თბილისში დაუსრულებელი მშენებლობები შესაძლოა, დღგ-სგან გათავისუფლდეს

თბილისში დაუსრულებელი მშენებლობები შესაძლოა, დამატებითი ღირებულების გადასახადისგან გათავისუფლდეს.როგორც დედაქალქის მერის მოადგილემ ილია ელოშვილმა განაცხადა, მერია მსგავსი შენობების მეპატრონეებთან ინდივიდუალურ რეჟიმში მუშაობს და განიხილება როგორც „ფინანსური წნეხის“ მოხსნა, ისე იურიდიული საკითხების მოგვარება.

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის ინფორმაციით, თბილისში სულ 179 დაუსრულებელი შენობაა. მისი თქმით, მშენებლობები რაც შეიძლება მოკლე დროში უნდა დასრულდეს, რისთვისაც სამშენებლო კომპანიებისა და დეველოპერების აქტიურობაა საჭირო.

თავის მხრივ, თბილისის მერის მოადგილე ილია ელოშვილი აცხადებს, რომ 50 დაუსრულებელი შენობის მეპატრონესთან, თუ ამხანაგობასთან შეხვედრები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს და მერიას მათი პრობლემების შესწავლა უკვე დაწყებული აქვს.

„როგორც მოსალოდნელი იყო, გამოიკვეთა ფინანსური და იურიდიული პრობლემები. ასევე, ფართების კუთხით და მოსახლეობასთან კომუნიკაციის მიმართულებით. რაც შეეხება შეხვედრას პრემიერთან, ჩვენ მისგან მივიღეთ დავალება, ბიზნესს გადავცეთ, რომ გააქტიურდნენ. ამ მხრივ, მისი სრული მხადაჭერა გვაქვს“,-განაცხადა ილია ელოშვილმა.

მისი თქმით, მთელ ამ პროცესში მერია იქნება გაცილებით უფრო მოქნილი და შეცვლის მიდგომებს იმ საკითხებთან დაკავშირებითაც, სადაც შედარებით მკაცრი იყო. კონკრეტულად კი, ვადებთან და ფართებთან მიმართებით.

„მათ ვთავაზობთ, რომ ჩვენი მხრიდან რაც შესაძლებელია, ფინანსური წნეხი მოვუხსნათ. ფართების კუთხით, სადაც შედარებით მკაცრები ვართ, ვიქნებით ასევე უფრო მოქნილები. პირად კონტროლზე გვყავს აყვანილი თითოეული მათგანის საქმის წარმოება, რომ ვადებთან დაკავშირებით არ მოხდეს მათი შეფერხება“,-განაცხადა ილია ელოშვილმა.

კითხვაზე, შეღავათებში იგულისხმება თუ არა დღგ-სგან გათავისუფლება, ხოლო ფართებთან დაკავშირებით კოეფიციენტის გაზრდა, - ილია ელოშვილი პასუხობს, რომ დიახ.

„პრობლემები განსაკუთრებით გამოიკვეთა ფართებთან მიმართებით. მეორე, ეს არის ფინანსური საკითხები, როცა დაიწყეს მშენებლობა და სხვადასხვა სუბიექტური თუ ობიექტური მიზეზების გამო ვერ მიიყვანეს ბოლომდე. მესამეა დავები, რომელიც ერთმანეთში აქვთ თვითონ მენაშენეებს, მფლობელებსა და ამხანაგობებს. არის შემთხვევებიც, როცა მოსახლეობა ეწინააღმდეგება წამოწყებულ მშენებელობებს, რადგან მიიჩნევენ, რომ ეს გააუარესებს მათ საცხოვრებელ გარემოს.

ჩვენ მაქსიმალურად ვმუშაობთ, რომ რაც შეიძლება სწრაფად მოაგვარონ ეს პრობლემები. ზოგს უკვე დაწყებული აქვს პროცედურა, ზოგთან მოლაპარაკებები გვაქვს. ჩვენ ამ საკითხს აუცილებლად მივიყვანთ ბოლომდე“,-განაცხადა ილია ელოშვილმა.

