რა კავშირი აქვს ვანო ჩხარტიშვილს ჩინურ CEFC-სთან და რა პრივილეგიებით სარგებლობენ ჩხარტიშვილის სახელთან დაკავშირებული კომპანიები? ამასთან დაკავშირებით თავდაცვის ყოფილი მინისტრი თინათინ ხიდაშელი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.
თინა ხიდაშელის "ფეისბუქ" -პოსტს "ბიზნესპრესნიუსი" უცვლელად გთავაზობთ:
"ყველაფერი ამ სურათით დაიწყო.
მაგიდის ბოლოში, მარჯვენა კუთხეში მამაკაცი რომ ჩანს, ეს ვანო ჩხარტიშვილია, ედუარდ შევარდნაძის მთავრობის ეკონომიკის მინისტრი.
როგორც ქართული მედია წერდა, 2012 წელს ხელისუფლების ცვლილების შემდეგ სამართლიანობა, როგორც ჩანს, პირველ რიგში ვანო ჩხარტიშვილისთვის „აღსდგა“. პირველად ამის შესახებ რამდენიმე წლის წინ გავიგე, როდესაც არც მეტი არც ნაკლები ქალბატონმა მადლენ ოლბრაიტმა მკითხა “თქვენთან სასამართლოს ბიზნესმენები მართლა აკონტროლებენო?” და შემდეგ სწორედ ბატონ ჩხარტიშვილთან დაკავშირებული ერთ-ერთი საქმის შესახებ მიამბო, რომელშიც ამერიკელებიც იყვნენ მეორე მხარეს. ეს ძველი ისტორია და ამ ამბის შესახებ ფრაგმენტულად ჩვენშიც იწერებოდა. ამ საქმის დეტალებით არ გადაგტვირთვათ, მაგრამ, სიმართლე გითხრათ, ძალიან გამიკვირდა - ბადრი პატარკაციშვილის გარდაცვალების შემდეგ მასზე ბევრი არაფერი მსმენოდა და ჩემი ქვეყნის ცუდი ამბების ერთ-ერთი სერიის გმირი ჩემს მეხსიერებას ისტორიაში ყავდა გადასროლილი.
ამ დღეებში კვლავ დამისვეს იგივე კითხვები, ახლა უკვე ჩეხებმა. ზოგიერთებმა იცით, რომ რაღაც პერიოდით პრაღაში ვცხოვრობ, ვასწავლი, ვსწავლობ, ვიკვლევ, წიგნზე ვმუშაობ. ბევრი საინტერესო საქმე და საკეთებელი მაქვს, მაგრამ როდესაც ჩემი რიგით მესამე ჩეხი კოლეგა ბატონი ივანე ჩხარტიშვილის ვინაობით დაინტერესდა, სიმართლე გითხრათ, კეთილი ვინებე და ჩემს მეგობარ გუგლსმივაშურე მისი დღევანდელი საქმიანობით დაინტერესებულმა. ვინაიდან ჩეხეთში ჩინური კომპანიების ბიზნეს საქმიანობა აქტუალური თემაა და ჩემმა კოლეგებმაც სწორედ ამ კონტექსტში მკითხეს ჩხარტიშვილზე, მეც „ჩხარტიშვილის ჩინურ გატაცებებს“ ჩავუღრმავდი...
სწორედ მაშინ ვნახე ეს სურათიც. ფოტოზე აღბეჭდილია საქართველოს პრემიერის შეხვედრა ჩინეთის ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანია CEFC-ს წარმომადგენლებთან 2016 წლის ივნისში. საქართველოს მთავრობის მიერ გავრცელებული ინფორმაციის შესაბამისად “კომპანია CEFC-ი საქართველოში ინვესტირებით არის დაინტერესებული. მთავრობის მეთაურმა ინვესტორებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა საქართველოს საინვესტიციო შესაძლებლობებზე, მათ შორის ენერგეტიკის, საფინანსო და ტურიზმის სექტორში. საუბარი ტრანსპორტისა და ლოგისტიკის მიმართულებებსაც შეეხო.” სწორედ ამ შეხვედრაზე შეთანხმდნენ შანხაიში საინვესტიციო ფორუმის გამართვაზე. შეხვედრას თავად კომპანია CEFC-ის ჯგუფის თავმჯდომარე იე ჟიანმინგი ესწრებოდა. ხოლო საქართველოს მხრიდან პრემიერი, მთავრობის წევრები და მხოლოდ ერთი ბიზნესმენი, სავარაუდოდ, როგორც “მიმზიდველი და წარმატებული ქართული ბიზნესის სახე და სიმბოლო” ივანე ჩხარტიშვილი.
