აქციები ბანკში, თვეში 13 ათასი ლარის შემოსავალი - რა ქონებას ფლობს გენინსპექციის უფროსი, რომლის სახელიც ფარულ აუდიოჩანაწერებში ფიგურირებს

ფარული ჩანაწერების გავრცელების სერია გრძელდება.ტელეკომპანია „რუსთავი2“-მა გუშინ ახალი აუდიო ჩანაწერი გაავრცელა, რომელშიც კვლავ დეპუტატ ვიქტორ ჯაფარიძისა და მირზა სუბელიანის საუბარია ჩაწერილი.

სწორედ გუშინ გავრცელებულ ფარულ აუდიოჩანაწერში გაიჟღერა ალექსანდრე ხოჯევანიშვილის სახელმა, რომელიც გენერალური ინსპექციის (დეპარტამენტი) უფროსია. ჩანაწერში სუბელიანი დეპუტატს მოუწოდებს, რომ ხოჯევანიშვილი ქონება ნახოს.

ალექსანდრე ხოჯევანიშვილს ბოლო ქონებრივი დეკლარაცია 2018 წლის 27 თებერვალს აქვს შევსებული. დეკლარაციის მიხედვით, მისმა შემოსავალმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის პოსტზე 2017 წლის 1-ლი იანვრიდან 15 ნოემბრის პერიოდში - 68 702,85 ლარი; ხოლო გენერალური ინსპექციის უფროსის თანამდებობაზე წინა წლის 18 ნოემბრიდან 31 დეკემბრის პერიოდში 13 494,55 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ქონებას, გენინსპექციის უფროსი ფლობს 100 კვ. მეტრის მიწის ნაკვეთს ბახმაროში; 292 კვადრატული მეტრისა და 909 კვ. მეტრი ფართობის ორ მიწის ნაკვეთს წავკისში; 104,3 კვ. მეტრის ბინას; 18 კვ.მეტრის ავტოფარეხს და 985 კვ.მეტრის მიწის ნაკვეთს თბილისში. მის საკუთრებაშია ასევე: 754 კვადრატული მეტრი ფართობის მიწის ნაკვეთი თბილისში, რომელიც 2017 წელს 144 538 ლარად აქვს ნაყიდი. როგორც დეკლარაციაშია აღნიშნული, 707კვ. მეტრი შეძენილია კერძო პირისგან, ხოლო 47კვ. მეტრი აუქციონის წესით. ამჟამად, რეგისტრირებულია რეესტრში ერთ ნაკვეთათ, შესაბამისად დაფიქსირებულია ჯამური თანხა.

გარდა ამისა, ალექსანდრე ხოჯევანიშვილი ფლობს მუსიკალურ ინსტრუმენტს - როიალს ''შრედერი'', რომელიც ჩუქებით აქვს მიღებული. ამასთან, მის საკუთრებაშია „ლიბერთი ბანკის“ 99 903 აქცია, რომელიც 2009 წელს 5 242,26 ლარად აქვს შეძენილი.

რაც შეეხება მის ფინანსურ მდგომარეობას, დეკლარაციის შევსების მომენტში, სხვადასხვა საბანკო ანგარიშზე ჯამში, 6 170.11 ლარი და 2 707,58 დოლარი ჰქონდა.

ალექსანდრე ხოჯევანიშვილს მეუღლე და ერთი შვილი ჰყავს. მისი მეუღლე ფლობს 51,39 კვადრატული მეტრი ფართობის ბინას ბაკურიანში; 2015 წლის გამოშვების მსუბუქ ავტომობილს BMW X5-ს, რომელიც 2015 წელს 22 000 დოლარად აქვს შეძენილი. ამასთან, მასვე დეკლარაციის შევსების მომენტში სხვადასხვა საბანკო ანგარიშზე ჯამში, 3 954.69 ლარი ჰქონდა. ამასთან, მისმა შემოსავალმა პრეზიდენტის ადმინისტრაციის კორესპოდენციის მართვის დეპარტამენტის უფროსის მოადგილის თანამდებობაზე გასული წლის განმავლობაში 45 813 ლარი შეადგინა.