მილიონიანი „შუამავლები“ ბიზნესსა და მთავრობას შორის?!

მამაცაშვილის გვარი „საქმეების მოგვარების“ თემებში სულ უფრო ხშირად ისმის

ვინ სთავაზობდა ბიზნესს მთავრობასთან შუამავლობას და ხდება თუ არა საბიუჯეტო დავალიანებასთან დაკავშირებული პრობლემის „მოგვარება“ 2 მილიონი დოლარის სანაცვლოდ.

ცოტა ხნის წინ ახალი ფარული აუდიოჩანაწერი გამოქვეყნდა, სადაც სავარაუდოდ „ომეგა ჯგუფის“ დამფუძნებელი, ზაზა ოქუაშვილი, სავარაუდოდ სპორტისა და ახალგაზრდობის ყოფილ მინისტრს, ლევან ყიფიანს ესაუბრება. ჩანაწერის ნამდვილობა რა თქმა უნდა პროკურატურამ უნდა დაადასტუროს, თუმცა საუბრის შინაარსიდან ჩანს თითქოს, ყიფიანი „ომეგა ჯგუფის“ დამფუძნებელს ბიუჯეტის წინაშე არსებული დავალიანების „მოგვარებას“ 2 მილიონი დოლარის სანაცვლოდ, ბიძინა ივანიშვილის დეიდაშვილის, უჩა მამაცაშვილის დახმარებით ჰპირდება.

ფარულ ჩანაწერში საუბარია, რომ უჩა მამაცაშვილი პრემიერს უნდა შეხვედროდა და საქმე 2 მილიონ დოლარად მოეგვარებინა. ამ ორი მილიონის მხოლოდ ნაწილი უნდა წასულიყო ბიუჯეტში, დანარჩენი კი საქმის მომგვარაბელ პირებზე გადანაწილებულიყო.

ლევან ყიფიანი: - ბიჭო უჩამ ხომ არ მოგვიშორა მეთქი რა, მაგას ვეუბნებოდი... მე ვუთხარი. არა, რატომ მოგვიშორებდა? ლევან, მე ჩამოვალო და დიდი პატივისცემით შეგხვდებით, მაგრამ ჩემი საქმე ეგ არ არიო, პრემიერის საქმეაო, გაიგე? და გადაამისამართა ეგრევე. მე პრემიერთან მაქვს შეხვედრაო, ახლა ჩამოვალ რაიონში ვარო და მოვდივარ თბილისშიო, როგორც კი ჩამოვალ, პრემერი უნდა ვნახოო. პრემიერთან ამ თემაზე...პრემიერმა იცის, შენ რომ შუამავალი ხარო და მეც იქვე დავამატებო და ვეტყვიო, რომ მხარი დავუჭიროთ რა ამ პროექტს და ნუ გავწირავთ. ჩამოვალ თუ არა შეხვედრა იქნება პრემიერთან, შევხვდეთ დღის განმავლობაში, ან საღამოს დავჯდეთ. შევხვდეთ ამ ხალხს, ვემუშავოთ, რომ დაიჯერონ და შესაბამისად რაღაც იქნებაო - კონტრიბუცია...

ზაზა ოქუაშვილი: - კონტრიბუცია? ა, ჰოოო!!! ორი მილიონი დოლარი კაცო?

ლევან ყიფიანი: - ხო ნუ, რომ შეთანხმდება რა... აქედან 1 მილიონი წავა, იმაში, ბიუჯეტში და ნაწილი იმ ხალხთან ვინც გვემუშავა..

ზაზა ოქუაშვილი: - მაგისი ის რომ იყოს, ხომ ბიუჯეტშიც გადავიხდიდი...

ლევან ყიფიანი: - წლის ბოლომდე რა და მერე ის გრაფიკი ვამუშაოთ რა...

სპორტისა და ახალგაზრდობის ყოფილი მინისტრი ამ ეტაპზე ჟურნალისტებთან კონტაქტს თავს არიდებს. აღსანიშნავია, რომ ეს უკვე მეორე აუდიოჩანაწერია, რომელსაც კონფიდენციალური წყარო ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ს აწვდის. თუ ჩანაწერი ავთენტურია, ის უდავოდ შეიცავს დანაშაულის ნიშნებს და შესაბამისი უწყებების რეაგირების მიღმა არ უნდა დარჩეს. თუმცა ჯერ არ არის ცნობილი დაიწყო თუ არა პროკურატურამ გამოძიება ბოლო დროს გამოქვეყნებულ აუდიოჩანაწერებთან დაკავშირებით და დაიბარებენ თუ არა პროკურატურაში ლევან ყიფიანსა და ზაზა ოქუაშვილს. ფაქტი კი ერთია, მამაცაშვილი ის გვარია, რომელიც ამ ხელისუფლების პირობებში ყველაზე ხშირად ისმის ბიზნესსა და ხელისუფლებას შორის გარიგებისა თუ ე.წ. საქმეების მოგვარების კონტექსტში. გავრცელებული ინფორმაციით უჩა მამაცაშვილს ბიძინა ივანიშვილზე და მის გადაწყვეტილებებზე საკმაოდ დიდი გავლენა აქვს. ეს ყველაფერი ბიზნესისთვის ბიუჯეტის ვალის მოგვარების შევარდნაძის მთავრობის დროინდელ მეთოდებს უფრო ჰგავს, ვიდრე სააკაშვილის მთავრობის დროს გავრცელებულს, როცა ხელისუფლებასთან დაახლოებული კომპანიებისთვის, მათ შორის „რუსთავი 2“-თვის, სახელმწიფოს წინაშე დაგროვილი მილიონობით დავავალიანების ჩამოწერა ხდებოდა.

შეგახსენებთ, რომ ტელეკომპანია „იბერიას“ არხის მფლობელები და თანამშრომლები ხელისუფლებას ზეწოლაში ადანაშაულებენ და „ომეგა ჯგუფის“ მფლობელობაში არსებული ამ ტელევიზიისთვის მთავარი ფინანსური წყაროს გადაკეტვაში ადანაშაულებენ. ტელეკომპანია „იბერიას" საინფორმაციო სამსახურის განცხადებით, ხელისუფლების მიზანი ტელეკომპანიის დახურვაა. თავის მხრივ კი ფინანსთა სამინისტრო აცხადებს, რომ „ომეგა ჯგუფში“ შემავალ, სიგარეტის მწარმოებელ კომპანია შპს „ოჯთ-ის“ საგადასახადო დავალიანების სახით 51 მლნ 717 ათასი ლარი დაუგროვდა, რომლის ძირითად ნაწილს შეადგენს თამბაქოს ნაწარმზე აქციზის გადასახადის გადაუხდელობა. მათი ინფორმაციით, „ოჯთ“-მ რამდენჯერმე დაარღვია დავალიანების დაფარვის შეთანხმებული გრაფიკი და ამჟამად, კომპანიის მიმართ გავრცელებულია იძულებითი ღონისძიებები - ინკასო და ყადაღა, რამაც ტელეკომპანია „იბერიაში“ ფინანსური პრობლემები გამოიწვია.

ემა ტუხიაშვილი