ამ სურათს გავყევი. კიდევ ბევრი სხვა სურათი და ამბავიც ვნახე, ძირითადად ბოლო 2 წლის განმავლობაში გადაღებულ - მომხდარი „სამართლიანობა აღდგენილი“ ბიზნესმენის ექსკლუზიური სახელისუფლებო მხარდაჭერისა და ჩინური “ინვესტიციების” შესახებ.
CEFC-ი უკვე 2 წელიწადზე მეტია მრავალი ასეული მილიონის ინვესტიციის პირობას დებს საქართველოში. ეს დაპირება ხან ზეპირია და ხშირად კი სხვადასხვა ურთერითგაგების მემორანდუმებით გაფორმებული, თუმცა რეალური შედეგი ქვეყნის ეკონომიკის გაჯანსაღებისა და ჯერ არნახული ინვეესტიციების შესახებ არავის უნახავს, ბიზნესმენ ივანე ჩხარტიშვილის გარდა. შეგახსენებთ ბოლო ორ ყველაზე გახმარეურებულ პირობას: 1 მილიარდის ინვესტიცია საქართველოში ჩინური კომერციული ბანკის შექმნის შესახებ, რომელიც დღემდე არავის უნახავს და არც მისი რეალურად შექმნის შესაძლებლობა ჩანს თუკი CEFC-ის დღევანდელ მდგომარეობას გავითვალისწინებთ და კიდევ უფრო ამბიციური პროექტი, რომლის შესახებაც საპარტნიორო ფონდმა და CEFC-მა წელიწადნახევრის წინ გვამცნეს - „საქართველოს აღმშენებლობის ნაციონალური ფონდი", რომელიც, როგორც სახელშია მითითებული, ქვეყნის აღმშენებლობის მთავარი ბურჯი და მამოძრავებელი უნდა გამხდარიყო. ფონდი 2017 წლის შემოდგომაზე უნდა ამოქმედებულიყო და საქართველოს საპარტნიორო ფონდმა მის საწესდებო კაპიტალში 25 მილიონი ჩარიცხა.
არც ბანკი, როგორც მთავარი საინვესტიციო ინსტრუმენტი და არც აღმშენებლობის ფონდი, როგორც ქართულ-ჩინური ურთიერთობის წარმატების გენერატორი არავის უნახავს. არც იმის საფუძველი გვაქვს ვიფიქროთ რომ ამ თვალსაზრისით რაიმე პოზიტიური შედეგი მოსალოდნელია, თუმცა ბრჭყვიალა პრეზენტაციებისა და გაცემული დაპირებების ჩაშლის შესახებ დღეს არავინ საუბრობს. სამაგიეროდ, მთავრობის მიერ შექმნილი სასათბურე პირობებისა და ქართულ-ჩინურ ექსკლუზიური ბიზნეს ურთიერთობების წყალობით, ერთადერთი მოგებული დღეს ბიზნესმენი ვანო ჩხარტიშვილია.
ელიტური კორუფცია საქართველოში
კორუფცია ძალიან ფართო მნიშვნელობის და უამრავი კომპონენტის მომცველი ფენომენია. ის არავითარ შემთხვევაში არ შემოიფარგლება ხალათზე დაკერებული დიდი ჯიბით, რომელშიც პერიოდულად უკანონო შემოსავლები უკანონოდ ხვდება. საბოლოოდ კორუფციის შედეგი რაღა თქმა უნდა სარგებლის მიღებაა, თუმცა ეს უკანასკნელი მხოლოდ განვითარების პრიმიტიულ საფეხურზე მყოფ ქვეყნებში ხასიათდება პირდაპირი აღებ-მიცემობით, აი, დაახლოებით ისე, იმ მთავრობის დროს რომ იყო, სადაც ბატონი ვანო ეკონომიკის მინისტრი იყო.
