"ლარის კურსი დოლართან მიმართებაში თონის პურის ფასის ანალოგიურად დგება"

ეკონომისტი ზვიად ხორგუაშვილი "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე ლარის გაუფასურების მიზეზებზე წერს.„ბიზნესპრესნიუსი" ეკონომისტის პოსტს უცვლელად გთავაზობთ:

"ვისაც აინტერესებს შედარებით ვრცლად, რა ჭირს ლარს (უკვე მერამდენედ) და რაშია გამოსავალი:

სხვა თანაბარ პირობებში, ლარის კურსი დოლართან მიმართებაში დგება პრინციპულად იგივენაირად, როგორც მაგალითად თონის პურის ფასი. მომხმარებლები რა ფასად რამდენს მოითხოვენ და მიმწოდებლები რა ფასად რამდენის მიწოდებისთვის არიან მზად. მასზე მოკლევადიან და გრძელვადიან გავლენას ახდენს რამდენიმე ფაქტორი. აქვე უნდა აღვნიშნოთ მთავარი - ის, რომ 1.65-დან მოვედით აქამდე 6 წლის მანძილზე პირდაპირ მიუთითებს იმისკენ, რომ გვაქვს არაპროფესიონალი, სუსტი და მავნებელი სამთავრობო პოლიტიკა და ქვემოთ ჩამოთვლილი მიზეზები ტექნიკური მიზეზები უფროა, საიდანაც თითქმის ყოველი პუნქტი პირდაპირ მთავრობის პასუხისმგებლობაა:

1) დოლარის შემოდინება და გადინება ქვეყანაში:

თანაბარ პირობებში, რაც მეტი დოლარი შემოდის, მით მეტად მყარდება ლარი. განვიხილოთ დოლარის შემოსვლის წყაროები ცალ-ცალკე:

- პირდაპირი უცხოური ინვესტიციები. მოცემული რიცხვის ფარდობა ეკონომიკასთან მიმართებაში ბოლო წლებია საშუალოდ 11%-ის ფარგლებშია (რაც ძალიან დაბალია). 2018 წლის ორი კვარტლის საშუალო კი 8.6%-ია. კიდევ უფრო დაბალი. როგორც ჩანს, იგივე ტენდენციაა მესამე კვარტალშიც;

- ექსპორტი. რაც მეტია ექსპორტი, მით მეტი დოლარი შემოდის ქვეყანაში. აქ მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ, რომ ერთია რამდენია ექსპორტი და მეორეა რამდენით იზრდება ექსპორტი. ომს თუ არ ჩავთვლით, ექსპორტი დაახლოებით 27-28%-ით იზრდებოდა. შემდეგ, 2014 წლიდან არა თუ ზრდის ტემპის, არამედ თვითონ ექსპორტის მკვეთრი შემცირება დაიწყო, რაც ერთ-ერთი მიზეზი იყო ლარის კურსის გაუფასურების. 2017 წელს ექსპორტი გაიზარდა 29%-ით, მაგრამ ის 2013 წლის რიცხვსაც ვერ დაეწია ამ ზრდით. 2018 წლის სამ კვარტალშიც მაღალია ზრდა 26%, თუმცა სექტემბერში ეს ტემპი 17%-ზეა დაცემული. შეიძლება ითქვას, რომ ერთ-ერთი ფაქტორი, რაც კურსზე მოქმედებს ვერ ეწევა გამოწვევას. ვინმემ რომ არ თქვას, კი მაგრამ ხომ იზრდება ექსპორტი და ეს კარგიაო, უნდა ავხსნათ, რომ ეს მიდგომა მცდარია. მთავარია სწორედ რამდენით იზრდება. საბჭოთა ეკონომიკაც იზრდებოდა, მაგრამ დასავლეთთან შედარებით წუმპე იყო;

