1-ლი ნოემბრიდან სესხებზე ახალი რეგულაციების ამოქმედების შედეგად, ბაზრიდან გარკვეული ტიპის სესხები გაქრება.აღნიშნულის შესახებ ბანკების ასოციაციის პორეზიდენტმა ალექსანდრე ძნელაძემ რადიო „პალიტრას“ გადაცემაში „საქმე“ განაცხადა.
მისივე თქმით, ამ დებულების ამოქმედება გარკვეულწილად შეზღუდავს ბანკების საქმიანობას და შედეგად, იმ მომხმარებელთა 40-50%, ვინც სესხს იღებდა, სესხის მიღებას ვეღარ შეძლებს.
„კომერციულ ბანკებს ამ ეტაპზე 1-ლი ნოემბრის რეგულაციებზე უფრო უწევთ რეაგირება, რომ სხვადასხვა პროდუქტის გადაწყობა მოხდეს. თუმცა, ყველა პროდუქტი ვერ გადაეწყობა ახალი დებულების მიხედვით და სავარაუდოდ, რაღაც გარკვეული მიმართულებები გაჩერდება. რეალურად რაღაც პროდუქტები აღარ იქნება. კონკრეტულად რა პროდუქტები ამის თქმა რთულია, რადგან ყველა ბანკი ინდივიდუალურად გადაწყვიტავს, რომელი სესხი დატოვოს და რომელი არა. მაგრამ შესაძლოა მცირე თანხებზე ძალისხმევის ჩადება ბანკებისთვის და სხვა საკრედიტო ორგანიზაციებისთვის საინტერესო აღარ იყოს. შესაბამისად, შესაძლებელია, ერთგვარი სწრაფად გასაცემი სესხები აღარ იყოს,“-აღნიშნა ძნელაძემ.
მისივე თქმით, არ არის გამორიცხული პირველ ეტაპზე, გარკვეული პერიოდით სესხები გაძვირდეს. ალექსანდრე ძნელაძის შეფასებით, თუ აღნიშნული დებულება ამ რედაქციით შევა ძალაში, სამომხმარებლო სესხების პორტფელი 30%-ით, იპოთეკური სესხების კი 3-4%-ით შემცირდება.
როგორც ცნობილია, 2018 წლის 1-ლი ნოემბრიდან კომერციული ბანკებისთვის ძალაში შედის „ფიზიკურ პირებზე სესხების გაცემის შესახებ დებულება", რომელიც ეროვნულმა ბანკმა მოამზადა. ახალი რეგულაციების მიხედვით, ბანკებს მსესხებლის, გადახდისუნარიანობის დეტალურად შესწავლის ვალდებულება ექნებათ. ასევე, თავდები პირის შემოსავლების შემოწმებაც სავალდებულო გახდება. ამასთან, ამ დებულებით განსაზღვრულია, თუ რა მოცულობის თანხის გადახდა მოუწევთ ყოველთვიურად მსესხებლებს საკუთარი შემოსავლიდან გამომდინარე.
გარდა ამისა, როგორც დებულებაშია აღნიშნული, 1-ლი ნოემბრიდან პირი, რომელსაც ერთზე მეტი საცხოვრებელი არ ექნება, უძრავი ქონებით უზრუნველყოფილი სესხის აღებას ვეღარ შეძლებს. ასევე თუ თანამსესხებელი თქვენი ოჯახის წევრი არ იქნება, სესხს ვეღარ აიღებთ.. ამასთან, იცვლება სესხის გაცემის ვადებიც. კერძოდ, იპოთეკური სესხის მაქსიმალურ ვადად - 15 წელი, უძრავი ქონებით უზრუნველყოფილი სამომხმარებლო სესხზე - 10 წელი, სატრანსპორტო სესხის შემთხვევაში - 6 წელი, სხვა დანარჩენი სესხებისთვის კი მაქსიმალურ ვადად - 4 წელია განსაზღვრული.