ცოტა უფრო განვითარებულ სისტემებში კორუფცია ფავორიტიზმით, უპირატესობის მინიჭებით, არათანაბარი, არაკონკურენტული, ან მონოპოლიური პირობების შექმნით, კანონის უზენაესობის მოსპობით, ნეპოტიზმით და კიდევ ბევრი სხვა ფორმით ვლინდება.
ამ ფოტოზე სწორედ ამგვარი ისტორიის ერთი ეპიზოდია აღბეჭდილი. საქართველოს პრემიერ მინისტრი, მინისტრები, ოფიციალური პირები და მხოლოდ ერთი ბიზნესმენი რომელიც მთავრობის მიერ “ყველაზე დიდ, შეუდარებელ, ჯერ არნახულ” ჩინურ ბიზნეს კომპანიას CEFC-სთან შეხვედრას ესწრება. ცოტა მეტ დროს თუ დაკარგავთ და ამ კვლევას ბოლომდე ჩაიკითხავთ, ამგვარი ექსკლუზიური მოპყრობის შედეგებსაც დაინახავთ.
2016 წლის შანხაის ბიზნეს ფორუმი და კომპანია “შილდას” მონაგარი
როგორც ზემოთ ნახსენებ შეხვედრაზე დაიგეგმა, 2016 წლის ივლისში, შანხაიში ბიზნეს ფორუმი ნამდვილად გაიმართა. ფორმუზე საქართველოს ვიცე-პრემიერი ქუმსიშვილი, მთავრობის წევრები და კვლავაც ბიზნესმენი ვანო ჩხარტიშვილი წარმოადგენდნენ. სავარაუდოდ, რადგან ფორუმი იყო მასში რამდენიმე სხვა ქართველ ბიზნესმენსაც უნდა მიეღო მონაწილეობ, თუმცა ოფიციალურ ინფორმაციასა და ფოტომასალაში, ოფიციალურ შეხვედრებზე რომელსაც ვიცე-პრემიერი მართავდა კვლავაც მხოლოდ ბატონი ჩხარტიშვილი ჩანს.
შეხვედრაზე “საქართველოში წარმოებული აგროსამრეწველო პროდუქციის ჩინეთში დისტრიბუციის შესაძლებელობებზე ისაუბრა” ბატონმა ქუმსიშვილმა, სამაგალითოდ კი ბატონი ჩხარტიშვილი და მისი შილდაში არსებული კომპანიები იყო წარმოდგენილი. მედიის ინფორმაციით, შედეგად სწორედ “შილდა თრეიდმა გააფორმა “მსხვილ ჩინურ კომპანიასთან ურთიერთგაგების მემორანდუმი”. “შილდა” სწორედ ვანო ჩხარტიშვილის ოჯახის კომპანიაა. კომპანიის პარტნიორები ნათია და მიხეილ ჩხარტიშვილები ბატონი ვანოს შვილები არიან.
2017 წლის იანვარში ქართულ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია რომ: “მიხეილ და ნათია ჩხარტიშვილების მიერ დაფუძნებული კომპანია “შილდას” მიერ ერთი ხელშეკრულების ფარგლებში შემდგარი ეს გარიგება უპრეცედენტოდ მასშტაბურია, რამდენადაც თითქმის უტოლდება 2016 წელს საქართველოდან ჩინეთის ბაზრებზე ექსპორტირებული ღვინის მთლიან მოცულობას”. კომპანია „შილდა თრეიდმა“ ჩინურ კორპორაციასთან თანამშრომლობის მემორანდუმი 2016 წლის ივლისში ქართულ-ჩინური ბიზნესფორუმის მსვლელობისას გააფორმა, რომელსაც წინ საქართველოს პირველი ვიცე–პრემიერის, ეკონომიკის მინისტრის დიმიტრი ქუმსიშვილის და მსხვილი ჩინური კორპორაციის პრეზიდენტის შეხვედრა უძღვოდა. შეხვედრას ესწრებოდნენ მთავრობის წევრები და ბიზნესმენი ივანე ჩხარტიშვილი. თუმცა მსხვილ ინვესტორებთან შეხვერდებში მონაწილეობის ჩხარტიშვილის ექსკლუზივი თქვენ უკვე იცით. ხელშეკრულება 5 მილიონ ბოთლ ქართულ ღვინოზე გაფორმდა.
