რიყის პარკში შესაძლოა, მზის პანელები დამონტაჟდეს - ამ იდეას თბილისის მერს მოქალაქე სთავაზობს.
იდეის ავტორი წერს, რომ რიყეზე, სადაც დღის განმავლობაში უარავი ადამიანი დადის, მისაღები იქნებოდა რამდენიმე ადგილზე მზის პანელების დამონტაჟები დასაჯდომი ადგილებით.
რაც შეეხება სარგებელს, ავტორის თქმით, ამით მოხდება ტურისტებში და მოსახლეობაში მზის ენერგიის პოპულარიზაცია და ცოდნის ამაღლება.
„ქვეყანას სჭირდება რაც შეიძლება მეტი ენერგია და ყველა ადამიანი, ვინც კი მაგ ტერიტორიაზე გაჩერდება, დააკვირდება ნეტო აღრიცხვის სისტემას. ასევე ჩართული იქნება მონიტორი, სადაც აღირიცხება რამდენი დენი მიყიდა ქსელს და რა სარგებელი მიიღო“, - წერს ავტორი.
მისივე პოზიციით, ადგილზე დამონტაჟდება სწრაფდამტენი USB პორტები, რომ ტურისტებმა დატენონ ტელეფონები. ასევე,
განთავსდება დასაჯდომი ადგილები და ღამით ლედ ნათურებით განათდება ტერიტორია.
შეგახსენებთ, რომ თბილისის მერიის ვებგვერდზე ქალაქის განვითარების შესახებ მოქალაქეთა იდეების მიღება მიმდინარეობს. ამ ეტაპზე ვებგვერდზე 282 მიმდინარე, 225 დაბლოკილი, 465 არშემდგარი იდეა ფიქსირდება. 13 იდეა განხილვის პროცესშია, ორი უკვე შეთანხმებული, 1 კი უარყოფილია.