ე.წ კერძო გამსესხებლებზე მასშტაბური შეზღუდვები ამოქმედდა

სამოქალაქო კოდექსში შეტანილი ცვლილებების მიხედვით, დღეიდან კერძო გამსესხებლებს, რომლებიც ეროვნულ ბანკში (სებ) არ არიან სესხის გამცემ სუბიექტად რეგისტრირებულნი, ფიზიკურ პირებზე უზრუნველყოფილი სესხების გაცემა აეკრძალებათ.

ამასთან, სამოქალაქო კოდექსში შესული ცვლილებით, კოდექსის 286-ე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, ფიზიკურ პირზე (მათ შორის, ინდივიდუალურ მეწარმეზე) გასაცემი/გაცემული სესხის/კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალებად არ შეიძლება გამოყენებულ იქნეს მის ან სხვა ფიზიკური პირის საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთი. ასევე, დაუშვებელი ხდება ფიზიკურ პირსა და ინდმეწარმეებზე სესხის გაცემა ავტომობილის, სარკინიგზო ტრანსპორტის ან სასოფლო-სამეურნეო მანქანის დამხმარე საშუალებების, წყლის და საჰაერო სატრანსპორტო საშუალების უზრუნველყოფით.

სამოქალაქო კოდექსის 286-ე მუხლის მიხედვით, ეს შეზღუდვა არ მოქმედებს, თუ მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულებით დგინდება, რომ იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთი საცხოვრებელ სადგომად გამოყენების მიზნით სარგებლობაში გადაეცემა იპოთეკარ ფიზიკურ პირს (მათ შორის, ინდივიდუალურ მეწარმეს), ან ადგილსამყოფლად (იურიდიულ მისამართად) გამოყენების მიზნით გადაეცემა იპოთეკარ იურიდიულ პირს. ამასთანავე, თუ ერთი და იმავე ფიზიკური პირის (მათ შორის, ინდივიდუალური მეწარმის) ან იურიდიული პირის სასარგებლოდ რეგისტრირებულია ორი იპოთეკის უფლება, მესამე და ყოველი მომდევნო იპოთეკის ხელშეკრულების დადებისას მასზე ვრცელდება ამ მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული შეზღუდვა.

ამასთან, კოდექსის მიხედვით, მარეგისტრირებელი ორგანოსათვის იპოთეკის უფლების რეგისტრაციის მიზნით წარდგენილი იპოთეკის ხელშეკრულების შინაარსისთვის, მასში მითითებული ფაქტობრივი გარემოებების ნამდვილობისა და მართლზომიერებისათვის პასუხისმგებელი არიან უშუალოდ იპოთეკის ხელშეკრულების მხარეები.

ცვლილება სამოქალაქო კოდექსში დღეიდან შევიდა. ინიციატივის ავტორი არის საქართველოს ფინანსთა სამინისტრო.

ელზა წიკლაური