ივანე მაჭავარიანი ფინანასთა მინისტრის პოსტს 2018 წლის ივლისიდან იკავებს.
მანამდე მას კომპანია “ჯეოსელის” კომერციული დირექტორის თანამდებობა ეკავა, სადაც 2017 წლის განმავლობაში შემოსავლის სახით 386 463 ლარი მიიღო.
მიმდინარე წლის 8 სექტემბერს შევსებული ქონებრივი დეკლარაციის თანახმად, მაჭავარიანი ფლობს 950 კვადრატული მეტრი ფართობის მიწის ნაკვეთსა და 290,95 კვ. მეტრის საცხოვრებელ სახლს დუშეთის მუნიციპალიტეტში; თბილისში 22,45 კვ. მეტრის შენობა-ნაგებობის 50%-იან წილს, რომელიც 2018 წელს გამიჯვნის საფუძველზე აქვს მიღებული. მასვე ეკუთვნის 217,82 კვ. მეტრი ფართობის არასაცხოვრებელი ფართი დედაქალაქში, რომელიც ასევე გამიჯვნის საფუძველზე აქვს მიღებული წინა წელს; 94 კვ. მეტრის მიწის ნაკვეთი თბილისში, რომელიც 2018 წელს გამიჯვნის საფუძველზე მიიღო.
გარდა ამისა, მინისტრის საკუთრებაშია თბილისში მდებარე 178,56 კვ. მეტრისა და 90,62 კვ. მეტრი ფართობის 2 ბინა და 48 კვ. მეტრის არასაცხოვრებელი ფართი.
რაც შეეხება მის ფინანსურ მდგომარეობას, დეკლარაციის შევსების მომენტში სხვადასხვა საბანკო ანგარიშზე ჯამში, 286 820.24 დოლარი; 22 813.99 ევრო, 1 549,49 გირვანქა სტერლინგი და 7 328,21 ლარი; ნაღდი ფულადი თანხის სახით კი 21 500 ლარი ჰქონდა.
ამასთან, როგორც დეკლარაციაშია აღნიშნული, წინა წელს ივანე მაჭავარიანმა ქონების გადასახადის სახით 5 255,8 ლარი გადაიხადა. დეკლარაციის მიხედვით მაჭავარიანი ფლობდა - შპს „ქალამანი 2007“-ს; შპს „ტელესონიკის“ 50%-50%-იან წილებსა და შპს კაფე-გალერეას 40%-იან წილს, თუმცა, აღსანიშნავია, რომ მათი საქმიანობის შედეგად გასულ წელს ფინანსთა მინისტრს შემოსავალი არ მიუღია.
ივანე მაჭავარიანს ჰყავს მეუღლე და ორი შვილი. მისი მეუღლე ფლობს: 450 კვადრატული მეტრი ფართობის მიწის ნაკვეთს თბილისში; იმავე მისამართზე მდებარე 460,8 კვ. მეტრის საცხოვრებელ სახლს და 150 კვ. მეტრის არასაცხოვრებელ ფართს დედაქალაქში. მასვე ეკუთვნის მსუბუქი ავტომობილი „ტოიოტა რავ 4“. ფინანსურ მდგომარეობას რაც შეეხება, დეკლარაციის შევსების მომენტში სხვადასხვა საბანკო ანგარიშზე - 131 695.1 დოლარი; 6,85 ლარი და 50 000 ევრო ჰქონდა.