ქართული გალობა, ჩინეთი და პრემიერი ბახტაძე
2017 წლის ზაფხულში, პეკინში საქართველო-ჩინეთის დიპლომატიური ურთიერთობების 25 წლისთავის საიუბილეო დღეები გაიმართა, რომელიც ასევე ექსკლუზიურად სწორედ ბატონი ვანო ჩხარტიშვილის აკომპანიმენტით წარიმართა. საიუბილეო დღეები საუკეთესო შესაძლებელობა იყო საქართველოს, მისი პროდუქტების, ტურიზმისა და ზოგადად ბიზნესის პოტენციალის დემონსტრირებისთვის, რასაც ბატონმა ვანომ როგორც ჩანს “წარმატებით” გაართვა თავი. პეკინში ვანო ჩხარტიშვილი მისი საქველმოქმედო ფონდის “ქართული გალობის” სახით იყო წარმოდგენილი, ღონისძიების სპონსორები სწორედ CEFC და ჩხარტიშვილის “ქართული გალობა” იყვნენ.
შემედავებით, ადამიანი სპონსორი იყო და იქით თავისი ფული გადაიხადა, რა პრეტენზია გაქვთო და მართალიც იქნებოდით რომ არა ის ფაქტი, რომ ამ შემთხვევაში ბატონი ვანო იმ ორგანიზაციით ოპერირებდა, რომელსაც სულ ახლახანს, 2018 წლის 11 ივლისს მე და თქვენ 134,484 ლარი შევუგროვეთ და ვაჩუქეთ, რომ პრობლემები არ ქონდეს მომავალში. დიახ, ჩემი და თქვენი გადახდილი გადასახადებით, ქვეყნის პრემიერმა ბახტაძემ სწორედ ივანე ჩხარტიშვილის ხელმძღვანელობით მოქმედი ორგანიზაცია დააფინანსა 2018 წლის 11 ივლისს სხვადასხვა ღონისძიებებისთვის. მაქვს საფუძვლიანი ეჭვი ვიფიქრო, რომ ეს ბიუჯეტიდან ამ ორგანიზაციისთვის გადახდილი პირველი ხარკი არ არის, თუმცა შემდგომი კვლევა თქვენთვის მომინდია.
ვინ არის CEFC
ქართველი ექს-პრემიერების, ექს-მინისტრების და „სასახლის კარის ბიზნესმენების“ ჩინეთით გატაცების კვლევამ თავად ჩინური მხარის არანაკლებ საინტერესო დეტალები ამოატივტივა. დავინტერესდი, თუ რას წარმოადგენს ჩინური კომპანია CEFC, რომელსაც ჩვენში სრულიად ერთმნიშვნელოვნად პოზიტიური იმიჯი აქვს, რომლის შესახებაც მხოლოდ ის ვიცით რომ 2014-16 წლებში ის ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი ჩინური კომპანია იყო, რომელიც საერთაშორისო ბიზნეს სცენაზე უცბად ამოიზარდა და სულ რამდენიმე წელიწადში თავისი საქმიანობის პორტფელი როგორც გეოგრაფიულად, ასევე ფინანსურად ელვისებური სისწრაფით გაზარდა. სხვადასხვა კომპანიებისა და ექსპერტების მიერ, მისი ქონება ორიოდე წლის წინ 41 მილიარდ დოლარადაც კი იყო შეფასებული.
CEFC საქართველოში ირაკლი ღარიბაშვილის პრემიერობის დროს გამოჩნდა და სხვადასხვა ღონისძიებების, შეხვედრებისა და საინფორმაციო კამპანიების დროს უამრავი დაპირება გაიცა ქართული ეკონომიკის გადარჩენის მისიის შესახებ.
სხვათა შორის, მიმდინარე წლის თებერვალში, ყოფილი პრემიერი ღარიბაშვილი სწორედ ამ კომპანიის მრჩევლად დაინიშნა რეგიონალური პროექტების განხორციელების მიმართულებით.
