რა ვადით გაიცემა სესხები 1-ლი ნოემბრიდან

სესხების გაცემის ვადები იცვლება - ამის შესახებ „ფიზიკურ პირებზე სესხების გაცემის შესახებ“ ეროვნული ბანკის მიერ შემუშავებულ დებულებაშია აღნიშნული.

კერძოდ, დოკუმენტის თანახმად, იპოთეკური სესხის მაქსიმალურ ვადად - 15 წელი, უძრავი ქონებით უზრუნველყოფილი სამომხმარებლო სესხზე - 10 წელი, სატრანსპორტო სესხის შემთხვევაში - 6 წელი, სხვა დანარჩენი სესხებისთვის კი მაქსიმალურ ვადად - 4 წელია განსაზღვრული.

აღნიშნული რეგულაცია კომერციული ბანკებისთვის 1-ლი ნოემბრიდან, ხოლო სესხის გამცემი სხვა სუბიექტებისთვის 2019 წლის 1-ლი იანვრიდან ამოქმედდება.

ამასთან, როგორც დებულებაშია აღნიშნული, იპოთეკური და სატრანსპორტო სესხის შემთხვევაში სესხის გამცემი ორგანიზაციის მხრიდან სავალდებულოა ხორციელდებოდეს მიზნობრიობის კონტროლი სესხის გამცემ ორგანიზაციაში მოქმედი პოლიტიკა/პროცედურების შესაბამისად.

შეგახსენებთ, რომ ამ დოკუმენტის მიხედვით, იმ შემთხვევაში თუ მსესხებლის/თანამსესხებლის გადამხდელუნარიანობის ანალიზი ჩატარებული არ არის, პირი უძრავი ქონებით უზრუნველყოფილი სესხის მიღებას ვერ შეძლებს, თუ მსესხებელს/თანამსესხებელს ერთზე მეტი საცხოვრებელი უძრავი ქონება არ ექნება. გარდა ამისა, სესხის აღების შემთხვევაში სავალდებულო იქნება, რომ თანამსესხებელი თქვენი ოჯახის წევრი იყოს.

„თუ მსესხებლის/თანამსესხებლის გადახდისუნარიანობის ანალიზი არ არის ჩატარებული სესხის გამცემი ორგანიზაციის მიერ, უძრავი ქონების უზრუნველყოფით სესხის/კრედიტის გაცემა შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მსესხებელს/ თანამსესხებელს საკუთრებაში გააჩნია ერთზე მეტი საცხოვრებელი უძრავი ქონება და ამავდროულად სესხის უზრუნველსაყოფად დატვირთული არ არის მსესხებლის/თანამსესხებლის ის ქონება, რომელიც გამოიყენება მის მიერ როგორც საცხოვრებელი. თანამსესხებელი აუცილებლად უნდა იყოს მსესხებლის საოჯახო მეურნეობის წევრი,“-აღნიშნულია დებულებაში.

შეგახსენებთ, რომ აღნიშნული დებულების სამუშაო ვერსია სებ-მა რამდენიმე თვის წინ გამოაქვეყნა.