თბილისის მერიამ ვახუშტის ხიდის რეაბილიტაციისთვის ტენდერი გამოაცხადა.სატენდერო პირობების თანახმად, წინადადებების მიღება 8 ნოემბერს დაიწყება და 13 ნოემბერს დასრულდება. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება კი 2 394 670 ლარია.
„ხიდზე გათვალისწინებულია ახალი კონსტრუქციის სავალი ნაწილის, სადეფორმაციო ნაკერებისა და რკინაბეტონის თვალამრიდების მოწყობა, ხიდის სადეფორმაციო ნაკერებიდან წყლის მომცილებელი სისტემის, დაზიანებული და ჩამოტეხილი საკარადე კედლების რეაბილიტაცია, არსებული განათების ბოძების მხოლოდ გაწმენდა და შეღებვა, გადახრილი საყრდენი ნაწილების გასწორება დასაშვებ სიდიდემდე, სანაპირო ბურჯების დანაგვიანებული შიგნითა სივრცის გასუფთავება და ხიდის მისასვლელებზე ახალი სანიაღვრე ჭებისა და ჭების დამაკავშირებელი პოლიეთილენის წყალმომცილებელი მილების მოწყობა,“-აღნიშნულია სატენდერო დოკუმენტაციაში.
სატენდერო პირობების თანახმად, სამუშაოების მიწოდების ვადად წერილობითი დავალების მიცემიდან 150 კალენდარული დღეა განსაზღვრული.