- ტურიზმიდან შემოსული ფულადი ნაკადები. მოცემული რიცხვი ლარის გამყარების პერიოდში იზრდებოდა საშუალოდ 64%-ით. 2013 წელს ზრდა ჩამოვიდა 23%-მდე, 2014 წელს 4%-მდე, 2015 წელს 3%-მდე. 2016 წელს 12% იყო ზრდა, ხოლო 2017 წელს 30%; 2018 წლის პირველ ორ კვარტალში ტურიზმიდან წმინდა ფულადი ნაკადები ასევე დაახლოებით 30%-ით იზრდებოდა. როგორც ჩანს, ეს ზრდა კვლავ არაა საკმარისი იმისთვის, რომ არათუ ლარი გაამყაროს, არამედ გაუფასურება შეაჩეროს. ასევე, აღსანიშნავია, რომ ტურისტული სეზონის დამთავრებამაც შეიძლება გავლენა იქონიოს ლარის კურსზე;

- ფულადი გზავნილები სხვა ქვეყნებიდან. ეს ფაქტორი დიდ გავლენას ახდენს ქვეყანაში არსებულ დოლარის მასაზე. წარმოადგენს ეკონომიკის დაახლოებით 9%-ს. 2014 წლის ნოემბერში დაწყებული გაუფასურების ერთ-ერთი მიზეზი სხვა მიზეზებთან ერთად სწორედ გადმორიცხვების შემცირება იყო. აქაც, ზრდის ტემპის შემცირებაა. 2017 წელს თუ 20% იყო ზრდის ტემპი გადმორიცხვებში, ამჯერად 16%-ია პირველ 9 თვეში და თანაც ივლისიდან მოყოლებული უცხოური ვალუტის გზავნილები მესამე თვეა მცირდება;

ეს ოთხია ძირითადი წყარო ქვეყანაში დოლარის შემოსვლის. როგორც ვხედავთ, ოთხივეგან სატრაბახო მდგომარეობა არ გვაქვს. მეოთხე ნაწილი ცალსახად საგარეო ფაქტორია, თუმცა ირიბად ამის გამოსწორებაც შეუძლია მთავრობას ემიგრანტებზე ზრუნვით საგარეო ურთიერთობების მოქნილად გამოყენებით.

2) საქართველოში არსებული ლარის მასა:

საქართველოს ცენტრალური ბანკი განსაზღვრავს ქვეყანაში რამდენი ლარი უნდა იყოს მიმოქცევაში მონეტარული პოლიტიკის ხელსაწყოებით. ის აკონტროლებს ფულის მასას. ლარის მასა როცა იზრდება, ეს უარყოფიდან აისახება გაცვლით კურსზე და ინფლაციაზე, ხოლო როცა ფულის მასა არ იზრდება ან მცირდება, დადებითად აისახება ფულის მასაზე. მაგალითად, M1 აგრეგატი 465 მლნ ლარითაა გაზრდილი 2018 წლის იანვრიდან მოყოლებული, ხოლო M2 აგრეგატი 734 მლნ ლარით (9%-ით). ეს საკმაოდ დიდი ზრდაა და ერთ-ერთი მიზეზი ინფლაციისა და კურსის გაუფასურების შეიძლება ესეც იყოს. აქ ხელი ერ.ბანკისკენ თამამად შეგვიძლია გავიშვიროთ;

3) მოლოდინები:

მოლოდინებს ვერ გაზომავ, მაგრამ ელემენტარულია, რომ მოლოდინები გავლენას ახდენს ფასებზე. იგივეა გაცვლით კურსთან დაკავშირებით. თუ ველოდები, რომ ლარი გაუფასურდება, ყიდულობთ დოლარს, რადგან არ იზარალოთ და მეტიც, საბოლოოდ იხეიროთ. ეს კი თავისთავად ნიშნავს ლარზე მოთხოვნის კლებას და მის გაუფასურებას. ეს ხდება ხშირად. ეს მოხდა რამდენიმე თვის წინად, როდესაც თურქეთის პროცეზებთან დაკვშირებული პანიკა საქართველოზეც გადმოვიდა და ეს გარკვეულ გავლენას ახდენს ახლაც, როცა არჩევნებს ელოდება ამომრჩეველი და რისკები შედარებით მაღალია;

