კერძო სექტორიდან მთავრობაში - რა შემოსავალი ჰქონდა ეკონომიკის მინისტრის მოადგილეს „საქორგაზსა“ და „ენერგო-პრო ჯორჯიაში“

ნინო ენუქიძე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის თანამდებობას მიმდინარე წლის 23 ივლისიდან იკავებს.

მანამდე კი ენუქიძე სს „ენერგო პრო-ჯორჯია“ - გენერალური დირექტორის მრჩეველი იყო. ასევე მუშაობდა - შპს „სოკარ ჯორჯია გაზის“ კონსულტანტად სამართლებრივ საკითხებში; სს „საქორგგაზი“ - დირექტორის მოადგილედ და შპს „სოკარ ჯორჯია გაზდისტრიბუშენის“ დირექტორის მრჩევლად.

კერძო სექტორში გადასვლამდე კი, ნინო ენუქიძე ჯერ კიდევ „ნაციონალური მოძრაობისა“ თუ შემდეგ „ქართული ოცნების“ მმართველობის პერიოდში ასევე სხვადასხვა სახელმწიფო უწყებაში იყო დასაქმებული. მათ შორის, 2008 – 2012 წლებში ენერგეტიკის მინისტრის მოადგილის; 2012 წელს კი ფინანსთა მინისტრის მოადგილის თანამდებობას იკავებდა.

„ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა, რა ქონებას ფლობს ეკონომიკის მინისტრის მოადგილე. 2018 წლის 21 სექტემბერს შევსებული ქონებრივი დეკლარაციის თანახმად, ნინო ენუქიძე ფლობს, 99,48 კვადრატული მეტრი ფართობის ბინას თბილისში და იმავე მისამართზე მდებარე 36 კვ. მეტრის ავტოფარეხს.

რაც შეეხება მის ფინანსურ მდგომარეობას, დეკლარაციის შევსების მომენტში, სხვადასხვა საბანკო ანგარიშზე - 100 172.71 ლარი; 41 517.65 დოლარი და 400 ევრო; ნაღდი ფულადი თანხის სახით კი, 50 000 დოლარი ჰქონდა.

აღსანიშნავია, რომ ენუქიძის შემოსავალმა „საქორგაზის“ დირექტორის მოადგილედ ყოფნისას 2017 წლის განმავლობაში, 111 156,25 ლარი; „ენერგო-პრო ჯორჯიას“ გენერალური დირექტორის მრჩევლად მუშაობისას კი 244 224,37 ლარი შეადგინა.

ნინო ენუქიძეს ჰყავს მეუღლე და სამი შვილი. მისი მეუღლის შემოსავალმა გასულ წელს შპს "საქრუსენერგოს“ გენერალური დირექტორის მოადგილის თანამდებობაზე 182 227,07 ლარი შეადგინა. ის ფლობს სამ ბინას დედაქალაქში და ერთ ბინას ბათუმში. მის საკუთრებაშია ასევე თბილისში მდებარე ორი მიწის ნაკვეთი, სარდაფი და ავტოფარეხი. მასვე დეკლარაციის შევსების მომენტში სხვადასხვა საბანკო ანგარიშზე 39 120 ლარი და 103,68 ევრო; ნაღდი ფულადი თანხის სახით კი 30 000 ლარი ჰქონდა. ამასთან, ენუქიძის მეუღლე შპს ”ქართველ პროფესიონალთა ჯგუფის” 33%-იანი და შპს „ჰაიდროკორპის“ 25%-იანი წილების მფლობელია.