ვითარების დრამატულობის უკეთ გაგებისთვის მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ დღესაც, როდესაც თქვენ ამ სტატიას კითხულობთ, საქართველოს ხელისუფლების ოფიციალური განცხადებების, მედია რეპორტაჟების, ქართული ბიზნეს წრეების ინფორმაციების მიხედვით, CEFC კვლავაც წარმატებულ, მზარდ და საიმედო პარტნიორად მიიჩნევა. ამასობაში, რეალობა და სიმართლე ფუნდამეტურად განსხვავებულია.
აშშ-ში კორუფციის საქმეზე ფარდა აეხადა იდუმალებით მოცულ ჩინურ კომპანიას
სწორედ ამ სათაურით გამოვიდა New York Times (NYT)წამყვანი სტატია 2017 წლის 21 ნოემბერს, რომელიც CEFC-ის ერთ ერთი ხელმძღვანელი პირის პატრიკ ჰოს ნიუ იორკში დაპატიმრების, მის მიერ შექმნილი დანაშაულებრივი ქსელისა და კორუფციის ბრალდებით მიმდინარე სასამართლოს საქმეზე გვიამბობს.
სტატიაში ვკითხულობთ, რომ: “2014 წლის შემოდგომაზე პატრიკ ჰო ნიუ იორკში გაემგზავრა. აშშ იუსტიციის დეპარტამენტის მიხედვით, მისი მიზანი ჩინური კერძო კომპანიის სასარგებლოდ აფრიკელი მაღალი თანამდებობის პირების მოქრთამვა იყო.” გაზეთის გამოძიება, რომელიც რამდენიმე წლის მანძილზე გრძელდებოდა და რომლის მასალებიც, დღეს, ნიუ იორკის სასამართლოში პროკურორების მიერ წარდგენილი ბრალით არის დადასტურებული, დასაწყისში, ბატონი ჰოს მიერ ჩადის პრეზიდენტისა და უგანდას საგარეო საქმეთა მინისტრის მოსყიდვის მრავალმილიონიან სკანდალს შეეხებოდა.
ფედერალური პროკურორების მიხედვით, მიზანი ორივე ქვეყანაში ნავთობზე უფლებების მიღება იყო.
ბატონო ჰო წელიწადზე მეტია პატიმრობაშია და მანჰეტენზე სასამართლოს ელოდება, ფულის გათეთრების საერთაშორისო აქტებისა და უცხოელების კორუფციული მოქმედებების კანონის დარღვევისთვის, გირაოს უფლების გარეშე.
ამერიკის ფედერალური პროკურორების მიერ წაყენებული ბრალის მიხედვით, სქემა მარტივად მუშაობდა. CEFC China Energy Company/ ჩინეთის ენერგეტიკული კომპანია, ჰონგ კონგში რეგისტრირებული მისი არამომგებიანი ორგანიზაციით ცდილობდა ჩადსა და უგანდაში ნავთობზე უფლებების მოპოვებას. ბატონო ჰო სწორედ CEFC-ის ამ არა-მომგებიანი შვილობილი ორგანიზაციის დირექტორი იყო.