4) ბიუჯეტის არათანაბარი ხარჯვა:

რამდენჯერაც მთავრობამ განახორციელა ბიუჯეტის დეფიციტური ხარჯვა, მოკლევადიან პერიოდში იმდენჯერ გააუფასურა ლარის კურსი. სრულიად შესაძლებელია მოცემულ ფაქტორს ახლაც უკავშირდებოდეს დღევანდელი სიტუცია. პირველი 8 თვის მანძილზე მთავრობამ ვერ აითვისა ბიუჯეტი იმ ოდენობით, რასაც გეგმავდა და მომავალი 4 თვე დასახარჯი აქვს თვეში 400 მლნ ლარით მეტი. ეს კი ჯამურად 1.6 მლდ "ზედმეტი" თანხაა. ბაზარზე მოკლევადიან პერიოდში ლარის მასა მკვეთრად იზრდება და უარყოფითად აისახება ლარის კურსზე (უნდა აღინიშნოს, რომ გრძელვადიან პერიოდში რამდენად ახდენს გავლენას კურსზე ეს საკამათოა);

5) ბოლოდროინდელი მთავრობის თავგასული რეგულაციები:

იმის მიუხედავად, რომ ლარზე ძირითადად დოლარის და ლარის მასა მოქმედებს, როგორც აღვნიშნეთ, არის კიდევ რიგი ფაქტორები, როგორიცაა მოლოდინები და რისკების შეფასება. ამ მხრივ, მთავრობამ განსაკუთრებულად უარყოფითი გავლენა იქონია ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაზე. ყოველწლიურად მთავრობა გვთავაზობდა მავნებლურ ეკონომიკურ პოლიტიკას, მაგრამ 2018 წელს პიკს მიაღწია. ამის მაგალითია ე.წ. სავალდებულო საპენსიო რეფორმა და საბანკო რეგულაციები.

აქვე ისიც უნდა აღინიშნოს, რომ მთავრობა ხშირად დოლარიზაციის მაჩვენებელს აბრალებდა და დედოლარიზაციის პოლიტიკაზე საუბრობდა და უამრავი მავნებლური რეგულაცია მიიღო. სინამდვილეში დოლარიზაცია არის შედეგი და არა მიზეზი. თუ ვნახავთ, ლარი როცა მყარდება დოლარიზაციის მაჩვენებელი მცირდება და როცა უფასურდება დოლარიზაციის მაჩვენებელი იზრდება და არა პირიქით. ახლაც იგივეა. ასევე, დოლარიზაციაში ცუდი და საშიში არაფერი არ არის!

გამოსავალი:

- მოკლევადიანი გამოსავალი არის ბიუჯეტის თანაბარი ხარჯვა და მორჩენილი თანხით მაკროეკონომიკური მაჩვენებელების გასწორება. მაგალითად, ვალის გასტუმრება ან დეფიციტის შემცირება;

- გრძელვადიანი და ძირითადი გამოსავალი კი არის რეგულაციების უკან წაღებაში, გადასახადების შემცირებაში და რაც შეიძლება მეტი ლიბერალური ნაბიჯის გადადგმაში + სასამართლოს რეფორმა.

საუკეთესო გამოსავალი თავისუფალი სავალუტო სისტემის შემოღებაა. ეს ნიშნავს დოლარიზაციას/ევროიზაციას. ეს ხსნის სავალუტო რისკებს, ინფლაციის რისკს და სხვა მრავალ პრობლემას, რაც ახლავს თან ლარს. შესაძლებელია ამან სრულად არ დაგვიცვას ქვეყნის მთლიანი შემოსავლების/შემოსულობების კლებისგან, მაგრამ საუკეთესო გამოსავალი მაინც დოლარიზაციაა.

ამ ყველაფრის რესურსი სამწუხაროდ ამ მთავრობას არ გააჩნია,"-წერს ხორგუაშვილი.