რა გვიჯდება ხელისუფლების შენახვა?

საქართველოს ბიუჯეტის 20-23% ხელისუფლების შენახვაში იხარჯება. 2019 წლის ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, ჩინოვნიკების ხელფასებსა და სხვა მომსახურებაზე 2, 6 მლრდ ლარი დაიხარჯება.

თუ ამას სახელმწიფო სსიპ-ებსა და ა(ა)იპ-ებს დავუმატებთ, ამ ხარჯმა შესაძლოა, 3 მლრდ-ს მიაღწიოს.

2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი 12 729 700 000 ლარით არის განსაზღვრული. ეს ქვეყნის მთავარი ფინანსური დოკუმენტის პირველადი ვარიანტიაა, რომელიც მთავრობიდან პარლამენტში უკვე შევიდა.

აღსანიშნავია, რომ მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტით საბიუჯეტო ორგანიზაციებში შრომის ანაზღაურებაზე - 1 473 769 700 ლარი; საქონელსა და მომსახურებაზე კი 1 193 968 100 ლარია გათვალისწინებული.

ცნობისთვის, 2018 წლის ბიუჯეტის გეგმით, შრომის ანაზღაურებაზე - 1 413 619 100 ლარი; საქონელსა და მომსახურებაზე კი 1 201 306 100 ლარია გათვალისწინებული; 2017 წლის ბიუჯეტის შესრულების მაჩვენებლებით კი - საბიუჯეტო ორგანიზაციებში შრომის ანაზღაურებაზე - 1 385 370 000; საქონელსა და მომსახურებაზე - 1 248 448 000 ლარი დაიხარჯა.

შესაბამისად, ქვეყნის მთავარი ფინანსური დოკუმენტის მიხედვით, 2017 წლის ბიუჯეტის შესრულების მაჩვენებლის მიხედვით, ხელისუფლების შენახვაზე ჯამში, 2 633 818 000 ლარი დაიხარჯა; 2018 წლის ბიუჯეტის გეგმით - 2 614 925 200 ლარი; ხოლო 2019 წლის ბიუჯეტით - 2 667 737 800 ლარია გათვალისწინებული.

გამოდის რომ, ბიუჯეტის პირველადი პროექტის თანახმად, ხელისუფლების შენახვაზე მომავალ წელს ბიუჯეტის დაახლოებით, 21% დაიხარჯება; 2017 წელს - ხელისუფლების შენახვაზე გაწეულმა ხარჯებმა მთელი ბიუჯეტის 23% შეადგინა; მიმდინარე წლის ბიუჯეტის პროექტის მიხედვით კი - დაახლოებით 21%-ის დახარჯვაა გათვალისწინებული.

აღსანიშნავია ისიც, რომ 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პირველადი პროექტის თანახმად, საბიუჯეტო ორგანიზაციებში დასაქმებულთა რაოდენობა მცირდება. კერძოდ, 2018 წელს დასაქმებულთა რიცხვი 113 613 ადამიანს შეადგენს, მომავალი წლის საბიუჯეტო გეგმით კი 112 100 ადამიანი იქნება, რაც იმას ნიშნავს, რომ 1 513 დასაქმებული სამსახურის გარეშე დარჩება.

რაც შეეხება სსიპ-ებსა და ა(ა)იპ-ებს, 2019 წლის ბიუჯეტის პირველად პროექტში ამის შესახებ ინფორმაცია ფინანსთა სამინისტროს ვებ-გვერდზე ჯერჯერობით გამოქვეყნებული არ არის. 2017-2018 წლებში კი სსიპ-ებსა და აიპ-ებში დასაქმებულთა ხელფასებზე, საქონელსა და მომსახურებაზე 1,246-1,270 მლრდ ლარი იყო გათვალისწინებული.