მიმდინარე წლის 1-ლი ოქტომბრიდან საქართველოში რამდენიმე მნიშვნელოვანი ცვლილება შევა ძალაში.„ბიზნესპრესნიუსი“ 1-ლი ოქტომბრიდან დაგეგმილ რეგულაციებს გთავაზობთ:
ტაქსების ლიცენზირება
1-ელი ოქტომბრიდან ტაქსის სერვისით მომსახურება ლიცენზიის გარეშე იკრძალება. როგორც თბილისის ტაქსის ვებ-გვერდზე განთავსებული ინფორმაციიდან ირკვევა, ამ დროისთვის დედაქალაქში ტაქსის სერვისით მომსახურების 9 659 ნებართვაა გაცემული. ამასთან, აღსანიშნავია, რომ ის ტაქსები, რომელთაც შესაბამისი რეგისტრაცია არ ექნებათ გავლილი, 1-ლი ოქტომბრიდან 200 ლარით დაჯარიმდებიან.
ტექდათვალიერების მე-3 ფაზა
1-ლი ოქტომბრიდან ავტოსატრანსპორტო საშუალებების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების მესამე ფაზა ამოქმედდება. კერძოდ, ოქტომბრიდან ინსპექტირება სავალდებულო იქნება ყველა ავტომობილისთვის, რომლის ძრავის მოცულობა 3,000 კუბური სმ ან მეტია. პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების პროცესის საინფორმაციო ხელშეწყობის მიზნით, შექმნილია ცხელი ხაზი (1484), რომელიც მუშაობს ყოველ სამუშაო დღეს 10:00-დან 18:00 სათამდე.
შეგახსენებთ, რომ 2018 წლის 1-ლი იანვრიდან ტექნიკური ინსპექტირება - სამგზავრო და სატვირთო ავტომობილებისთვის, 1-ლი ივლისიდან კი სახელმწიფო უწყებების და იურიდიული პირების კუთვნილებაში არსებული ავტოსატრანსპორტო საშუალებებისთვის ამოქმედდა. მთლიანად ავტოპარკისთვის კი ტექნიკური ინსპექტირება 2019 წლის 1-ლი იანვრიდან გახდება სავალდებულო.
პოლიეთილენის პარკების აკრძალვა
1-ლი ოქტომბრიდან პოლიეთილენის პარკების წარმოება და რეალიზაცია დასჯადი ხდება. თავდაპირველად აკრძალვა 15 მიკრონზე ნაკლები სისქის პლასტიკის პარკებზე გავრცელდება, უკვე 2019 წლის 1-ლი აპრილიდან კი ნებისმიერი სისქის პლასტიკის პარკების წარმოება, იმპორტი და რეალიზაცია აიკრძალება.აღსანიშნავია, რომ რეგულირების წესის დარღვევა გამოიწვევს მეწარმე სუბიექტის დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით, შესაბამისი პროდუქციის კონფისკაციით. განმეორებით ჩადენილი ქმედება კი მეწარმე სუბიექტის დაჯარიმებას 1 000 ლარით გამოიწვევს, ამ შემთხვევაშიც შესაბამისი პროდუქციის კონფისკაციით.
კრედიტის აღების პროცესის გამარტივება
ოქტომბრიდან ფიზიკური პირებისთვის კრედიტის აღების პროცესი მარტივდება. შეგახსენებთ, რომ სესხის გაცემისას, შემოსავლების შემოწმება სავალდებულო ხდება. აქედან გამომდინარე, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურსა და კომერციულ ბანკებს შორის რეალური დროის რეჟიმში ინფორმაციის მიმოცვლის სისტემა ამოქმედდება, რაც გაამარტივებს სესხის აღების პროცესს იმ ფიზიკური პირებისთვის, რომელთაც დეკლარირებული შემოსავლები გააჩნიათ.სურვილისა და თანხმობის შემთხვევაში, ზემოთ აღწერილი სისტემა, თავად უზრუნველყოფს მომხმარებლის ყოველთვიური დეკლარირებული შემოსავლის შესახებ ინფორმაციის კომერციული ბანკისთვის მიწოდებას. აღნიშნული სქემით გამარტივდება სესხის გაცემის პროცესი და, ამასთანავე, დაიზოგება მსესხებლის დრო და ხარჯები. შედეგად, მომხმარებელი უფრო სწრაფ და ხარისხიან მომსახურებას მიიღებს.
საწყის ეტაპზე პროექტით ისარგებლებენ კომერციული ბანკები, ხოლო სესხის გამცემი სხვა ორგანიზაციების სისტემაში ჩართვა ეტაპობრივად განხორციელდება.
დიზელის საწვავის ახალი სტანდარტი
მიმდინარე წლის 1 ოქტომბრიდან ევროპულ ნორმებთან დაახლოების მიზნით დიზელის საწვავის სტანდარტი ამოქმედდება. კერძოდ, სტანდარტმა "ევრო 4"-მდე უნდა აიწიოს. უკვე 2020 წელს კი სტანდარტი - „ევრო 5“-მდე აიწევს. აღნიშნული რეგულაცია გულისხმობს გოგირდის შემცველობის შემცირებას იმ საწვავში, რომლის იმპორტირებაც დღეს საქართველოში ხდება.სავალდებულო აუდიტი
2018 წლის 1 ოქტომბრამდე კომპანიების ნაწილს სავალდებულო აუდიტის განხორციელება მოუწევს. 1-ელ ოქტომბრამდე სავალდებულო აუდიტის ჩატარების ვალდებულება აქვთ: კომპანიებს, რომელთა კომპანიის აქტივების ჯამური ღირებულება 50 მილიონ ლარს; შემოსავალი 100 მილიონ ლარს; დასაქმებულთა საშუალო რაოდენობა კი საანგარიშგებო პერიოდში 250-ს აღემატება. ასევე იმ კომპანიებს, რომელთა აქტივების ჯამური ღირებულება 10 მილიონი ლარიდან 50 მილიონ ლარამდე; შემოსავალი 20 მილიონი ლარიდან 100 მილიონ ლარამდე; დასაქმებულთა საშუალო რაოდენობა კი 50-დან 250 ადამიანამდე უნდა იყოს. წინააღმდეგ შემთხვევაში იმ კომპანიებზე, რომელთაც აუდიტი არ ექნებათ ჩატარებული, ოქტომბრიდან გარკვეული სანქციები ამოქმედდება. პირველ ეტაპზე გაფრთხილება, ხოლო შემდეგ - ჯარიმა.რეესტრში საქმიანობის პროფილის მითითება
აღსანიშნავია, რომ ოქტომბერში ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში კომპანიათა საქმიანობის პროფილის მითითების ვადა იწურება. საუბარია, მომეტებული საფრთხის შემცველ მძიმე, მავნე და საშიშპირობებიან სამუშაოების განმახორციელებელ კომპანიებზე. ამ ტიპის სამუშაოების განმახორციელებელი კომპანიები ვალდებულნი იყვნენ მიმდინარე წლის 1 ოქტომბრამდე დაერეგისტრირებინათ შესაბამისი საქმიანობა ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში, თუმცა, ამ ვადამ ოქტომბრის ბოლომდე გადაიწია. შესაბამისად, რეგისტრაციისთვის კომპანიებს კიდევ 1 თვე აქვთ. ხოლო უკვე ნოემბრიდან ის კომპანიები, რომელთაც საკუთარი საქმიანობის პროფილი არ ექნებათ მითითებული 1000 ლარით დაჯარიმდებიან.