„ხანდაზმულობის გასვლით მოვალე ვალდებულებისგან თავისუფლდება“

ბევრი საუბრობს იმაზე, რომ ხშირად ფინანსური ინსტიტუტები ხანდაზმულ სესხებს აცოცხლებენ.

რა არის სესხის ხანდაზმულობა და რა შედეგებს იწვევს მისი ვადის გასვლა? რა მომენტიდან აითვლება ხანდაზმულობის ვადის დინება? რა სახის მოთხოვნებზე არ ვრცელდება კანონმდებლობით დაწესებული შეზღუდვა - ხანდაზმულობის ვადა? რა შეზღუდვას ითვალისწინებს კანონმდებლობა კრედიტორის მოთხოვნის მიმართ - ამ საკითხებს საადვოკატო ბიურო OK&CG-ს იურისტები განმარტავენ.

ბიუროს წარმომადგენელთა განმარტებით, „ხანდაზმულობა“ სამოქალაქო სამართალში გამოხატავს იმ აზრს, რომ რომელიმე ურთიერთობას, მდგომარეობას, მოვლენას ადგილი ჰქონდა იმდენად დიდი ხნის წინ, რომ ხანგრძლივი დროის გასვლა განსაზღვრული სახით გავლენას ახდენს პირთა უფლებებსა და ვალდებულებებზე. სასარჩელო ხანდაზმულობაში იგულისხმება დრო, რომლის განმავლობაშიც პირს, ვისი უფლებებიც დარღვეულია, შეუძლია, მოითხოვოს თავისი უფლების იძულებით განხორციელება ან დაცვა.

„ხანდაზმულობა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან. მოთხოვნის წარმოშობის მომენტად ჩაითვლება დრო, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ.

ხანდაზმულობის მიზანი მოვალის დაცვა და დროის გასვლის გამო მტკიცების სირთულეებისგან მისი გათავისუფლებაა. დაცულია ასევე მოვალის ნდობა, რომ მოთხოვნის უფლებები მის წინააღმდეგ არ იქნება გამოყენებული.

საერთო ვადა მოთხოვნის წარდგენისათვის 10 წელს შეადგენს. მოთხოვნის საერთო ვადის დადგენა განპირობებულია იმ გარემოებით, რომ კრედიტორის მხრიდან მოთხოვნის უფლების მიმნიჭებელი გარემოებების შესახებ ცოდნის (ან უხეში გაუფრთხილებლობით — არცოდნის) სუბიექტური კრიტერიუმი არ იწვევდეს ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლების ფაქტობრივ ხანდაზმულობაუუნარობას. მოთხოვნის დროში შეზღუდვა სამოქალაქო ბრუნვისა და კერძო სამართლებრივ ურთიერთობათა სტაბილურობას ემსახურება,“-აღნიშნავენ ბიუროში.

მათივე ცნობით, სახელშეკრულებო მოთხოვნებზე სამოქალაქო კოდექის შესაბამისად 3 წლიანი ხანდაზმულობის ვადაა დადგენილი, რომელიც ზოგადია და ყველა სახელშეკრულებო მოთხოვნებისათვის გამოიყენება, თუ კანონით სპეციალური ვადა არ არის გათვალისწინებული.

„ხოლო უძრავ ნივთებთან დაკავშირებულ სახელშეკრულებო მოთხოვნებზე ხანდაზმულობის ვადა ექვსი წლით განისაზღვრება და იგი უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების დადგენის, უფლების გადაცემისა ან გაუქმების მოთხოვნებისთვის გამოიყენება.

სპეციალური მოწესრიგების საგანს წარმოადგენს პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებებიდან წარმოშობილი მოთხოვნები, რომლისთვისაც ხანდაზმულობის სამწლიანი ვადაა გათვალისწინებული. ვალდებულების პერიოდულად, დროის განსაზღვრულ შუალედებში (მაგ. ყოველ თვე, კვარტალში ერთხელ, თვის კონკრეტულად განსაზღვრულ კალენდარულ დღეს) შესრულების დადგენა მოთხოვნის უფლებას ცალკეულად, ყოველი შესრულებისათვის დამოუკიდებლად წარმოშობს და შესაბამისად, ხანდაზმულობის ვადაც კონკრეტული შესრულების დარღვევიდან აითვლება.

სამოქალაქო კოდექსი აგრეთვე ითვალისიწნებს ხანდაზმულობის ვადის შეჩერებას. ხანდაზმულობის ვადის დენა ჩერდება, თუ: ა) ვალდებულების შესრულება გადავადებულია აღმასრულებელი ხელისუფლების მიერ (მორატორიუმი); ბ) სარჩელის წარდგენას აბრკოლებს განსაკუთრებული და მოცემულ პირობებში აუცდენელი დაუძლეველი ძალა; გ) კრედიტორი ან მოვალე იმყოფება შეიარაღებული ძალების იმ ნაწილში, რომელიც გადაყვანილია საომარ მდგომარეობაში და დ) კანონით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.

ხანდაზმულობის ვადები და მათი გამოთვლის წესი ლიტერატურაში შეფასებულია, როგორც იმპერატიული ნორმა, რაც შესაბამის მხარეებს არ აძლევს უფლებას, შეთანხმების გზით ან რაიმე სხვა ფორმით ხანდაზმულობის ვადები ან მათი გამოთვლის წესი შეცვალონ (გაზარდონ, შეამცირონ).

გასათვალისიწნებელია ის გარემოება, რომ მოთხოვნა მაშინ ითვლება ხანდაზმულად, როდესაც ხანდაზმულობის ვადის დენის შეჩერების, შეწყვეტისა და სხვა შემაფერხებელი გარემოებების გარემობების მიუხედავად ხანდაზმულობის შესაბამისი ვადა გასულია. ხანდაზმულობის ვადის გასვლა თავად მოთხოვნას არ აუქმებს, ის უბრალოდ მოვალეს შესაძლებლობას აძლევს, რომ უარი თქვას მოთხოვნის შესრულებაზე,“-აღნიშნავენ OK&CG-ს იურისტები.