მიკროსაფინანსო ორგანიზაციები ბაზარს ტოვებენ, ბანკები კი სერვის-ცენტრებს აუქმებენ - რა ხდება საფინანსო ბაზარზე

მიკროსაფინანსო ორგანიზაციების შემცირების ტენდენცია გრძელდება. ბოლო ერთი თვის განმავლობაში ბაზარი სამმა ორგანიზაციამ დატოვა.

საქართველოს ეროვნული ბანკის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული სტატისტიკის მიხედვით, წინა წლის ოქტომბერთან შედარებით ბაზარზე მისო-ების რაოდენობამ 12 ერთეულით დაიკლო. დღეს ქვეყანაში 67 მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ოპერირებს. (2017 წლის ოქტომბერი - 79 ორგანიზაცია).

ამასთან, ბოლო ერთი წლის განმავლობაში შემცირდა კომერციული ბანკების სერვის-ცენტრების რაოდენობაც. თუ 2017 წლის ოქტომბრის მონაცემით საქართველოში კომერციული ბანკების 843 სერვის-ცენტრი მოქმდებდა, წელს ოქტომბერში ეს რაოდენობა 799-მდე შემცირდა. უცვლელია ბანკების ფილიალების რაოდენობა, 2018 წლის  ოქტომბერში  წინა  წლის  ანალოგიურ პერიოდთან შედარებით საქართველოში კომერციული ბანკების 134 ფილიალი მოქმედებდა. დღეს ქვეყნაში 15 კომერციული ბანკი ოპერირებს.

საანგარიშო პერიოდში 88 ერთეულით შემცირდა ვალუტის გადამცვლელი პუნქტების რაოდენობაც. თუ 2017 წლის ოქტომბერში ბაზარზე ვალუტის გადამცვლელი  1 113 პუნქტი ოპერირებდა, ახლა მათი რაოდენობა 1 030-ს შეადგენს.