აშშ-ის შიდა უსაფრთხოების დეპარტამენტმა შეიმუშავა კანონპროექტი, რომლითაც „მწვანე ბარათის“ მიღების წესი რთულდება.
კანონპროექტის მიხედვით, ბარათის გაცემა შეიზღუდება იმ ადამიანებზე, რომელთაც მცირე შემოსავალი აქვთ. კერძოდ, დაგეგმილი რეგულაციის თანახმად, ე.წ. მწვანე ბარათს ვერ მიიღებენ ის ადამიანები, რომლებიც საკუთარ ქვეყანაში სოციალური შეღავათებით სარგებლობენ. თეთრ სახლში თვლიან, რომ ცვლილება ამერიკაში შესვლის მსურველთა რაოდენობას შეამცირებს. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა „პოლიტიკო“ ავრცელებს.
ამასთან, კანონპროექტის მიხედვით, Green Card-ის მიღების მსურველები ვერ მიიღებენ უფასო საკვებს, უმუშევრობის შემწეობას და უფასო მედიკამენტებს. კრიტიკის საგნად რჩება ბავშვების შემწეობის საკითხი. კრიტიკოსები ამბობენ, რომ გამკაცრებული რეგულაცია მიგრანტ ბავშვებს ფაქტობრივად, სამედიცინო დახმარებისა და კვების გარეშე დატოვებს.
ამერიკის შიდა უსაფრთხოების დეპარტამენტის ხელმძღვანელის კირსტენ ნილსენის თქმით, კანონპროექტი აუცილებელია იმისათვის, რომ ამერიკაში ჩასულმა მიგრანტებმა ამერიკელი გადამხდელების ხარჯზე არ იცხოვრონ.
მწვანე ბარათი, ანუ Green Card, აშშ-ს საემიგრაციო სტატუსის დამადასტურებელი ბარათის არაფორმალური სახელია. ამ სტატუსს აშშ-ს მუდმივი რეზიდენტი – Permanent Resident ეწოდება და მფლობელს უფლებას აძლევს, ლეგალურად იცხოვროს და იმუშაოს ამერიკის შეერთებულ შტატებში, ისარგებლოს სახელმწიფო სამედიცინო დაზღვევით, მიიღოს კრედიტი შეღავათიანი პირობებით და ჰქონდეს აშშ-ს სოციალური დაზღვევის ნომერი (Social Security Number).
Green Card–ის ფლობა არ ნიშნავს აშშ-ს მოქალაქეობის მიღებას. მოქალაქეობა ცალკე მდგომი, უმაღლესი სტატუსია. მოქალაქეს არჩევნებში მონაწილეობის მიღებაც შეუძლია, მაშინ, როცა მწვანე ბარათის მფლობელს ამის უფლება არ აქვს.
ე.წ. მწვანე ბარათის ლატარია, ოფიციალურად კი “მრავალფეროვანი იმიგრაციის სავიზო პროგრამა” აშშ-ს კონგრესის დამტკიცებული გათამაშებაა, რომელსაც წელიწადში ერთხელ აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი ატარებს. Green Card-ის ლატარეა 1995 წლიდან ტარდება.
ყოველწლიურად ამ ლატარიით 50 ათასი მწვანე ბარათი თამაშდება მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში და მათ შორის, საქართველოშიც. პროგრამის მიზანი აშშ-ს მოსახლეობის მრავალფეროვნების შენარჩუნება და სხვა ქვეყნების მოქალაქეებისთვის, აშშ-ში ლეგალურად ცხოვრების და მუშაობის უფლების მინიჭებაა.