ჩინეთის ნავთობკომპანიის მაღალი თანამდებობის პირები იარაღით ვაჭრობაზე და ირანის სანქციების აცილების სქემაში
ეს NYT-ის 2018 წლის 4 ოქტომბრის წამყვანი სტატიის სათაურია და გაგიკვირდებათ, მაგრამ ისევ საიდუმლოებით მოცული CEFC-ის შესახებ იუწყება გაზეთი. “CEFC -იმ გააოცა ყველა სადაც ჩავიდა”. ნიუ იორკელი პროკურორების საქმეში, რომელიც ფედერალურ სასამართლოში გასული კვირის სამშაბათს შევიდა არა მხოლოდ ბიზნეს ინტერესების სფერო, არამედ ქვეყნების სიაც გაზრდილია. ამჯერად CEFC-ის იარაღით ვაჭრობასა და ირანის სანქციებისთვის თავის არიდებას ედავებიან. ჩადთან ერთად იარაღით ვაჭრობის ეპიზოდში ყატარი და ლიბია ჩნდება. ამასთანავე, პროკურორების თანახმად, CEFC მუშაობდა იმისათვის, რომ სანქციების ქვეშ მყოფი, ერთ ერთი ირანული კომპანიისთვის შუამავლის როლი შეესრულებინა ჩინური ბანკიდან ფინანსების მოსაზიდად.დაპატიმრებული დამფუძნებელი და გამოძიება ჩინეთში
მრავლობითი მედია საშუალებების ინფორმაციით, ბატონი ჰო არ არის კომპანიის ერთადერთი ხელმძღვანელი რომელიც პატიმრობაში იმყოფება. კომპანიის დამფუძნებელი და ხელმძღვანელი ბატონი იუ ჟიანმინგი (კომპანიის მთავარი მოქმედი გმირი, რომელიც საქართველოშიც იმყოფებოდა და ფოტოზე არის აღბეჭდილი) გასულ წელს გაუჩინარდა და მის შესახებ ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაციები ვრცელდებოდა. როგორც NYTჩინეთის ბიზნეს ჟურნალ Caixin-ზე დაყრდნობით იუწყება, ბატონი იუ გაუხმაურებელი მიზეზების გამო გამოძიების ინტერესს წარმოადგენს და სავარაუდოდ პატიმრობაშია. იმავე წყაროს ცნობით, გამოძიება CEFC-ის კიდევ მრავალი სხვა დირექტორითა და აღამსრულებლით არის დაინტერსებული და მათ ქვეყნის დატოვება ეკრძლებათ.
გაყინული ქონება, რომელსაც ახალი პატრონი ყავს სახელმწიფოს სახით
2018 წლის 27 მარტს Bloomberg-ი უწყება, რომ “პრობლემებში მყოფი ჩინური კონგლომერატის” მთელი ქონება დაბლოკილი, მისი თავმჯდომარე სამართლებრივ პასუხისმგებლობაში, ხოლო თავად კომპანია სახელმწიფოს მმართველობაში გადასვლის მოლოდინშია. 14 მარტს ნიუ იორკ თაიმსი კი იუწყებოდა რომ სახელმწიფოს კუთვნილმა ჩინურმა კონგლომერატმა, Citic-მა CEFC-ის საერთაშორისო ქონება გადაიბარა.
CEFC-ის ყველაზე დიდი პროექტები და ერთობლივი უარი საერთაშორისო საბანკო სისტემისგან
CEFC-ის ორი ყველაზე დიდი პროექტი, რომლის გამოც იგი მსოფლიოს ყურადღების ცენტრში მოექცა Rosneft-ის წილის შესყიდვა რომელიც სხვადასხვა ანგარიშების მიხედვით 8-დან 9 მილიარდ დოლარამდე ღირებულების ტრანზაქცია და შედარებით მცირე, თუმცა ევროპულ ბაზარზე ყველაზე დიდი, ჰოლანდიური KMG International-ის 51 პროცენტიანი წილის შესყიდვის განაცხადი იყო. ეს უკანასკნელი ჩვენთვის კარგად ცნობილი Rompetrol-ის სამართალმემკვიდრეა. დაახლოებით იმავე პერიოდში, CEFC-მა კიდევ ერთი ნავთობის გიგანტში პორტუგალიურ Partex-ში წილის შესყიდვაზეც გააკეთა განაცხადი. ჰოლანდიური და პორტუგალიური კომპანიების შესყიდვის ბედზე ოდნავ მოგვიანებით მოგიყვებით.
რაც შეეხება Rosneft-ის წილის შესყიდვას, ეს უკანასკნელი ზუსტად იმ დროს განხორციელდა, როდესაც რუსეთი მკაცრი საერთაშორისო სანქციების ქვეშ მოექცა, თავად კომპანია ინდივიდუალურადაც სანქცირებული იყო. “რუსული კომპანიებისთვის საერთაშორისო ინვესტიციების შენარჩუნება შეუძლებელი ამოცანა გახდა” და სწორედ ამ დროს მხსნელად გამოცხადდა CEFC. რუსეთს ხელისუფლებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყო მსგავსი საერთაშორისო ოპერაცია როგორც ფინანსური, ასევე ლეგიტიმაციის თვალსაზრისით. “შეთანხმებად გაარღვია ჩაკეტილი წრე” - წერდა Financial Times.
