როდიდან შეძლებენ ე.წ კერძო გამსესხებლები ქონებით უზრუნველყოფილი სესხების გაცემას

ე.წ. კერძო გამსესხებლები რამდენიმე თვის განმავლობაში ქონებით უზრუნველყოფილი სესხების გაცემას ვერ შეძლებენ.როგორც „ბიზნესპრესნიუსს“ საქართველოს ეროვნულ ბანკში განუცხადეს, მათ ეს უფლება მხოლოდ მას შემდეგ მიენიჭებათ, რაც სებ-ში რეგისტრაციას გაივლიან.

როგორც ცნობილია, 20 აგვისტოდან ე.წ კერძო გამსესხებლებზე მასშტაბური შეზღუდვები ამოქმედდა. კერძოდ, სამოქალაქო კოდექსში შეტანილი ცვლილებების მიხედვით, კერძო გამსესხებლებს, რომლებიც ეროვნულ ბანკში (სებ) არ არიან სესხის გამცემ სუბიექტად რეგისტრირებულნი, ფიზიკურ პირებზე უძრავ-მოძრავი ქონებით უზრუნველყოფილი სესხების გაცემა აეკრძალათ. ეს იმას ნიშნავს, რომ გარდა ბანკებისა და მიკროსაფინანსო ორგანიზაციებისა, არც ერთ მეწარმეს ბინის გირაოში ჩადების სანაცვლოდ თანხის გაცემის უფლება არ ექნებათ.

როგორც ეროვნულ ბანკში „ბიზნესპრესნიუსს“ განუცხადეს, რეგისტრაციის გავლის შესაძლებლობა მათ მხოლოდ 2019 წლის იანვრიდან ექნებათ: „ოქტომბერში გავრცელდება ეროვნული ბანკის დადგენილება, თუ როგორ უნდა მოახდინონ ამ პირებმა რეგისტრაცია, ანუ გამოქვეყნდება რეგისტრაციის წესები. 2019 წლის იანვრიდან დარეგისტრირების საშუალება მიეცემათ. მანამდე კი უზრუნველყოფილ სესხებს ვერავინ გასცემს“, - განუცხადეს „ბიზნესპრესნიუსს“ ეროვნულ ბანკში.