საქართველოში დაუსრულებელი მშენებლობების პრობლემები უკვე დიდი ხანია არსებობს. ამიტომ 2015 წელს მაშინდელი პრემიერის ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით, 2008 წლის აგვისტომდე დაწყებული მშენებლობები სახელმწიფოს წინაშე არსებული ვალდებულებებისგან გათავისუფლდნენ, ანუ დღგ-გან გათავისუფლდნენ. სამშენებლო ამნისტია ჯერ 2018 წლის იანვრამდე გამოცხადდა, შემდეგ კი 2020 წლის იანვრამდე გადავადდა. აღნიშნული შეღავათი მთელი საქართველოს მასშტაბით ვრცელდებოდა.

ამჯერად რამდენად ეფექტიანი იქნება მშენებლების დღგ-სგან გათავისუფლება, „მენაშენეთა ასოციაციის“ თავმჯდომარე ირაკლი როსტომაშვილი ამბობს, რომ თავის დროზე ამან კარგი შედეგი ნამდვილად გამოიღო. თუმცა, ამავე მექანიზმმა გამოკვეთა, რომ მშენებლებს მხოლოდ ფინანსური პრობლემები არ ჰქონდათ.

„თავის დროზე დღგ-სგან გათავისუფლებამ ძალიან კარგი შედეგი გამოიღო. ამან არა მხოლოდ ძალიან ბევრი კომპანია, არამედ დარგი გადაარჩინა. თუმცა სწორედ ამ პროგრამამ გვაჩვენა, რომ მხოლოდ ეს საკითხი არ იყო პრობლემური. კი, ფინანსური მხარე ერთ-ერთი მნიშვნელოვანი იყო, მაგრამ სხვა საკითხებიც იყო მოსაგვარებელი. მე ვფიქრობ, ახლა თბილისში დაუსრულებელ მშენებლობებს სულ სხვაგვარი პრობლემები უდგათ. აქ იურიდიული საკითებია ძალიან სერიოზული. მე ვიცი რამდენიმე მშენებელობა, სადაც მეზობლებს ქონება დაყადაღებული აქვთ და ამის გამო ვერ ხდება მშენებლობის გაგრძელება, რადგან ფინანსური ნაკადები ვეღარ მიდის კომპანიის ანგარშზე. მაგალითად, მოდავე მხარე უყადაღებს მთელ ქონებას და ეს იწვევს ხოლმე მთელი რიგი პროცესების პარალიზებას“,-აცხადებს ირაკლი როსტომაშვილი.

მისი თქმით, ასევე არსებობს იურიდიული პრობლემები არასწორი პროექტების გამო და ყველა ეს საკითხი დასარეგულირებელია.

„მე ძალიან შორს ვარ იმისგან, რომ რადგან ცუდ მდგომარეობაში ჩავარდა რომელიმე კომპანია და პროექტიდან გადაუხვია, მერიამ უნდა შეითანხმოს ის. თუმცა აქვე გასათვალისწინებელია ის კეთილსინდისიერი მოსახლეობა, ვინც ბინები იყიდა, მაგრამ კომპანიისა და მერის დავაში დაზარალდნენ. ვფიქრობ, აქ რაღაც კომპრომისებია მოსაძებნი. ხშირ შემთხვევაში, მაგალითად, 200 ოჯახს ბინები შეძენილი აქვს 30 სხვადასხვა მშენებლობაზე. ვფიქრობ, დაფინანსებით ან რამე მექანიზმით, 5-ის დამთავრება და ოპტიმიზაციის გაკეთება, ანუ ამ 200-ის იმ 5 ბინაში გაყვანა, კარგი გამოსავლია. მაგალითად, არის 80-ბინიანი სახლი, სადაც გაყიდულია მხოლოდ 10, ამ 10 კაცის გამო იმის დამთავრება უფრო არარეალურია, ვიდრე 80 ბინაში გადმოყვანა სხვა კომპანიებიდან. არის გზები, რომელზეც ნაფიქრი გვაქვს და მერიის დაინტერესების შემთხვევაში, ჩვენ მზად ვართ ვითანამშრომლოთ“,-აცხადებს „მენაშენეთა აცოსიაციის“ თავმჯდომარე.

ნინი ქეთელაური