მთავრობამ „სამშენებლო პროდუქტების შესახებ რეგლამენტი“ დაამტკიცა, რომლის მიხედვითაც მშენებლებს ხმაურის რეგულირება, ენერგოეფექტური და გაცილებით უფრო მდგრადი მასალების გამოყენება ევალებათ.შესაბამისად, ძალიან მნიშვნელოვანია მოქალაქეებმა იცოდნენ თუ როგორ შეარჩიონ საშენი მასალა სწორად.
„ბიზნესპრესნიუსი“ გთავაზობთ, - Myclient.ge-ს წარმოამდგენლების რჩევებს, თუ რომელ სამშენებლო მასალებზე უნდა გაამახვილოთ ყურადღება, რათა მშენებლობის პროცესში ან შემდგომ პერიოდში მოსალოდნელ უსიამოვნებებს თავი აარიდოთ.
„მშენებლობა ერთ-ერთი ურთულესი პროცესია, რომელსაც ადამიანი შეიძლება, წააწყდეს ცხოვრებაში. როდესაც მშენებლობას ვიწყებთ, ვფიქრობთ იმაზე თუ როდის დასრულდება მშენებლობა, თუმცა არ ვაკვირდებით ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვანს - მშენებლობის ხარისხს. ნაკლებ ყურადღებას ვუთმობთ სამშენებლო მასალების შერჩევას, არა და სწორედ ეს დეტალი განსაზღვრავს, შენობის სიმყარეს, დაცულობას, უსაფრთხოების ხარისხს და ა.შ. კარგად შერჩეული სამშენებლო მასალები ერთგვარი გარანტიაა იმისა, რომ თქვენი სახლი იქნება მყარი და დიდხანს არ დასჭირდება ხელის შევლება. გასათვალისწინებელია ისიც, რომ შესაძლოა, კარგი ხარისხის სამშენებლო მასალები შედარებით ძვირი ღირდეს, თუმცა ჩვენი რეკომენდაცია იქნება, რომ ამ დეტალმა არ შეგაფერხოთ - შესაძლოა, მშენებლობა შედარებით ძვირი დაგიჯდეთ, თუმცა, უფრო მაღალი ხარისხის შედეგი მიიღოთ, ვიდრე დაბალფასიანი და უხარისხო მასალებით,“-აღნიშნავენ სააგენტოში.
რაც შეეხება ცალკეულ საშენ მასალებს, მათი შეძენისას ყურადღება უნდა მიაქციოთ:
ცემენტი: როგორც წესი, მშენებლობისას სტანდარტული ხარისხის ცემენტს იყენებენ ხოლმე, თუმცა, ბოლო პერიოდში, ქართულ ბაზარზე ძალიან საეჭვო გახდა ცემენტის ხარისხიანობის საკითხი, ამიტომ ამ უკანასკნელის შერჩევისას მეტი ყურადღება გმართებთ. გირჩევთ, უპირატესობა მიანიჭოთ შედარებიც ცნობილ ბრენდს, რომელსაც სანდოობაც მაღალი აქვს. ან თუ არ დაიზარებთ და გაარკვევთ, რომელი დასახელების ცემენტს აქვს გავლილი შემოწმება და რომელმა დააკმაყოფილა სტანდარტებით წაყენებული მოთხოვნები.
რკინა-ბეტონი: თუ გინდათ, რომ შენობა, რომელსაც აშენებთ, იყოს მყარი და ძლიერი სტრუქტურის, აუცილებლად მოგიწევთ რკინაბეტონის გამოყენება. საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, რკინაბეტონის კონსტრუქციები უნდა აკმაყოფილებდეს რიგ მოთხოვნებს, შესაბამისად როდესაც საქმე რკინაბეტონის გამოყენებასთან გექნებათ, გირჩევთ, ყურადღება გაამახვილოთ ამ უკანასკნელის სწორად გაკეთებაზეც.
ხე: პირველი, რაც უნდა გაითვალისწინოთ, ხის ჯიშის შერჩევის შემდეგ, მისი ასაკია. მუქი ფერის ხე, როგორც წესი, მეტად ასაკიანი და გამძლეა. ისეთი ხე აირჩიეთ, რომლის წყლის შემცველობაც 20%-ზე ნაკლებია, რათა გარანტირებული იყოს მისი სიმტკიცე. დარწმუნდით, რომ იგი გამომშრალია, რომ ადვილად არ დალპეს.
ქვიშა და ხრეში: მშენებლობის პროცესში ქვიშისა და ხრეშის მნიშვნელობა განუსაზღვრელია. მათი ბუნებრივ მასალებთან არევა დადებითად მოქმედებს კედლის სიმტკიცეზე. გაუსუფთავებელი ქვიშისა და ცემენტის გამოყენება თქვენგან ზედმეტ ძალისხმევას მოითხოვს, ამიტომ, დაამუშავეთ ისინი და ისე გამოიყენეთ.