„ომეგა ჯგუფს“ წარმოების განახლების უფლება მიეცა

„ომეგა ჯგუფს“ წარმოების განახლების უფლება მიეცა. ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსს“ ფინანასთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურში განუცხადეს.

„ომეგა ჯგუფმა“ შემოსავლების სამსახურს წარმოების განახლების ნებართვა სთხოვა, რაც ნაწილობრივ დავუკმაყოფილეთ. კომპანიამ ბიუჯეტში 1 მლნ ლარის ოდენობის თანხა გადაიხადა და ამით, ბიუჯეტის წინაშე არსებული დავალიანება აწილობრივ დაფარა. ამასთან, კომპანიამ  კანონმდებლობით დადგენილი წესით აქციზური მარკებიც შეიძინა. გარდა ამისა, კომპანიამ უახლოეს დღეებში უნდა წარმოადგინოს ვალდებულებების დაფარვის ახალი გრაფიკის გეგმა,“-აღნიშნა შემოსავლების სამსახურის  საზოგადოებასთან ურთიერთობის და მარკეტინგის დეპარტამენტის უფროსმა ხატია მოისწრაფიშვილმა.

მისივე ცნობით, ოფიციალურ განცხადებას შემოსავლების სამსახური უახლოეს პერიოდში გაავრცელებს.

„ბიზნესპრესნიუსი“ ომეგა ჯგუფის“ თანამშრომლებსაც დაუკავშირდა, რომელთაც პირად საუბარში აღნიშნეს, რომ დეტალური ინფორმაცია არ აქვთ, ასევე დაზუსტებით არ იციან დააბრუნებენ თუ არა ყველას სამსახურში, თუმცა, უთხრეს, რომ „კარგი ამბები იქნებოდა“.

შეგახსენებთ, რომ შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, 2015 წელს, „ოჯთ“-იმ ბიუჯეტში გადაიხადა 35 203 170 ლარი, მაგრამ არ გადაუხდია 1 358 919 ლარი, რომელზე დარიცხულმა საურავმაც შეადგინა 134 371 ლარი. საგადასახადო დავალიანება 2015 წლის ბოლოსთვის შეადგენდა 1 486 696 ლარს.

2016 წელს, შპს „ოჯთ“-ის მიმართ რიცხულმა საურავმა შეადგინა 2.143.845 ლარი; 2016 წელს წარდგენილი დეკლარაციების საფუძველზე კომპანიას დაერიცხა ძირითადი გადასახადი 20,880,470 ლარი, მაგრამ გადაიხადა მხოლოდ 2,099,350 ლარი, შესაბამისად გადაუხდელ თანხაზე დარიცხული საურავების გათვალისწინებით, 2016 წლის ბოლოსთვის აღიარებულმა საგადასახადო დავალიანებამ შეადგინა 21,679,836 ლარი.

დეკლარირებული თანხების გადაუხდელობით ანალოგიურად გაიზარდა საგადასახადო დავალიანება 2017 წლის განმავლობაში, კერძოდ, დაადეკლარირა ანუ აღიარა 19,973,500 ლარი, მაგრამ გადაიხადა მხოლოდ 12,868,653 ლარი.

2017 წლის ბოლოსთვის, გადაუხდელ თანხაზე დარიცხული საურავების გათვალისწინებით, აღიარებულმა საგადასახადო დავალიანებამ შეადგინა 33,411,299 ლარი.

2018 წლის მანძილზე დაადეკლარირა ანუ აღიარა 16,076,671 ლარი, ხოლო ბიუჯეტში გადაიხადა მხოლოდ 1,214,785 ლარი.

სულ, 2016 წლიდან დღემდე, ბიუჯეტში გადახდილია 16,182,788 ლარი. დღეის მდგომარეობით, კომპანიის პირადი აღრიცხვის ბარათზე არსებული აღიარებული საგადასახადო დავალიანება შეადგენს 52,830,844 ლარს.