ბოლო 10 წელში კომერციულმა ბანკებმა ეროვნული ეკონომიკა დაახლოებით 5 მლრდ ლარით დააფინანსეს
ქართული საბანკო სექტორი, რომლის აქტივებიც ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის ლამის 66%-ს შეადგენს, ქართულ მრეწველობას უმნიშვნელოდ აფინანსებს, მისი კონკურენტების მიმართ კი ხელხვავიანია. ამაზე ციფრები მეტყველებს.
არასამთავრობო ორგანიზაცია „საზოგადოება და ბანკებმა“ ერთ-ერთ ბოლო კვლევაში საქართველოს ბიზნეს სექტორში არსებული მდგომარეობა, კომერციული ბანკების მიერ ეკონომიკაზე გაცემული სესხების დინამიკაში განიხილა. აღმოჩნდა, რომ 2014 წლის 1 მაისის მონაცემებით, ბოლო 10 წელში კომერციულმა ბანკებმა ეროვნული ეკონომიკა დაახლოებით 5 მლრდ ლარით დააფინანსეს. აქედან გაცემული სესხების 44.6% ვაჭრობის სექტორზე მოდის, მრეწველობაზე კი მხოლოდ -17%. სამშენებლო სექტორის წილი 7.9%-ია, ხოლო სოფლის მეურნეობა, მეტყევეობა და თევზჭერა ერთად 3.2%-ს იღებს.
თუ გავითვალისწინებთ, რომ საქართველო 80%-ით იმპორტზე დამოკიდებული ქვეყანაა და სამომხმარბელო პროდუქციიდან სეზონური ხილის, ბოსტნეულის, ხორცეულის და რძის პროუქტების გარდა, ადგილზე პრაქტიკულად არაფერი იწარმოება, ვაჭრობის დაფინანსება იმპროტის დაფინანსების ტოლფასია. არავისთვის საიდუმლოს არ წარმოადგენს, რომ საქართველოში ვაჭრობის ლომის წილი ძირითადად სწორედ ქვეყნის გარედან იმპორტის შემოტანას გულისხმობს და არა ქვეყნის შიგნით ბიზნეს-სუბიექტებს შორის აღებ-მიცემას.
იგივე კვლევა აჩვენებს, რომ 11 დარგიდან მონეტარული, ანუ ფულადი თვალსაზრისით ბიზნესში ყველაზე დიდი ოდენობით პროდუქცია სწორედ ამ ცუდად დაფინანსებულ სამრეწველო სექტორში იწარმოება - 34.8%, ხოლო ვაჭრობა მხოლოდ მეოთხეა 14.6%-ით. გამოდის, რომ ქვეყანაში დოვლათის შემქმნელ დარგებს ფულს არ აძლევენ, მეზობლების გამდიდრებას კი უხვად აფინანსებენ.
„სოფლის მეურნეობა, მრეწველობა და მშენებლობა - ეს სამი ბურჯი ეკონომიკის, რომელიც ქმნის მატერიალურ დოვლათს და რომელიც ზრდის მოსახლეობის კეთილდღეობას, სამივე ერთად ფინანსდება 9-10%-ით. 2012-ში იყო 11% და შემცირდა 9%-მდე. ანუ ქართული ბანკები უცხოელ მწარმოებლებზე მუშაობენ, არაფერს აკეთებენ ქართული ეკონომიკისთვის,“- განმარტავს ფინანსური ბაზრის ანალიტიკოსი ლია ელიავა.
ბანკებს არც სახელმწიფო ბიუჯეტში შეაქვთ დიდი წილი. გასული წლის მონაცემებით, ბანკების შენატანებმა ბიუჯეტის დაახლოებით 0.6% შეადგინა, რაც დაახლოებით 44.5 მილიონი ლარია. ბანკების მიერ 3 წლის განმავლობაში ბიუჯეტში გადახდილი თანხის მოცულობამ 94,2 მლნ ლარი შეადგინა ეს მაშინ, როდესაც ამავე პერიოდში ეკონომიკის აღნიშნული სექტორის მთლიანმა წმინდა მოგებამ 846,4მლნ ლარი შეადგინა. მთლიან სექტორს რომ თავი დავანებოთ, მარტო „სოკარმა“ გასულ წელს ბიუჯეტში 130 მილიონი ლარი შეიტანა.
ანალიტიკოსების აზრით, საქართველოში საბანკო სექტორი ძალიან მსუბუქად იბეგრება, არადა ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მოგების მარჟით მსოფლიო ბანკის გათვლებით, დაახლოებით 24%, სარგებლობს. ბანკები არც დღგ-ს იხდიან, არც ქონების გადასახადს და არც დივიდენდების მოგებას, არც ფინანსური ოპერაციები იბეგრება. მოგების გადასახადს იხდიან, მაგრამ ისიც სპეციფიურად ითვლება: შემოსავალსა და გასავალს შორის სხვაობას რეზერვებიც აკლდება. ელიავას განცხადებით, რაც მეტი რეზერვი აქვს ბანკს, მით ნაკლები გამოდის მოგება და შესაბამისად - გადასახადიც.
„საქართველოში კომერციული ბანკები პრაქტიკულად გათავისუფლებული არიან გადასახდებისაგან, მაშინ, როცა ყველა ქვეყანაში ბევრად უფრო მეტად იბეგრებიან. მაგალითად, რუსეთში უზრამაზარი თანხები შეაქვთ ბანკებს ბიუჯეტში, იქ დეპოზიტებიც იბეგრება,“- ამბობს ელიავა.
