პური შესაძლოა, 10 თეთრით გაძვირდეს

ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ერთი ტომარა ფქვილი 37 ლარიდან 44 ლარამდე გაძვირდა. ამასთან, 16 სექტემბრიდან თბილისში, კომერციული მომხმარებლებისთვის ბუნებრივი აირის ფასი ერთ კუბურ მეტრზე 70 თეთრიდან 80,5 თეთრამდე გაიზრდება.

იმის გამო, რომ პურის წარმოებაში ფქვილთან ერთად ენერგომატარებლების წილიც საკმაოდ მაღალია, გამორიცხული არ არის, რომ მალე ფასმა პურზეც მოიმატოს.

მსხვილ მწარმოებლებს იმის თქმა  უჭირთ, თუ რამდენი თეთრით გაძვირდება პური, ამ ეტაპზე უჭირთ. თუმცა მცირე ზომის საცხობებში ამბობენ, რომ ასეთ შემთხვევაში პურზე ფასი შესაძლოა, 10 თეთრით გაიზარდოს.

„ფქვილი 30%-ით გაძვირდა, ახლა გაზიც ძვირდება, რაც ცხადია პურის თვითღირებულებას გაზრდის. თუმცა ზუსტად იმის თქმა, თუ რამდენი თეთრით გაძვირდება ბაზარზე პური, დღეს ცოტა რთულია“, - განუცხადა „ბიზნესპრესნიუსს“ მეპურეთა ასოციაციის თავმჯდომარემ მალხაზ დოლიძემ.

„ფქვილის ფასი კრიტიკულ ზღვარზეა და თუ არ შემცირდა მისი ღირებულება, ენერგომატარებლების გაძვირებას ავტომატურად პურზე ფასის მატებაც მოჰყვება“, - განუცხადა „ბიზნესპრესნიუსს“ „იფქლის“ გენერალურმა დირექტორმა ბაქარ ბაკურაძემ.

მისივე თქმით, ლარის გაუფასურების გამო ყველაფერი გაძვირდა: „ყველა ინგრედიანტზე, რასაც წარმოებაში ვიყენებთ, ფასი მომატებულია. გაძვირებულია ფქვილიც, ის უკვე კრიტიკულ ნიშნულზეა. იმედი გვაქვს, რომ ფქვილის ფასი ძველ ნიშნულს დაუბრუნდება, სხვა შემთხვევაში, მაშინ, როცა გაზზე გაძვირებული ტარიფი შევა ძალაში, პურზე ფასი მოიმატებს. თუმცა, დღეს რთულია იმის თქმა, რამდენი თეთრით მოიმატებს პურზე ფასი იმ დროს, როდესას ბუნებრივი აირის ტარიფი 80,5 თეთრამდე გაიზრდება. ეს დამოკიდებულია ფქვილის ფასზე“, - განაცხადა ბაკურაძემ.

„ბიზნესპრესნიუსი“ თბილისში მოქმედ მცირე ზომის საცხობებსაც დაუკავშირდა. როგორც მათი ნაწილი ჩვენთან საუბრისას აცხადებს, გაზის ტარიფის ზრდის შემდეგ, პური აუცილებლად გაძვირდება. „ფქვილი უკვე 6-7 ლარით გაძვირდა, გაზიც გაძვირდება, ეს კი სავარაუდოდ, პურს 10 თეთრით გააძვირებს“, - აცხადებენ საცხობების წარმომადგენლები.