რა ახალი ცვლილება ამოქმედდა დღეიდან ლიზინგისა და განვადების ნასყიდობასთან დაკავშირებით

დღეიდან ლიზინგისა და განვადების ნასყიდობის შემთხვევაში ახალი რეგულაცია ამოქმედდა. ცვლილება „საქართველოს სამოქალაქო კოდექსში“ შევიდა.

სამოქალაქო კოდექსის 576-ე მუხლს მიხედვით, თუ საქართველოს კანონმდებლობით სხვა რამ არ არის დადგენილი, ლიზინგის ხელშეკრულებით ლიზინგის გამცემი ვალდებულია ლიზინგის მიმღებს სარგებლობაში გადასცეს განსაზღვრული ქონება ხელშეკრულებით დათქმული ვადით, ამ ქონების შესყიდვის უფლებით ან ასეთი უფლების გარეშე, ხოლო ლიზინგის მიმღები ვალდებულია გადაიხადოს საზღაური დადგენილი პერიოდულობით, იმ პირობით, რომ: ა) ლიზინგის მიმღები განსაზღვრავს ქონებას და ირჩევს მიმწოდებელს, რომლისგანაც ხდება ქონების შესყიდვა ან მისი სხვაგვარად მიღება; ბ) ლიზინგის გამცემი ქონებას იძენს ლიზინგით გასაცემად და მიმწოდებლისთვის ეს ფაქტი ცნობილია.

ამასთან, კანონის მიხედვით, თუ საქართველოს კანონმდებლობით სხვა რამ არ არის დადგენილი და ლიზინგის დაფინანსების თანხა (ლიზინგის საზღაურში შემავალი ყველა დამატებითი გადასახდელისა და ხარჯის გარეშე) 100 000 (ასი ათას) ლარზე ნაკლებია, ლიზინგის გამცემის მიერ ფიზიკური პირისაგან (მათ შორის, ინდივიდუალური მეწარმისაგან) საზღაურის მიღება არ უნდა იყოს ნებისმიერი ფორმით უცხოურ ვალუტაზე მიბმული ან ინდექსირებული.

ამასთან, დღეიდანვე ძალაში შედის განვადების ნასყიდობასთან დაკავშირებით ცვლილებაც. ამ შემთხვევაშიც, განვადებით ნასყიდობისას გამყიდველის მიერ 100 000 (ასი ათას) ლარამდე ნივთის ფასის ფიზიკური პირისაგან (მათ შორის, ინდივიდუალური მეწარმისაგან) მიღება არ უნდა იყოს ნებისმიერი ფორმით უცხოურ ვალუტაზე მიბმული ან ინდექსირებული.

ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მიხედვით,  ლიზინგის საზღაურისა და განვადებით ნასყიდობის მიღების წესის დარღვევა − გამოიწვევს პირის გაფრთხილებას. გაფრთხილებიდან 30 კალენდარული დღის განმავლობაში სამართალდარღვევის საფუძვლის აღმოუფხვრელობა გამოიწვევს პირის დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით. ჯარიმის დაკისრებიდან 30 კალენდარული დღის შემდეგ ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევის საფუძვლის აღმოუფხვრელობა – გამოიწვევს პირის ხელახალ დაჯარიმებას.