ელიავას სტატისტიკა „ბანკები და საზოგადოების“ კვლევაზე პესიმისტურია. მისი დათვლით, ქართული საბანკო სექტორის სასესხო პორტფელში სოფლის მეურნეობას 2% უჭირავს და არა 3.2%, ვაჭრობის წილი კი ირიბად 44.5%-ზე მეტია, რადგან ბანკების მიერ გაცემული სამომხმარებლო სესხებიც (რაც, როგორც წესი შემოტანილ ტექნიკას და აპარატურას ხმარდება) იგივე ვაჭრობის დაფინანსებაა.
„საქართველოს საინვესტიციო ჯგუფი+“ ის თანადამფუძნებელი დიტრიხ მიულერი ფიქრობს, რომ ქართული საბანკო სექტორი სხვებთან შედარებით შეღავათიანი დაბეგვრის რეჟიმით სარგებლობს და ფინანსური ოპერაციები მაინც უნდა იბეგრებოდეს, როგორც ამას უახლესი საერთაშორისო პრაქტიკა გვიჩვენებს.
„უცხოეთში უკვე დაიწყეს ფინანსური ოპერაციების დაბეგვრა, აქაც უნდა დაიბეგროს. ამხელა სექტორია [ბანკები] და არაფერს არ უკეთებს ქართულ ეკონომიკას. პირიქით - ღუპავს, რადგან აფინანსებს ვაჭრობას, მის კონკურენტებს, და არა წარმოებას,“ - ამბობს მიულერი.
მისი აზრით, ძაღლის თავი ბანკების მიერ არაპროფილური ბიზნესების დაფინანსებაშია დამარხული, რადგან ბიზნეს-სესხები მას შემდეგ შემცირდა, რაც ბანკებს არაპროფილური აქტივების ფლობის ლიმიტი გაუზარდეს. ბანკებმა დაიწყეს არასაბანკო ბიზნესებში შესვლა და ეკონომიკის ყველა სექტორი მოიცვეს.
„სხვა ბიზნესებით პრაქტიკულად თავის თავს იფინანსებენ და სხვა ბიზნესს აღარ აფინანსებენ, როგორც კონკურენტს. თანაც, საფინანსო ბაზარზე მონოპოლისტები არიან, არც ბირჟაა განვითარებული, არც ლიზინგი. ლიზინგი სულ სამი კომპანიაა და აქედან ორი ბანკისაა და რა კონკურენციაზეა ლაპარაკი,“- განმარტავს მიულერი.
ადგილობრივი ინდუსტრია ფინანსურ შიმშილს განიცდის და ვერ უწევს კონკურენციას უკვე განვითარებული ქვეყნების ინდუსტრიას, რომელსაც გაცილებით იაფი და ხელმისწვდომი ფინანსური რესურსი აქვს: ევროპასა თუ აზიაში, ჩვენს მეზობელ თურქეთშიც, რომელიც საქართველოში შემოსული იმპორტის ლიდერია, სესხის პროცენტი 3-5%-ს არ სცდება. პლუს განვითარებულია ლიზინგი და უზარმაზრი სუბსიდიები მიემართება სასოფლო სამეურნეო სექტორში. საქართველოში არსებული სასესხო საპროცენტო განაკვეთი კი მინიმუმ 13%-ზე დგას და მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე მაღალ განაკვეთად ითვლება. ლიზინგი კიდევ უფრო ძვირია, სოფლის მეურნეობაში მიმავალი სუბსიდიები კი ჯერ ახლად იდგამს ფეხს და მეზობელ ქვეყნებთან შედარებით ბევრად დაბალია.
ანალიტიკოსები შიშობენ, რომ ადგილობრივი წარმოების იმპორტით წალეკვის საფრთხე კიდევ უფრო გაიზრდება ევროპასთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერს შემდეგ, როცა ბაზარი ბოლომდე გაიხსნება, და საქართველოში კიდევ უფრო მეტი ხარისხიანი ევროპული პროდუქცია შემოვა. რა თქმა უნდა, თავისუფალი საბაზრო ეკონომიკის პირობებში იმპორტის და კონკურენციის ხელოვნურად შეზღუდვა გაუმართლებელია, მაგრამ ჯანმრთელი, ფინანსურად წელგამართული ინდუსტრიის წინაშე სუსტი, ძვირი ფულის შემყურე ქართული წარმოების დაყენება არათანაბარი წონითი კატეგორიის მძლეოსნების შეჭიდებას დაემსგავსება, სადაც ფინალის განჭვრეტა დიდ სიბრძნეს არ მოითხოვს.
დარგის სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ გამოსავალი საბანკო და ზოგადად, საფინანსო სექტორის უფრო მკაცრ რეგულირებაშია, რომ ქვეყნაში ამ სექტორის გარდა, სხვამაც იხეიროს.
„ნებისმიერი ბიზნესის ბუნება არის მტაცებლური და აკეთებს იმას, რაც მისი ჯიბისთვის მომგებიანია. სახელწმიფო იმისთვის არსებობს, რომ ბიზნესი გონზე მოიყვანოს და ქვეყნის საკეთილდღეოდ აამუშაოს. როდესაც ხელსუფლება ვერ ახერხებს ბიზნესის მართვას და მისი საქმიანობის ქვეყნის საკეთილდღეოდ წარმართვას, ის უნდა გამოიცვალოს,“ ამბობს ელიავა.
ნინო ფაცურია