უძრავ-მოძრავი ქონებით უზრუნველყოფილი სესხების ნაღდი ანგარიშსწორებით გაცემა აიკრძალა.
ამის შესახებ აღნიშნულია სამოქალაქო კოდექსში შესულ ცვლილებებში. ცვლილებების ავტორი ფინანსთა სამინისტროა.
კოდექსის იმ მუხლის მიხედვით, რომელიც უზრუნველყოფილი სესხის/კრედიტის გაცემის წესს არეგულირებს, სესხი მხოლოდ საბანკო გადარიცხვით გაიცემა.
„უძრავი ქონებით ან/და „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 53-ე მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული სატრანსპორტო საშუალებით ან/და სასოფლო-სამეურნეო მანქანის დამხმარე ტექნიკური საშუალებით, აგრეთვე წყლის, საჰაერო და სარკინიგზო სატრანსპორტო საშუალებით უზრუნველყოფილი სესხის/კრედიტის გაცემის შემთხვევაში სავალდებულოა გამსესხებელმა/კრედიტის გამცემმა მსესხებელს/კრედიტის მიმღებს ფულადი სახსრები გადასცეს უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით“, - აღნიშნულია კოდექსში.
იურიდიული პირი, რომელიც აღნიშნულ წესს დაარღვევს, დაჯარიმდება. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მიხედვით, უზრუნველყოფილი სესხის უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით გაცემის მოთხოვნის დარღვევა გამოიწვევს პირის გაფრთხილებას.
გაფრთხილებიდან 30 კალენდარული დღის განმავლობაში სამართალდარღვევის საფუძვლის აღმოუფხვრელობა − გამოიწვევს პირის დაჯარიმებას 10 000 ლარის ოდენობით. ჯარიმის დაკისრებიდან 30 კალენდარული დღის შემდეგ ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევის საფუძვლის აღმოუფხვრელობა − გამოიწვევს პირის ხელახალ დაჯარიმებას.