New York Times-ის მიხედვით CEFC-ის Rosneft-ის კონტრაქტს პრობლემები აქვს ვინაიდან კომპანია ვერ ასრულებს თავის ფინანსურ ვალდებულებებს. მ/წ იანვარში VTB-ი ბანკის ხელმძღვანელმა განაცხადა მზადყოფნა CEFC-ს შესყიდვის დასრულებისთვის ასესხონ 5 მილიარდი, თუმცა როგორც ბანკმა ასევე Rosneft-მა უარი განაცხადეს შემდგომი დეტალების გამხელისგან, მათ შორის საიდუმლოდ დარჩა ვალის გარანტიის საკითხიც. ამასობაში, ფაქტია რომ კომპანიას ფინანსური კრიზისი აქვს. გარდა იმისა, რომ მისი ქონება სახელმწიფო კომპანიამ გადაიბარა, თავად CEFC-ის სექტემბრის დეკლარაცია ადასტურებს რომ 20 მილიარდი ვალი აქვთ და გასტუმრების პოტენციალი არ ჩანს.
აქვე უმნიშვნელოვანესი ფაქტია, რომ მიუხედავად კომპანიის სამწლიანი სწრაფი ზრდისა და თავბრუდამხვევი წარმატებისა, ვერც კომპანიამ და ვერც მისმა დამფუძნებელმა ვერ შეძლეს საერთაშორისო ბანკირების ყურადღების მიპყრობა და ნდობის მოპოვება. როგორც Financial Times იუწყება 2012 წლიდან განხორციელებული 21 მსხვილი საერთაშორისო შესყიდვის მიუხედავად მხოლოდ ერთი დასავლური ბანკის Lazard-ის დაინტერესება მოახერხეს და ისიც მხოლოდ ერთ ტრანზაქციაზე ამერიკაში. ყველა დანარჩენი CEFC-ის შიდა რესურსებით გაკეთდა. ბანკირებმა ჰონგ-კონგში, ვისთანაც CEFC მოლაპარაკებებს აწარმოებდა FT-ის უთხრეს რომ “ჩვენ წინ ვერ წავიწიეთ მოლაპარაკებებში და ვერც ვერავინ სხვამ. არავინაა თავგადასავლების ხასიათზე დღეს”. ეს ფაქტიც არის VTB-ის შეთავაზების მიმართ უდიდესი ინტერესის მიზეზი.
შესყიდვის ბედი პორტუგალიასა და ჰოლანდიაში
Portugal Press-ის 2018 წლის 13 აპრილის მასალის მიხედვით, ნავთობისა და გაზის პორტუგალიურ გიგანტ Partex-ში წილის გაყიდვის ხელშეკრულება, ჩინელებთან რომელიც 500 მილიონი ევროს ღირებულების იყო, დღის წესრიგიდან მოიხსნა, მიუხედავად პრაქტიკულად დასრულებული მოლაპარაკებებისა. პორტუგალიური კომპანიის პრესრელიზში კი ეწერა, რომ ხელშეკრულების ჩაშლა გამოწვეულია “ბოლო პერიოდში საჯაროდ ცნობილი გარემოებებით” რომლის “სრულყოფილად ახსნა ჩინურმა მხარემ ვერ შეძლო”. შესაბამისად დაასკვნეს, რომ “აღარ არსებობდა პირობები მოლაპარაკებების გასაგრძელებლად”.
ასევე საერთაშორისო მედიაში გავრცელებულ სკანდალურ ინფორმაციებს უკავშირდება CEFC-ის მოლაპარაკებების ჩაშლა ჰოლანდიაში.
ჩინეთთან საქართველოს სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავებას მხოლოდ მივესალმები, მაგრამ არა ცალკეული ჩინოვნიკების, „სასახლის კარის ბიზნესმენებისა“ თუ საეჭვო რეპუტაციის კომპანიების საკეთილდღეოდ",- წერს თავდაცვის ყოფილი მინისტრი თინა ხიდაშელი.