სესხის მომსახურების კოეფიციენტი მსესხებლის შემოსავალზე იქნება დამოკიდებული.
ამის შესახებ ეროვნული ბანკის მიერ მომზადებულ „ფიზიკურ პირებზე სესხების გაცემის შესახებ დებულებაშია" აღნიშნული.
შეგახსენებთ, რომ აღნიშნული დებულების სამუშაო ვერსია სებ-მა რამდენიმე თვის წინ გამოაქვეყნა და მისი ამოქმედება სესხის გამცემი ყველა სუბიექტისთვის 2019 წლის 1-ლი იანვრიდან იგეგმებოდა. დღეს კი, როგორ სებ-ის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე აცხადებს, რეკომენდაციების მიღების შემდეგ ამ დებულების საბოლოო ვერსია ჩამოყალიბდა, ხოლო მასში გაწერილი რეგულაციების ამოქმედების თარიღმა კომერციული ბანკებისთვის გადმოიწია და მისი თქმით, ახალი მოთხოვნების დაკმაყოფილება კომერციულ ბანკებს 1-ლი ნოემბრიდან მოუწევთ.
ამასთან, როგორც გვენეტაძემ აღნიშნა, დებულებით გაწერილი რეგულაციები ბანკების გარდა სხვა ყველა სესხის გამცემი სუბიექტისთვის 2019 წლის 1-ლი იანვრიდან ამოქმედდება.
კერძოდ, აღნიშნული დებულების თანახმად, 1 000 ან უფრო ნაკლები ყოველთვიური შემოსავლის შემთხვევაში, ჰეჯირებული მსესხებლებისთვის სესხის მომსახურების მაქსიმალური კოეფიციენტი 20% უნდა იყოს, ანუ ეს იმას ნიშნავს, რომ თუ თქვენ ყოველთვიური შემოსავალი გაქვთ 800 ლარი, ყოველთვიური დასაფარი თანხა 160 ლარს არ უნდა აღემატებოდეს.
ამასთან, სესხის მომსახურების მაქსიმალური კოეფიციენტი 1 000-დან 3 000 შემოსავალზე - 25% უნდა იყოს; 3 000-5 000 ლარის შემოსავლის შემთხვევაში - 30%; 5 000-7 000 ლარის ფარგლებში - 40%; 7 000-დან 10 ათას ლარამდე ყოველთვიური შემოსავლის შემთხვევაში კი - 50% უნდა იყოს.
ამასთან, როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, თუ მსესხებლის/თანამსესხებლის ყოველთვიური წმინდა შემოსავლები აღემატება 10 ათას ლარს, სესხის მომსახურების კოეფიციენტი შესაძლებელია განისაზღვროს სესხის გამცემი ორგანიზაციის შიდა პოლიტიკა - პროცედურების შესაბამისად, თუმცა ამან არ უნდა გამოიწვიოს მსესხებლის/თანამსესხებლის ჭარბვალიანობა.
ცნობისთვის, ფიზიკურ პირებთან მიმართებაში მსესხებელი/თანამსესხებელი ითვლება ჰეჯირებულად, თუ მისი ყოველთვიური წმინდა შემოსავლები ვალუტების მიხედვით საკმარისია შესაბამის ვალუტაში არსებული ყოველთვიური გადასახდელების არანაკლებ 90%-ით მომსახურებისთვის.