„რეზონანსი" - მიწის კანონზე უცხოელი რეზიდენტებისა და ბანკების მოგერიება თანდათან ძნელდება

სასოფლო-სამეურნეო მიწის კანონმდებლობის შემუშავების პროცესი ნელ-ნელა ფინალს უახლოვდება.ახალი პროექტის საბოლოო ვარიანტი ჯერ კიდევ არ არსებობს. უნდა ითქვას, რომ მისი მისამართით სხვადასხვა მხრიდან შეტევა მიმდინარეობს. როგორც გაზეთი „რეზონანსი" წერს, უცხოელი რეზიდენტებისა და ბანკების (რომელთა უკან ასევე უცხოური კომპანიები დგანან) მოგერიება თანდათან ძნელდება. სპეციალისტები მაინც იმედოვნებენ, რომ კანონპროექტი ქართულ მიწას დაიცავს.

მიწის შესახებ ორგანულ კანონპროექტში გაწერილია, თუ როგორ უნდა დარეგულირდეს უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე სასოფლო-სამეურნეო მიწის მიყიდვის პროცესი, რაზეც 2017 წლის ივნისში საქართველოს პარლამენტმა მორატორიუმი გამოაცხადა.

სხვადასხვა საკანონმდებლო ხვრელის მეშვეობით უცხოელების მიერ მიწის შეძენაზე საუბრობს "ბიზნეს-რეზონანსთან" სასოფლო-სამეურნეო სფეროს სპეციალისტი ანზორ საკანდელიძე. მისი თქმით, პარლამენტმა აღარ უნდა გააჭიანუროს პროექტის მიღება, რადგან ეს უამრავ პრობლემას ღიად დატოვებს. თუკი გამოცხადდება 5-წლიანი მორატორიუმი ქართულ მიწაზე, ამოქმედდება მცირე მეწარმეობის განვითარების პროგრამა, ძალიან დიდ შეღავათს მიიღებენ განსაკუთრებით სოფლის მეურნეობაში დასაქმებული მცირე მეწარმეები.

"წესით, აღარ უნდა გააჭიანურონ პროექტის მიღება. რასაც ჰქვია, შემოსევაზე არიან. დარჩენილია საკანონმდებლო ხვრელები და მისი მეშვეობით ცდილობენ, შეიძინონ ქართული მიწა. არ ვიცი, რამდენად შეესაბამება სიმართლეს, მაგრამ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ქართველ ქალებთან აწერენ ხელს ალბათ გარკვეული კომპენსაციის სანაცვლოდ და ისე ცდილობენ, მიწა საკუთრებაში გადაიფორმონ. აქედან გამომდინარე, სასწრაფოა, აკრძალვა დაწესდეს.

ჩვენ გვაქვს საკითხი დაყენებული, თუკი გამოცხადდება 5-წლიანი მორატორიუმი ქართულ მიწაზე, ამოქმედდება მცირე მეწარმეობის განვითარების პროგრამა, შედეგად დიდ შეღავათს მიიღებენ განსაკუთრებით სოფლის მეურნეობაში დასაქმებული მცირე მეწარმეები. ქართულ მიწას თავად ქართველები დაამუშავებენ და გასაყიდად აღარ გაიმეტებენ", - განუცხადა "ბიზნეს-რეზონანსს" საკანდელიძემ.

სექტემბერში მიწის კანონი აუცილებლად უნდა დამტკიცდეს და პროექტი აღარ უნდა გაჭიანურდეს. ამას პირდაპირ ითხოვენ სასოფლო-სამეურნეო სფეროს სპეციალიტები. პროფესორი ანზორ მესხიშვილი ამბობს, რომ კომერციულ ბანკებს მიწაზე არავითარი უფლება არ უნდა ჰქონდეთ. ისინი ახლა ყველანაირად ცდილობენ, მიწის განკარგვის უფლება მოიპოვონ და უცხოელებზე გაყიდონ. ქართველი გლეხები კი დაკარგავენ თავიანთ სავარგულებს და გაღატაკდებიან.

"სწორედ გუშინ გადმომიგზავნეს კანონპროექტი, რომლის განხილვასაც სექტემბრიდან დაიწყებს პარლამენტი. კანონში ჩადებულია სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის გაყიდვა, მაგრამ გარკვეული შეზღუდვებით, თუმცა ეს შეზღუდვები ყოველთვის არის კორუფციის ბუდე. ეს ჩემი პირადი აზრია. ასევე, კანონში შედის, რომ საფინანსო ორგანიზაციებს, ბანკებს, მიწა ჰქონდეთ საკუთრებაში და რაც მთავარია, უცხოეთის მოქალაქეებისთვის გარკვეული პირობები არის ჩადებული და თუ ამ პირობებს დააკმაყოფილებენ, მიწა საკუთრებაში გადაეცემათ.

სექტემბერში რა ცვლილება იქნება, არ ვიცით ჯერ, თუმცა უკვე სერიოზული შენიშვნები აქვთ სოფლის მეურნეობის სპეციალისტებს. აქედან გამომდინარე, ჯერ კონკრეტულზე ვერ ვისაუბრებთ. სულ არაფერს ეს კანონპროექტი ნამდვილად სჯობს, არის გარკვეული წინსვლა, თუმცა გამონაკლისის სახით შეიძლება უცხოელმა მაინც იყიდოს ნაკვეთი, გარკვეული პირობების დაცვით. ასევე, სასოფლო-სამეურნეო მიწას ბანკები არ უნდა განკარგავდნენ, ამის არავითარი უფლება არ აქვთ. მიწის გირავნობა სამოქალაქო კოდექსით არ ხდება, ის მხოლოდ იპოთეკას ითვალისწინებს", - განუცხადა "ბიზნეს-რეზონანსს" მესხიშვილმა.

საქართველოს პარლამენტი მალე განიხილავს "სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ" კანონში შესატან ცვლილებას. კანონპროექტის თანახმად, განსაზღვრულია, რომ გამონაკლისის სახით სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლებამოსილება მიენიჭებათ: საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ კომერციულ ბანკებს, რომლებსაც სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების უფლება წარმოეშობათ მხოლოდ საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული საბანკო საქმიანობის ფარგლებში; განსაკუთრებულ შემთხვევებში, დასაბუთებული აუცილებლობის არსებობისას, დაინტერესებულ პირებს, მთავრობის გადაწყვეტილებით;

სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა უმნიშვნელოვანესი სახელმწიფო რესურსია, რომელსაც განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება სოფლის მეურნეობის სფეროში სახელმწიფოს გრძელვადიანი ეკონომიკური განვითარებისათვის. შესაბამისად, უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ მის განკარგვასთან დაკავშირებული სამართლებრივი აქტები ეფუძნებოდეს საკითხის დეტალურ გააზრებას, გრძელვადიან სისტემურ ხედვასა და საკანონმდებლო რეგულირების შესაძლო შედეგების სიღრმისეულ ანალიზს. 

გაზეთი „რეზონანსი"

ნათია ლომიძე