, ეროვნული ბანკის მიერ ყველაფერი მიშვებულია“,-აცხადებს ლია ელიავა.

კითხვაზე, სადამდე შეიძლება ლარი გაუფასურდეს, ელიავა ამბობს, რომ ყველაფერი დამოკიდებულია თურქეთში განვითრებულ პროცესებზე.

„თუ თურქეთში დასტაბილურდა ვითარება, რაშიც ღრმად მეპარება ეჭვი, რა თქმა უნდა, ჩვენს კომერციულ ბანკებსაც გაუნელდება სპეკულაციური განწყობები და ლარი დასტაბილურდება. რამდენად გამყარდება, ეს უკვე რთული სათქმელია.

ანკარაში აცხადებენ, რომ მათი ზომები გათვლილია 1-თვიან პერიოდზე, ისინი ვარაუდობენ, რომ ამ ვადებში დაასტაბილურებენ სიტუაციას. იქ არც თუ ისე მარტივადაა საქმე, უკვე ევროკავშირიც კი მზადაა თურქეთს დაეხმაროს უცხოური ვალუტით. ვნახოთ, რა იქნება. რთულია პროგნოზის კეთება და იმაზე საუბარი, თუ რა მოუვა ლარს, თუმცა ფაქტია, რომ ლარის ვარდნის ტემპები ძალიან სერიოზულია“,-აცხადებს ლია ელიავა.

ნინი ქეთელაური