ნახევარ მილიონამდე მსესხებელს საქართველოში, დასაქმებით ან სხვა ფორმით მიღებული შემოსავალი საერთოდ არ უფიქსირდება

„ნახევარ მილიონამდე მსესხებელს საერთოდ არ უფიქსირდება დასაქმებით ან სხვა ფორმით მიღებული შემოსავალი“. ამის შესახებ ეროვნული ბანკის 2017 წლის ანგარიშშია აღნიშნული.

სებ-ი აღნიშნულ მონაცემებს შემოსავლების სამსახურის ინფორმაციაზე დაყრდნობით ავრცელებს, თუმცა, იქვე აღნიშნავს, რომ მსესხებელი შესაძლოა, სესხის დაფარვის წყაროდ მიღებულ ფულად გზავნილებს ან სხვა არადეკლარირებულ შემოსავალს იყენებდეს.

ამასთან, დოკუმენტის თანახმად, ბოლო წლებში, დაკრედიტებაში გაზრდილია ფიზიკური პირების სესხების წილი, რაც პოტენციურად მოსახლეობის ჭარბვალიანობის რისკებს ზრდის. როგორც ეროვნულ ბანკშის ანგარიშშია აღნიშნული, ამ კუთხით არსებული მდგომარეობის შესასწავლად, კომერციული ბანკებისა და 5 მსხვილი მიკროსაფინანსო ორგანიზაციიდან მოგროვდა მიკრო მონაცემები ინდივიდუალურ მსესხებლებზე. ასევე, შესწავლილ იქნა მსესხებლების შემოსავლები და საკრედიტო ისტორია.

აღსანიშნავია, რომ ანგარიშის მიხედვით, იმ მსესხებლების 45 პროცენტს, რომელთაც შემოსავალი არ უფიქსირდებათ, ვალდებულებებზე მიმდინარე ვადაგადაცილება აქვს.

„ეს სესხები უმეტესად მცირე მოცულობისაა. კრედიტის თანხის მიხედვით განაწილებას თუ შევხედავთ, რაოდენობრივად მსესხებლების უმეტეს ნაწილს 2,500 ლარამდე სესხი აქვს, მაგრამ კრედიტორების ჯამურ პორტფელს ძირითადად 2,500 ლარზე მეტი მოცულობის სესხები ქმნის. კრიტიკულად მაღალი ვადაგადაცილებები მცირე თანხებშია, თუმცა, მდგომარეობას ამძიმებს ის ფაქტი, რომ ეს ვადაგადაცილებები მსესხებლების დიდ ნაწილს ეხება.

ამ მოცემულობით, ფინანსური ინსტიტუტებისთვის მაღალი საკრედიტო დანაკარგების რისკი, და, შესაბამისად, ფინანსური სტაბილურობის პირდაპირი საფრთხე ამ ეტაპზე დაბალია. მაგრამ, საყურადღებოა, რომ ყალიბდება ფინანსური პრობლემების მქონე მოსახლეობის მზარდი მასა, რომელსაც ეზღუდება წვდომა საბანკო ანგარიშებზე და უმცირდება ფორმალური ეკონომიკური აქტივობის მოტივაცია, რაც ნეგატიურად აისახება მოსახლეობის ამ ნაწილის კეთილდღეობასა და, საბოლოოდ, გრძელვადიან ეკონომიკურ ზრდაზე,“-აღნიშნულია ეროვნული ბანკის წლიურ ანგარიშში.

შეგახსენებთ, რომ სწორედ პასუხისმგებლიანი დაკრედიტების დანერგვას ემსახურება, სებ-ის მიერ დაანონსებული რიგი რეგულაციები, რომელიც ფიზიკურ პირებზე სესხის გაცემისას მომავალი წლის იანვრიდან ამოქმედდება. მათ შორის, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ცვლილებაა, რომ სესხის გამცემ სუბიექტებს მსესხებლის შემოსავლების დადასტურება/შეფასების გარეშე სესხის გაცემის უფლება არ ექნებათ.