სესხებზე ყოველთვიური შენატანის წესი მკაცრდება. ამის შესახებ ეროვნული ბანკის მიერ მომზადებულ „ფიზიკურ პირებზე სესხების გაცემის შესახებ დებულებაშია" აღნიშნული.
შეგახსენებთ, რომ აღნიშნული დებულების სამუშაო ვერსია სებ-მა რამდენიმე თვის წინ გამოაქვეყნა და მისი ამოქმედება სესხის გამცემი ყველა სუბიექტისთვის 2019 წლის 1-ლი იანვრიდან იგეგმებოდა. თუმცა, როგორც რამდენიმე დღის წინ სებ-ის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ განაცხადა, რეკომენდაციების მიღების შემდეგ ამ დებულების საბოლოო ვერსია ჩამოყალიბდა, ხოლო მასში გაწერილი რეგულაციების ამოქმედების თარიღმა კომერციული ბანკებისთვის გადმოიწია და მისი თქმით, ახალი მოთხოვნების დაკმაყოფილება კომერციულ ბანკებს 1-ლი ნოემბრიდან მოუწევთ.
ამასთან, როგორც გვენეტაძემ აღნიშნა, დებულებით გაწერილი რეგულაციები ბანკების გარდა სხვა ყველა სესხის გამცემი სუბიექტისთვის 2019 წლის 1-ლი იანვრიდან ამოქმედდება.
აღნიშნული დოკუმენტის თანახმად დაუშვებელი იქნება ისეთი სესხის გაცემა, რომელზეც მსესხებელი მხოლოდ საპროცენტო განაკვეთს იხდის, ხოლო ძირ თანხას ან მის მნიშვნელოვან ნაწილს სასესხო ვადის ბოლოს ფარავს.
„დაუშვებელია ისეთი სესხის/კრედიტის გაცემა, როდესაც მსესხებელი/თანამსესხებელი მთლიან ძირს ან ძირის მნიშვნელოვან ნაწილს იხდის ვადის ბოლოს. ძირის გადახდა სასურველია ხდებოდეს მსესხებლის/თანამსესხებლის შემოსავლებზე მორგებული გონივრულად შედგენილი გრაფიკის მიხედვით,“-აღნიშნულია დოკუმენტში.
ამასთან, აღსანიშნავია, რომ ზემოთ აღნიშნული შეზღუდვა არ ვრცელდება საკრედიტო ბარათებზე, ოვერდრაფტებზე და სხვა რევოლვირებად პროდუქტებზე.