2019 წლის ბოლომდე თბილისს 150 ახალი ლურჯი ავტობუსი შეემატება. საუბარია, 10 მეტრიან, ევროპული სტანდარტის მქონე, ბუნებრივ აირზე მომუშავე ავტობუსებზე.
როგორც 2019 წლის ბიუჯეტის პროექტშია აღნიშნული, პროექტს ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD) აფინანსებს და ჯამში, ღირებულება 77 მლნ ლარს შეადგენს. აქედან, 2019 წელს პროგნოზით ავტობუსების შესყიდვაზე 65 მლნ; ხოლო 2020 წელს 12 მლნ ლარია გათვალისწინებული.
„დღეის მდგომარეობით ქალაქს 560 ერთეული ავტობუსი ემსახურება, რეზერვის სახით მობილიზებულია 134 ერთეული. 560 ერთეული ხაზზე მომუშავე ავტობუსებიდან 120 ერთეული წარმოადგენს 2016-2017 წლებში შეძენილ CNG ტიპის ბუნებრივ აირზე მომუშავე ახალ ავტობუსს და რეზერვშია 24 ერთეული. შესაბამისად რეზერვის გათვალისწინებით ჩასანაცვლებელი ავტობუსი 550 ერთეულს შეადგენს.
პროექტის ფარგლებში განხორციელდება თანამედროვე ევროპული სტანდარტების ბუნებრივ აირზე მომუშავე CNG ტიპის მუნიციპალური ავტობუსების შესყიდვა, რომლის მიზანია საქალაქო ტრანსპორტის პარკის განახლება/შევსება ახალი ავტობუსებით,“-ნათქვამია სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტში.
დოკუმენტის თანახმად, ავტობუსების მიწოდება 2019 წლის ბოლომდე უნდა განხორციელდეს.