თანამდებობის პირთა ხელფასების, დანამატებისა და პრემიების საკითხი მუდმივად განხილვის საგანია.
აღსანიშნავია, რომ სწორედ მაღალი თანამდებობის პირთა შემოსავლების შესახებ გამოაქვეყნა მონაცემები „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის“ (IDFI) მიერ შექმნილმა ღია მონაცემების პლატფორმა - DataLab-მა.
კერძოდ, ვებგვერდზე გამოქვეყნებულია თანამდებობის პირთა 2017 წლის დეკლარირებული შემოსავლები. „ბიზნესპრესნიუსი“ ამ მონაცემებზე დაყრდნობით, გთავაზობთ 6 ყველაზე მაღალანაზღაურებად თანამდებობის პირს საქართველოში, რომელთა წლიური შემოსავალიც 200 ათას ლარს აღემატება.
DataLab-ზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ყველაზე მაღალანაზღაურებადი თანამდებობის პირი საქართველოში სულხან ზუმბურიძეა. მისმა შემოსავალმა გასულ წელს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის" მმართველთა საბჭოს თავმჯდომარის პოსტზე 341 700 ლარი შეადგინა. ცნობისთვის, ზუმბურიძე აღნიშნულ თანამდებობაზე 2007 წლის დეკემბერში დაინიშნა.
სააქციო საზოგადოება ,,საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“ (სსე) ელექტროენერგიის გადამცემი სისტემის ოპერატორია. კომპანია საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ფლობს და ექსპლუატაციას უწევს 3 350 კმ. სიგრძის ელექტროგადამცემ ხაზებსა და 90 ქვესადგურს. სსე, ასევე, მართავს მეზობელ სახელმწიფოებთან დამაკავშირებელ ყველა ელექტროგადამცემ ხაზს. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ სსე-ს აქციების სრულ პაკეტს სახელმწიფო საინვესტიციო ფონდი -,,საპარტნიორო ფონდი“ ფლობს.
შემოსავლების კუთხით, მე-2 ადგილს იკავებს საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელი დირექტორი დავით საგანელიძე, რომლის წლიური შემოსავალიც ამ პოსტზე 336 000 ლარი იყო. შეგახსენებთ, რომ საგანელიძე „საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელ დირექტორად 2015 წლის სექტემბერში დაინიშნა.
ცნობისთვის, სს „საპარტნიორო ფონდი" არის სახელმწიფო საინვესტიციო ფონდი რომელიც 2011 წელს დაარსდა. ფონდის მართვაში არსებული აქტივების ჯამურმა ბრუნვამ 2017 წელს 750 მილიონ აშშ დოლარს გადააჭარბა. აღსანიშნავია, რომ ფონდი ფლობს საქართველოს რკინიგზის, საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის, საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის, ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციული ოპერატორის - 100%-იან წილებსა და სს „თელასის“ - 24.5%-იან წილს.
ყველაზე მაღალანაზღაურებადი თანამდებობის პირთა ჩამონათვალში მოხვდა ეროვნული ბანკის პრეზიდენტი/საბჭოს წევრი კობა გვენეტაძეც. მისმა 2017 წლის შემოსავლმა ამ პოსტზე 243 000 ლარი შეადგინა. სებ-ის საბჭოს თავმჯდომარის, პრეზიდენტის თანამდებობას 2016 წლის მარტიდან იკავებს.
მარეგულირებელი კომისიების თავმჯდომარეთა ანაზღაურების ოდენობაზე პრეტენზიები არაერთხელ მოგვისმენია. 6 ყველაზე მაღალანაზღაურებად თანამდებობის პირს შორის მე-4 პოზიციას სწორედ ერთ-ერთი მათგანი - კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარე კახა ბექაური იკავებს. მისმა, როგორც კომისიის წევრის შემოსავალმა 2017 წლის განმავლობაში 241 376 ლარი შეადგინა. ბექაური 2014-2017 წლებში კომისიის წევრი, ხოლო 2017 წლიდან დღემდე კომისიის თავმჯდომარის პოსტს იკავებს.
მაღალანაზღაურებად მოხელეთა ჩამონათვალში მე-5 და მე-6 ადგილებს ასევე კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრები ელისო ასანიძე და გიორგი ფრუიძე ინაწილებენ. კერძოდ, ელისო ასანიძის შემოსავალმა 2017 წელს - 235 555 ლარი შეადგინა, ხოლო გიორგი ფრუიძემ ამავე პერიოდში 234 620 ლარის ოდენობის შემოსავალი მიიღო.
ცნობისთვის, კომუნიკაციების ეროვნული კომისია საჯარო სამართლის იურიდიული პირი, მუდმივმოქმედი დამოუკიდებელი სახელმწიფო ორგანოა. მაუწყებლობის სფეროს და ელექტრონული კომუნიკაციების სფეროს მარეგულირებელმა ორგანომ საქმიანობა 2000 წლის 1 ივლისს დაიწყო. კომისია ექვსი წლის ვადით არჩეული ხუთი წევრისგან შედგება. კომისია, კომისიის წევრები და კომისიის აპარატის თანამშრომელი საკუთარი უფლებამოსილების განხორციელებისას დამოუკიდებელნი არიან და ემორჩილებია მხოლოდ კანონს.