სახელმწიფო მოხელეების ხელფასების, ქონებრივი მდგომარეობის საკითხი მუდმივად განხილვის საგანია.„ბიზნესპრესნიუსი“ ამჯერად დეპუტატ ირმა ნადირაშვილის ქონებრივი მდგომარეობის შესახებ გთავაზობთ ინფორმაციას.
დეპუტატმა დეკლარაცია ბოლოს, რამდენიმე დღის წინ, მიმდინარე წლის 30 ოქტომბერს შეავსო. როგორც დეკლარაციიდან ირკვევა, ირმა ნადირაშვილი და მისი მეუღლე დეკლარაციის შევსების მომენტში სხვადასხვა ღირებულების კრიპტოვალუტას ფლობდნენ. მათ შორის, ირმა ნადირაშვილმა გასულ წელს 20 დოლარად 20 ცალი etherium-ი შეიძინა.
რაც შეეხება მის ქონებრივ მდგომარეობას, როგორც დეკლარაციიდან ირკვევა, დეპუტატი ფლობს 56 კვადრატული მეტრი ფართობის ბინას თბილისში და 44 კვ. მეტრის ბინას ბათუმში, რომელიც 2012 წელს 22 000 დოლარად აქვს შეძენილი.
მასვე დეკლარაციის შევსების მომენტში სხვადასხვა საბანკო ანგარიშზე 7,270.74 ლარი და 42 დოლარი ჰქონდა. ამასთან, ნადირაშვილის შემოსავალმა 2017 წელს პარლამენტის წევრობისას 62 373 ლარი შეადგინა. აღსანიშნავია, რომ დეპუტატმა წინა წელს ბინების გაქირავებით ჯამში, 23 375 ლარის შემოსავალი მიიღო.
ირმა ნადირაშვილს ჰყავს მეუღლე და 1 შვილი. მისი მეუღლე დავით დაღელაშვილი ფლობს 188 კვადრატული მეტრი ფართობის საცხოვრებელ სახლსა და 146 კვ. მეტრის ბინას თბილისში; ასევე 387 კვ. მეტრის მიწის ნაკვეთს შინდისში. გარდა ამისა, მის საკუთრებაშია, მსუბუქი ავტომობილი „ტოიოტა პრიუსი“, რომელიც 2017 წელს 19 000 ლარად შეიძინა.
როგორც ქონებრივ დეკლარაციაშია მითითებული, დაღელაშვილი ფლობს ასევე 2016 წელს 5 000 ევროდ შეძენილ 7 ათას ერთეულ და 2 500 ევროდ შეძენილ 100 ათას onecoin-ს, ასევე 4 ცალ bitcoin-ს, რომელიც 2016 წელს 2 800 დოლარად აქვს შეძენილი.
დეკლარაციის მიხედვით, დეპუტატის მეუღლე დავით დაღელაშვილი არის შპს „ჰოტელს დეველოპმენტ კომპანის“ 20%-იანი და შპს „საშუამავლო ჯგუფი საქართველოს“ 2%-იანი წილის მფლობელი, თუმცა, საწარმოთა საქმიანობით, წინა წელს შემოსავალი არ მიუღია. ამასთან, მისმა შემოსავალმა „გრინ სერვისში“ მუშაობისას გასულ წელს 3 150 ლარი შეადგინა. გარდა ამისა, როგორც დეკლარაციაშია აღნიშნული, დაღელაშვილმა წინა წელს, კრიპტოვალუტების საშუალებით 30 000 დოლარის შემოსავალი მიიღო.