მომავალ წელს თბილისში ელექტროავტობუსები გამოჩნდება.
აღნიშნულის შესახებ სახელმწიფო ბიუჯეტის 2019 წლის პროექტშია აღნიშნული.
კერძოდ, საუბარია, 90 ერთეულ ევროპული სტანდარტების მქონე ელექტროძრავიან ავტობუსზე. მათგან 30 ერთეული 8 მეტრიანი, ხოლო 60 ერთეული 10 მეტრიანი ელექტროავტობუსი იქნება.
ამასთან, ბიუჯეტის პროექტის თანახმად, ავტობუსების მოწოდება 2019 წლის ბოლომდე უნდა განხორციელდეს.
„დღეის მდგომარეობით, ქალაქს 560 ერთეული ავტობუსი ემსახურება, რეზერვის სახით მობილიზებულია 134 ერთეული. 560 ერთეული ხაზზე მომუშავე ავტობუსებიდან 120 რთეული 2016-2017 წლებში შეძენილ CNG ტიპის ბუნებრივ აირზე მომუშავე ახალ ავტობუსს წარმოადგენს და რეზერვშია 24 ერთეული, შესაბამისად ჩასანაცვლებელი ავტობუსი რეზერვის გათვალისწინებით 550 ერთეულს შეადგენს.
აღნიშნული პროექტის ფარგლებში განხორციელდება თანამედროვე ევროპული სტანდარტების ელექტროძრავიანი მუნიციპალური ავტობუსების შესყიდვა, რომლის მიზანია საქალაქო ტრატრანსპორტის პარკის განახლება/შევსება ახალი ავტობუსებით,“-აღნიშნულია პროექტში.
პროექტი აზიის განვითარების ბანკის დაფინანსებით ხორციელდება. მისი ჯამური ღირებულება 73 მლნ ლარია. აქედან 2019 წელს პროგნოზით ავტობუსების შესყიდვაზე 65 მლნ, ხოლო 2020 წელს 8 მლნ ლარი დაიხარჯება.